რომან გოცირიძე: 2021 წელს საქართველოში 15%-იანი ინფლაცია იყო, ევროპაში 2%-3%-იანი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2021 წლის ბოლოს, საქართველოში წლიური ინფლაციის განაკვეთმა 13.9%-ს მიაღწია, მთელი წლის საშუალომ - 9.6%-ს. იმავე 2021 წელს ევროკავშირში სამომხმარებლო ფასები მხოლოდ 2.9%-ით გაიზარდა, მთლიანად ევროპაში კი 3.5%-ით.

2021 წელს საქართველოში ფარდობითი ინფლაციაც მაღალი იყო, რასაც ის ფაქტიცადასტურებს, რომ ქვეყანა ფასების ზრდის ტემპით მსოფლიოში 22-ე, ხოლო ევროპაში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა.

2022 წელს მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის განაკვეთმა საქართველოში 11.9%-მდე აიწია, ქვეყანამ ინფლაციის სიდიდით 50-ე ადგილზე გადაინაცვლა, 2023 წელს კი ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 26-ში უფრო მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა.

2021-2023 წლებშისაქართველოში სამომხმარებლო ფასები ჯამურად 26%-ით გაიზარდა, ევროკავშირში - 20%-ით, ევროპის კონტინენტზე მთლიანად - 21%-ით და მსოფლიოში - 22%-ით. თუ 2021 წელს სამომხმარებლო ფასებისაქართველოზე მეტადმხოლოდ 21 ქვეყანაში გაიზარდა, 2023 წელს საქართველოსთან შედარებით უფრო დაბალი ინფლაცია მხოლოდ 16 ქვეყანაში დაფიქსირდა.

რომან გოცირიძემ პიკის შემდგომი ფასების ზრდის ტემპის შემცირება დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ 2022 წელს ინფლაციური პროცესები ევროპაშიც დაჩქარდა, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ 2023 წელს კონტინენტზე სახელმწიფოთა დიდ ნაწილში მაღალი ინფლაცია შენარჩუნდა.

მეთოდოლოგიური სხვადასხვაობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა პროდუქტს სამომხმარებლო კალათაში სხვადასხვა ხვედრითი წონა გააჩნია, ინფლაციის განაკვეთის მშრალად შედარება სამომხმარებლო ფასების ცვლილებაზე მთლად ზუსტ პასუხს არ იძლევა, თუმცა რადგან პოლიტიკოსმა მსგავსი შედარება გააკეთა, „ფაქტ-მეტრმაც“ ანალოგიური მეთოდით იხელმძღვანელა.

დეპუტატის მიერ დასახელებული რიცხვები ძირითადად სიმართლეს შეესაბამება, თუმცა გარკვეულ უზუსტობას მაინც შეიცავს, გარდა ამისა, ერთწლიანი პერიოდის ცალკე განხილვა რეალობის უფრო მძიმედ წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ 8 მარტს „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა 3600-ში ინფლაციაზე საუბრისას განაცხადა (6:18-დან): „მართალია, ინფლაცია ახლა არის დაბალი, მაგრამ 2021 წელს 15% იყო საქართველოში ფასების ზრდა, როდესაც ევროპაში იყო 2-3%... [გაეროს წევრი] 193 ქვეყნიდან, საქართველო შედიოდა ყველაზე უარეს 20 ქვეყანაში, ფასების ზრდით“.

საქსტატი ინფლაციას ყოველთვიურად ზომავს და ფასების ზრდის ტემპს, როგორც წინა თვის, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგენს. რადგან ფასებზე გავლენას სეზონურობაც ახდენს, უფრო მეტი ყურადღება წლიურ ინფლაციას ექცევა.

თავად წლიური ინფლაციაც თვეების მიხედვით იცვლება. იანვარში ფასების ზრდის ტემპი წინა წლის იანვართან შედარებით, შეიძლება სხვა იყოს, მაისში წინა წლის მაისთან შედარებით სხვა და ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით სხვა. ამის გამო მთელი კალენდარული წლის ინფლაცია 12 თვის საშუალო წლიური ინფლაციის საშუალოთი დგინდება.

2021 წლის იანვარში, წლიური ინფლაციის განაკვეთმა 2.8% შეადგინა[1], დეკემბერში 13.9%. 12 თვის საშუალომ კი 9.6%. რომან გოცირიძე როდესაც 15%-იან ინფლაციაზე საუბრობდა, სავარაუდოდ, დეკემბრის ინფლაციას გულისხმობდა.

გრაფიკი 1: 2021 წლის წლიური ინფლაცია თვეების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რომან გოცირიძემ საქართველოსთან ერთადევროპის მონაცემებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ევროპაში ინფლაციის განაკვეთი 2021 წელს 2%-3%-ს შეადგენდა.

ევროკავშირში 2021 წელს სამომხმარებლო ფასები 2.9%-ით გაიზარდა, ევროზონაში - 2.6%-ით. ევროკავშირის ქვეყნებიდან ინფლაციის განაკვეთმა მაქსიმუმ 5.2%-ს უნგრეთსა და პოლონეთში მიაღწია. საბერძნეთში, მალტასა და პორტუგალიაში კი ინფლაცია 1%-ზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა.

გრაფიკი 2: ინფლაცია ევროკავშირში 2021 წელს

წყარო: ევროპის სტატისტიკის სამსახური (ევროსტატი)

ევროკავშირის არაწევრ სხვა ევროპული ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ 6.1%-ს აღწევდა. მთლიანად ევროპაში - 3.5%-ს. ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში ყველაზე მაღალი 19.6%-იანი ფასების მატება თურქეთში აღინიშნა.

რომან გოცირიძემ ასევე განაცხადა, რომ ინფლაციის სიდიდით 2021 წელს საქართველო პირველ ოცეულში იმყოფებოდა. სავალუტო ფონდის ცნობით, საქართველო ინფლაციის სიდიდით 2021 წელს 22-ე ადგილს იკავებდა. პირველ ადგილზე 1590%-ით ვენესუელა იმყოფებოდა. (ქვეყანა გრაფიკზე არ ჩანს, რადგან მისი გამოსახვით, სუდანისა და ლიბანის გარდა, ვიზუალურად თითქმის ყველა სხვა სახელმწიფოს მაჩვენებლის აღქმა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა). ინფლაცია სამნიშნაა სუდანსა და ლიბანში.

გრაფიკი 3: მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნები 2021 წელს

წყარო: სავალუტო ფონდი

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ვენესუელა და სეიშელი შესული არაა, შესაბამისად, საქართველო მართლაც მეოცე ადგილს იკავებს, თუმცა ამ ორ პოზიციას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ფაქტი ისაა, რომ 2021 წელს საქართველო ინფლაციის არა მხოლოდ აბსოლუტური, ფარდობითი მაჩვენებლითაც გამოირჩეოდა და ინფლაციის სიდიდით კონტინენტზე თურქეთის გარდა ყველას უსწრებდა.

2022 წელს მდგომარეობა მნიშვნელოვნად იცვლება. საქართველოში ინფლაციის განაკვეთი 11.9%-მდე იზრდება, თუმცა ინფლაციის სიდიდით, 22-დან 50-ე ადგილზე გადადის. 2022 წელს ევროკავშირის წევრ 7 სახელმწიფოში: ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში საქართველოზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა. იმავე წელს ინფლაციამ ევროკავშირის კანდიდატ მოლდოვაში 28%-ს გადააჭარბა, ხოლო აზერბაიჯანში 13.9%-ს მიაღწია. მთლიანად მსოფლიოში 2022 წელს ინფლაცია 4.7%-დან 8.7%-მდე გაიზარდა, ევროპაში 3.5%-დან 9.9%-მდე.

მსოფლიოში 6.9%-იანი და ევროპაში 6.5%-იანი ინფლაცია 2023 წელსაც შენარჩუნდა, მაშინ, როცა საქართველოში ის მკვეთრად - 2.5%-მდე, შემცირდა. 2023 წელს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 26-ში საქართველოზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა, ბელგიაში კი იმდენივე, რაც საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული სიძნელეების დამარცხება, ინფლაციის ნაწილში საქართველომ სხვა ქვეყნებთან შედარებით მარტივად მოახერხა.

თუ სამწლიან მონაცემებს გავაერთიანებთ, საქართველოში ფასების ჯამურად 26%-იან ზრდის ტემპს მივიღებთ, ევროპაში 21%-იანსა და მსოფლიოში 22%-იანს. მართალია, სამწლიან პერიოდშიც სამომხმარებლო ფასები უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროპაში, მაგრამ სხვაობა ამ შემთხვევაში მცირეა.

გრაფიკი 4: 2021-2023 წლების ჯამური ინფლაცია

წყარო: სავალუტო ფონდი

2021 წელს საქართველოში ინფლაციის აბსოლუტური და განსაკუთრებით ფარდობითი მაჩვენებელი მართლაც ძალიან მაღალი იყო, ფასების ზრდის ტემპით საქართველომ ევროპაში თურქეთის გარდა ყველა სახელმწიფოს გაუსწრო, თუმცა 2022-2023 წლებში მდგომარეობა შეიცვალა და 2023 წელს უკვე ევროკავშირში, ისევე როგორც მთლიანად ევროპაში, 2.5-ჯერ უფრო მაღალი იყო ინფლაცია, ვიდრე საქართველოში. დეპუტატის ნათქვამი, ძირითადად სიმართლეს შეესაბამება, თუმცა შეიცავს გარკვეულ უზუსტობებსაც, გარდა ამისა ერთწლიანი პერიოდის ცალკე განხილვა რეალობის უფრო მძიმედ წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, რის გამოც, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.



[1] კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული სუბსიდიის მიზეზით, საქსტატმა წყალმომარაგებაზე 33.8%-იანი, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ფასების 28.9%-იანი კლება დააფიქსირა, რამაც წლიური ინფლაცია 1.77 პროცენული პუნქტით შეამცირა. უწყებამ ანალოგიურად იმოქმედა 2020 წლის დეკემბრის ინფლაციის დაანგარიშების დროსაც, რაზეც 2021 წლის 6 იანვარს განმარტება გაავრცელა. სუბსიდია თებერვალში დასრულდა და მარტიდან მისი ეფექტი ამოიწურა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია