პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე გამოსვლისას, ბოლო წლებში ქვეყანაში არსებულ პროგრესზე ისაუბრა. პრემიერი კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებს უმეტესწილად სწორად ასახელებს, თუმცა მნიშვნელოვან გარემოებებს უგულებელყოფს, რითაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპსა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გადაჭარბებულად და შთამბეჭდავად წარმოაჩენს.

განცხადება: 2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს შეადგენს.

2021 წელს მშპ-ის ზრდის ტემპმა 10.6% შეადგინა, 2022 წელს 11% და 2023 წელს - 7.5%. მათი საშუალო მართლაც უდრის 9.7%-ს, თუმცა პრემიერმა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უგულებელყო: პოსტპანდემიური პერიოდი და რუსეთ-უკრაინის ომი.

2020 წელს, კოვიდრეგულაციების გამო, ეკონომიკა, 1994 წლის შემდეგ, ყველაზე მეტად, - 6.3%-ით შემცირდა, მომდევნო 2021 წლის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი დროებით დახურული ბიზნესების თავიდან გახსნამ შეასრულა. 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა.

განცხადება: სახელმწიფო ვალი შემცირდა 39.3%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი - მხოლოდ 2.5%-მდე.

დასახელებული რიცხვები, 2023 წლის მდგომარეობით, ნომინალურად სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ეს მონაცემები პანდემიამდელ მაჩვენებლებს უთანაბრდება. ზოგადად, თავისუფლების აქტი სახელმწიფო ვალის მშპ-ის 60%-ზე მეტად ზრდას კრძალავს და ბიუჯეტის დეფიციტის ზედა ზღვრად 3%-ს აწესებს. კოვიდის დროს ვალმა 60%-ს მიაღწია და დეფიციტმა 8%-ს გადააჭარბა, თუმცა საგამონაკლისო წესის თანახმად, ეს გადაჭარბება დარღვევა არ ყოფილა. პოსტპანდემიურ პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდის, მაღალი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის გარკვეულწილად გამყარების ფონზე, ბუნებრივია, ვალის ფარდობითი მაჩვენებელი, მ.შ ტექნიკური მიზეზებით, შემცირდა, დასტაბილურდა ბიუჯეტის დეფიციტიც.

განცხადება: საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, რაც ცალსახად მიუთითებს მის ეკონომიკურ სტაბილურობაზე.

2023 წელს ინფლაციის განაკვეთმა 2.5% შეადგინა, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში კი 1.2%-მდე შემცირდა, თუმცა 2021 წელს ინფლაციამ - 9.6%-ს, ხოლო 2022 წელს 11.9%-ს მიაღწია. არასრულ ოთხ წელიწადში სამომხმარებლო ფასები 27%-ით გაიზარდა.

თუ ცალკე აღებულ 2023 ან 2024 წელს განვიხილავთ, მონაცემები როგორც ახლო, ისე ფართო რეგიონის ჭრილში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, მაგრამ ოთხწლიან პერიოდში - არა. ევროპაში ინფლაციის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები 2022 წელს დაფიქსირდა, იქამდე, 2021 წელს საქართველო ინფლაციით ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობას უსწრებდა.

განცხადება : ბოლო 10 წლის განმავლობაში, სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა.

პრემიერ-მინისტრი აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს, რომელიც აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში. მისი განცხადება, პირველ რიგში, საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია აბსოლუტურ სიღარიბეზე და არა ზოგად სიღარიბეზე. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილმა 11.8% შეადგინა. 10-წლიან პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის დონე 26.2%-დან 11.8%-მდე შემცირდა.

ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. მოსახლეობის 18.4% (680,833 ადამიანი) სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებს. თავის მხრივ, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი სოციალური დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან, თუ ადამიანს აქვს არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.

ამასთან, გასულ 10-წლიან პერიოდში ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი მხოლოდ 1.7 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი 19.8%-ს შეადგენს, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 21.5% იყო. ეს არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მთლიანი მოსახლეობის მედიანური სამომხმარებლო ხარჯების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

განცხადება: 2023 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმების მაჩვენებლები, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად. ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2024 წლის პირველ ნახევარშიც, როცა უმუშევრობის დონემ იკლო რეკორდულ მაჩვენებლამდე და 13.7% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4% შეადგინა. გასულ წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა) დაახლოებით 2.9%-ით (44.7 ათასით) გაიზარდა და 1 596.3 ათასი შეადგინა. 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში დაახლოებით 50.9 ათასით (4%-ით) გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს სამუშაო ძალის/დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა, უმუშევრობა და დასაქმების დაბალი დონე კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. ამავე პერიოდში, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც და სამუშაო ძალაც. დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები, წინა წლის შესაბამისი კვარტლის მონაცემებთან შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა I კვარტალთან შედარებით (რომელიც დასაქმების მხრივ ზოგადად უფრო პასიური კვარტალია, ვიდრე II კვარტალი), დასაქმების მაჩვენებლები გაუარესდა, ხოლო უმუშევრობის დონე, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალის) შემცირების ხარჯზე, მცირედით გაუმჯობესდა.

ბოლო წლებში დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ეკონომიკური ზრდის თანმდევი პროცესია და ასევე, სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდა, მათ შორის, სოციალურად დაუცველთა დასაქმება ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაოებზე და სხვა.

განცხადება: საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ღია ბიუჯეტის ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერობს მსოფლიოს მასშტაბით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კატეგორიაში.

ღია ბიუჯეტის ინდექსში, როგორც 2021, ასევე 2023 წლებში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა, იქამდე 2017 და 2019 წლებში მე-5 პოზიციას იკავებდა, 2015 წელს მე-15 ადგილზე იმყოფებოდა, 2012 წელს - 33-ეზე და 2006 წელს - 42-ეზე.

კვლევა ძირითადად ბიუჯეტის პროექტის, ასევე გზამკვლევისა და შესრულების ანგარიშის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებს ეყრდნობა. კვლევა სამ მაჩვენებელს მოიცავს - საჯარო მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში, ბიუჯეტის ზედამხედველობა და ბიუჯეტის გამჭვირვალობა.

ბიუჯეტის გამჭვირვალობაში საქართველო მართლაც პირველ ადგილზეა 87 ქულით, ახალ ზელანდიასთან ერთად. ამ მაჩვენებელში დადებითი შედეგი აქვს დაფიქსირებული რუსეთსაც - 66 ქულა, რითიც აფიქსირებს უკეთეს შედეგს, ვიდრე, მაგალითად, გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია და ჩეხეთი. ამავე კვლევის კიდევ ერთ მაჩვენებელში - ბიუჯეტის ზედამხედველობა - გერმანია და რუსეთი ერთსა და იმავე ქულას აფიქსირებენ. აღნიშნული აჩვენებს, რამდენად ტექნიკურია აღნიშნული ინდექსი და ქვეყანაში საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისა თუ სწორი ხარჯვის შესახებ არანაირ ინფორმაციას ის არ იძლევა.

განცხადება: ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და აქაც უსწრებს ბევრ წამყვან ეკონომიკას.

ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა და 25-ე პოზიცია დაიკავა. რეიტინგი კანონის უზენაესობას, ფასების სტაბილურობას, რეგულაციებს, საერთაშორისო ვაჭრობის სიმარტივის, საკუთრების უფლების დაცვისა და მთავრობის ზომის მიხედვით დგება.

მართალია, ბოლო ანგარიშით საქართველო რეიტინგში დაწინაურდა, მაგრამ საქართველოს შეფასების ქულა რამდენიმე კომპონენტში გაუარესდა. 2019 წელს რეგულაციების ნაწილში საქართველოს 7.95 ქულა ჰქონდა მინიჭებული, ხოლო 2021 წელს - 7.40. მთავრობის ზომის შეფასება 7.59-დან 7.40-მდე, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობის სიმარტივის შეფასება 8.82-დან 8.67-მდე შემცირდა. სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების დაცვის ნაწილში კი შეფასების ქულა 6.21-დან 6.33-მდე გაუმჯობესდა.

გარდა ამისა, იმავე რეიტინგში საქართველო 2016 წელს - მე-17 ადგილს, 2017-2018 წლებში - მე-20 ადგილს და 2019 წელს 22-ე ადგილს იკავებდა.რეიტინგის გაუმჯობესება მოხერხდა მხოლოდ 2020 წელთან ანუ იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც კოვიდრეგულაციები მოქმედებდა. 2016 წელს საქართველოს საერთო ქულა - 8.03-ს, 2019 წელს - 7.98-ს, ხოლო 2021 წელს 7.71-ს შეადგენდა.

განცხადება: The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-19 ადგილზეა ევროპაში და 32-ე მსოფლიოში და ისევ და ისევ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას.

„Heritage Foundation“ მსოფლიოს 180-მდე სახელმწიფოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 12 პარამეტრით ზომავს. საქართველო 2023 წლის ანგარიშში მსოფლიოში 35-ე და ევროპაში 21-ე ადგილს ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა ჯგუფში იკავებს.

საერთო რეიტინგში მეტ-ნაკლებად კარგი პოზიციის მიუხედავად, დინამიკაში პოზიციების გაუარესება თვალსაჩინოა, რაზეც ირაკლი კობახიძეს ყურადღება არ გაუმახვილებია. 2021 წელს საქართველო მსოფლიოში მე-12 და ევროპაში მე-7 ადგილს მეტწილად თავისუფალ ქვეყანათა ჯგუფში იკავებდა. ამავდროულად, ნომინალური ქულის შემცირებას დიდწილად პანდემიის პირობებში სახელმწიფოს გაზრდილი როლი განაპირობებს, რაც თავისუფლებაზე უარყოფითად აისახებოდა და შესაბამისად, სხვა ქვეყნებისთვისაც ქულის შემცირებას განაპირობებდა. საქართველოს შემთხვევაში, ეს რეიტინგში ადგილის დაკარგვაშიც გამოიხატა, რაც ნიშნავს, რომ გაუარესება ჩვენთან უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ქულის შემცირებას ნაწილობრივ DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაც განაპირობებს.

განცხადება: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი შეზღუდვების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა 80-მეტ ქვეყანას შორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობამ 5.8% შეადგინა. თუ შესადარებლად OECD-ის ჯგუფის ქვეყნებს ავიღებთ, საქართველო, ესტონეთისა და ჩილეს შემდეგ, მესამე ადგილზე აღმოჩნდება, თუმცა ჯგუფის წევრ სახელმწიფოთა უმეტესი ნაწილი მდიდარია და ასეთ ქვეყნებში, მაღალი მშპ-სა და ადგილობრივად არსებული საინვესტიციო რესურსის გათვალისწინებით, უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი, ბუნებრივია, რომ დაბალია. შესაბამისად, OECD-ის ჯგუფის ქვეყნებთან შედარება არარელევანტურია. მსოფლიო მასშტაბით კი საქართველოს არა ორი, არამედ 33 სახელმწიფო უსწრებს, მათ შორის, 18 ქვეყანაში ინვესტიციების ფარდობა მშპ-სთან ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს აღწევს.

განცხადება: 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ შეადგინა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2%. პანდემიის შემდგომი პერიოდიდან დღემდე, საქართველომ მოიზიდა 6.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.9 მლრდ შეადგინა, თუმცა ეს მშპ-ის 6%-ზე ნაკლებია. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ინვესტიციები თანხობრივადაც და მშპ-სთან მიმართებაშიც შემცირდა. მშპ-სთან მიმართებით თუ არ ჩავთვლით 2020 წელს ინვესტიციები 20-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.

2024 წელს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და 6 თვეში ინვესტიციები თანხობრივად, 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 34%-ით შემცირდა. კლება აღინიშნა როგორც ცალკე აღებულ პირველ, ასევე ჯამურად ორ კვარტალში.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი: 2021-2023 წლებში ინვესტიციებში რეინვესტირების მაჩვენებელმა 69%-ს მიაღწია, 70%-ს შეადგენს 2024 წლის იანვარ-ივნისშიც. ის ფაქტი, რომ ინვესტორი მოგებას უკან აბრუნებს დადებითი მოვლენაა, თუმცა სახეზეა ახალი ინვესტიციების სიმცირეც, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებს.

განცხადება: გასულ წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ 7 მილიონზე მეტ ტურისტს, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვან აღდგენაზე მეტყველებს.

2023 წელს საქართველოში 7.1 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, თუმცა მათგან მხოლოდ 4.7 მლნ ვიზიტი იყო ტურისტული მიზნით. დანარჩენი 2.4 მლნ ვიზიტი ტიპის მიხედვით ან არატურისტული იყო, ან ერთდღიან ვიზიტთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. 2023 წელს ტურიზმი, ტურისტების რაოდენობის მაჩვენებლით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 92%-ით აღდგა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით კი პანდემიამდელ პერიოდს გადააჭარაბა.

განცხადება: საქართველო ინარჩუნებს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მსოფლიოში. მონაცემთა ბაზა Numbeo-ს თანახმად, საქართველო ამ მხრივ მე-8 ადგილზეა ევროპაში და 21-ზე მსოფლიოში, რაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების და პროფესიონალების დამსახურებაა.

Numbeo-ს მონაცემთა ბაზა, სხვა ინდექსებთან ერთად, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსებს მოიცავს. 2024 წლის (Mid-Year) მონაცემებით, საქართველო დანაშაულის ინდექსში 26,1 ქულით შეფასდა, რაც ინდექსის მეთოდოლოგიით, დანაშაულის დაბალ მაჩვენებელს მიესადაგება. რაც შეეხება უსაფრთხოების ინდექსს, 73,9 ქულით საქართველომ უსაფრთხოების მაღალი დონე აჩვენა. შეჯერებული მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში - 21-ე, ხოლო ევროპაში მე-8 ადგილს იკავებს. შესაბამისად, განცხადებაში გაჟღერებული რიცხვები სწორია.

აღნიშნულის მიუხედავად, პრემიერი განცხადებაში მნიშვნელოვან ფაქტებს უგულებელყოფს. დანაშაულის ინდექსი ცალკე აფასებს ქვეყნებში დანაშაულის ზრდას ბოლო 5 წელიწადში. ამ მხრივ, საქართველო 53,66 ქულით - „ძალიან დაბალ“ და „დაბალ“ - ანუ დადებით კატეგორიებში ვერ მოხვდა, რაც ბოლო ხუთ წელიწადში ვითარების გაუარესებაზე მეტყველებს. გარდა ამისა, პრემიერი ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ 2013-2024 წლების პერიოდში, 2024 წელს ასახულ მონაცემებს აჭარბებს აბსოლუტურად ყველა წლის მონაცემი, ანუ საქართველოს შეფასებები გაუარესდა. შედარებისთვის, ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველო დანაშაულის ინდექსის 20.2 ქულით და უსაფრთხოების ინდექსით 79,8 ქულით, მსოფლიოში - მე-4, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზე იყო.

პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია, თუმცა ოკუპანტი სახელმწიფო გამოტოვა. პრემიერის გამოსვლიდან შეუძლებელი იქნებოდა გაგვერკვია, ვის აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია