ირაკლი კობახიძე: 2021-2023 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, 2024 წელსაც ზრდის ტემპი დაგეგმილ მაჩვენებელს ასწრებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, 2022 წელს 11%-ითა და 2023 წელს 7.5%-ით. ჯამურმა ზრდამ სამ წელიწადში 32% შეადგინა, რაც საშუალო წლიურ 9.7%-იან ზრდას უდრის.

2024 წლის იანვარ-მაისში მშპ-ის ზრდის ტემპმა 9.3%-ს მიაღწია, აღნიშნული მნიშვნელოვნად აღემატება როგორც საქართველოს მთავრობის, აგრეთვე სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზირებულ მაჩვენებლებს.

მოკლევადიან პერიოდში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ობიექტურთან ერთად გარკვეული სუბიექტური მიზეზებიც გააჩნია, კერძოდ: 2021 წელს ორნიშნა ზრდა საბაზო პერიოდმა გამოიწვია (2020 წელს ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა), ხოლო 2022 წელს რუსეთიდან გაზრდილმა ფულადმა ნაკადებმა და ზოგადად რუსეთის უკრაინაში შეჭრის თანმდევმა ცვლილებებმა. სწორად დასახელებული რიცხვების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ყურადღების მიღმა დატოვა ის დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები, რაც რეალური სურათის აღქმას შეუწყობდა ხელს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: 28 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წლიური მოხსენების წარდგენისას ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა: „შეგახსენებთ, რომ 2021-2023 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.7%. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ამას პროგნოზირებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სავალუტო ფონდის პირვანდელი პროგნოზი იყო 4.8% და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამჟამინდელი მაჩვენებელი, 5 თვის მაჩვენებელი არის 9.3%.“

2020 წლის ვარდნის შემდეგ, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 2007 წლის შემდეგ პირველად ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით - 10.6%-ით გაიზარდა. პანდემიის შემდეგ, რეგულაციების მოხსნის ხარჯზე მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდ ნაწილში ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა ათწლეულების რეკორდი მოხსნა, მსოფლიოს ეკონომიკაც მთლიანად 6.3%-ით გაიზარდა, რაც 1973 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოშიც უჩვეულო არაფერი მომხდარა.

2022 წელს გლობალური ზრდის ტემპი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა, საქართველოში კი კიდევ უფრო მაღალი 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი რუსეთიდან გაზრდილმა ტრანსფერებმა შეიტანა. მხოლოდ ფულადი გზავნილები რუსეთიდან 2021 წელთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა და 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

2023 წელს მშპ-ის ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა.„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პანდემიამდე 2013-2019 წლებში ყველაზე მაღალი 6.1%-იანი ზრდა 2018 წელს დაფიქსირდა.

მთლიანობაში, 2021-2023 წლებში, საქართველოს ეკონომიკა ჯამურად 32%-ით გაიზარდა რაც საშუალოწლიურ 9.7%-იან ზრდას უდრის.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2024 წლის იანვარ-მაისში მშპ-ის ზრდის ტემპმა 9.3% შეადგინა, რაც აღემატება როგორც მთავრობისა და ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზირებულ მაჩვენებლებს.

2024 წლის ბიუჯეტი 5.2%-იან ზრდაზე დაიგეგმა. ეროვნულმა ბანკმა უფრო კონსერვატიული მიდგომა აირჩია და პროგნოზირებულ ზრდად 4.8% დაასახელა. მსოფლიო ბანკმაც იანვარში, ზრდის ტემპი 4.8%-ად შეაფასა, რაც აპრილში დააკორექტირა და 5.2%-მდე გაზარდა. სავალუტო ფონდის პროგნოზიც თავიდან 4.8%-ს შეადგენდა, რაც შემდეგ 5.7%-მდე გაიზარდა.

ცხრილი 1: მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის

წყარო: ცხრილში წარმოდგენილი ორგანიზაციები/სტრუქტურები

დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 519 მლნ ლარით ზრდის გადაწყვეტილება მიიღო და სავარაუდო განაწილების სქემაც გამოაქვეყნა: 115 მლნ ჯანდაცვის სამინისტროს დაემატება, 100 მლნ თავდაცვის სამინისტროს და 80 მლნ განათლების სამინისტროს. ცვლილებები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

პრემიერის მიერ დასახელებული რიცხვები რეალობას შეესაბამება. 2021-2023 წლებში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა ნამდვილად 9.7%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში დაფიქსირებული ზრდაც 9.3%-ა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება როგორც სავალუტო ფონდის, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ პროგნოზებს. სწორად დასახელებული რიცხვების მიუხედავად, მთავრობის თავმჯდომარის ნათქვამს მაინც აკლდა კონკრეტიკა, კერძოდ, იმის განმარტება, 2021-2022 წლებში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა თუ რამ გამოიწვია. პირველ შემთხვევაში, მიზეზი საბაზო პერიოდი გახდა, მეორე შემთხვევაში, დიდწილად რუსეთიდან გაზრდილი ფულადი ნაკადები და ზოგადად რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ცვლილებები.

სწორად დასახელებული რიცხვების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ყურადღების მიღმა დატოვა ის დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები, რაც დამატებით სიცხადეს უზრუნველყოფდა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.