ლაშა ხუციშვილი: 2020-2023 წლებში ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%-დან მშპ-ის 2.5%-მდე შემცირდა, მთავრობის ვალი 60.4%-დან 39.3%-მდე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალის ზომა ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორებს წარმოადგენს. ორივე მათგანის ლიმიტს საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების აქტი განსაზღვრავს. მთავრობის ვალი მშპ-ის 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს, ბიუჯეტის დეფიციტი - 3%-ს.
2020 წელს, ეკონომიკური კრიზისის დროს მთავრობის ვალმა მშპ-ის 59.6%-ს მიაღწია (მშპ-ის გადაანგარიშებამდელი მაჩვენებლის 60.2%-ს). ბიუჯეტის დეფიციტმა - 9%-ს.
2021-2022 წლებში ეკონომიკა ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდებოდა, 2023 წელსაც საშუალოზე მაღალი 7.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გაუმჯობესებულმა მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 39%-მდე, ხოლო დეფიციტის 2.5%-მდე შემცირება გამოიწვია, თუმცა კრიზისი მხოლოდ საქართველოს არ დაუძლევია და სახელმწიფოთა უმრავლესობაში 2021 წელს საშუალოზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, მათ ნაწილში სწრაფი ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა.
დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მართალია მთავრობის ვალის მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდს დაუბრუნდა, მაგრამ ის 2014 წლის მაჩვენებელს თითქმის 9 პროცენტული პუნქტით აღემატება, 2012 წლის მაჩვენებელს კი 11 პროცენტული პუნქტით. ბიუჯეტის დეფიციტიც 2018 წელს 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა.
რადგან მთავრობის ვალის 70%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, მის როგორც ზრდაზე, ასევე შემცირებაზე კურსის ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. 2019 წელს ლარი-დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2.83-ს შეადგენდა, 2020 წელს 3.14-ს, 2023 წელს 2.63-ს.
მონაცემებისა და ტენდენციის ძირითადად სწორად დასახელების, ამავე დროს გარკვეული უზუსტობებისა თუ მნიშვნელოვანი გარემოებების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლაშა ხუციშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
21 თებერვალს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა (12:42-დან): „2020-2023 წლებში ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%-დან მშპ-ის 2.5%-მდე შემცირდა, მთავრობის ვალი 60.4%-დან 39.3%-მდე“.
მთავრობის ვალის ზომა და ბიუჯეტის დეფიციტი ფინანსური სტაბილურობის შესაფასებლად გამოიყენება. მთავრობის ვალის სიდიდე აბსოლუტურ მაჩვენებელში და მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობაში იზომება.
ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი ინფორმაციულად ნაკლებად ღირებულია. პირობითად, 100 მლრდ დოლარიანი ვალი ძალიან ცოტაა ჩინეთისთვის და ძალიან ბევრი საქართველოსთვის, სწორედ ამიტომ ძირითადად ყურადღება ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელს ექცევა. თავის მხრივ მიჩნეულია, რომ მდიდარ ქვეყნებს საკუთარ ეკონომიკასთან მიმართებით წილობრივად მაღალი ვალის მომსახურება შეუძლიათ, ვიდრე განვითარებად ქვეყნებს. თუ საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 40%-ზე დაბალია, აშშ-ში იგივე მაჩვენებელი 110%-ს, ხოლო იაპონიაში 214%-ს აჭარბებს.
2011 წლის ივლისში საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების აქტი იქნა მიღებული. ორგანული კანონი მთავრობას მშპ-სთან მიმართებით 60%-ზე მეტი ვალის აღებას უკრძალავდა და ბიუჯეტის დეფიციტის[1] ზედა ზღვრად 3%-ს აწესებდა.
თავისუფლების აქტის მიღების შემდეგ, ვალის ზომა 60%-იან ნიშნულს არასდროს გადაუჭარბებია. მიიჩნეოდა, რომ 2020 წელს მან 60.2%-ს მიაღწია, თუმცა 2023 წლის თებერვალში საქსტატმა მშპ თავიდან გადაიანგარიშა, რამაც აღნიშნული ფარდობა 59.6%-მდე შეამცირა. ვალისგან განსხვავებით ბიუჯეტის დეფიციტმა ლიმიტს 3-ჯერ გადააჭარბა, თუმცა კანონი მაინც არ დარღვეულა, რადგან იგივე დოკუმენტი ორ გამონაკლისს უშვებდა:
1)საგანგებო ან საომარი მოქმედების დროს;
2)ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებისას, თუ ზედიზედ ბოლო ორი კვარტლის ეკონომიკური ზრდის ტემპი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით დაბალია.
2020 წელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა და მშპ-ის ზრდის ტემპის მინუსში გავიდა - შემცირდა 6.3%-ით (ძველი გაანგარიშებით 6.8%-ს).
მთავრობის ვალთან მიმართებით, 0.6 პროცენტულ პუნქტიან სხვაობაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, კანონის ჩარჩოებში მოქცევის მიუხედავად, გადასცდა, თუ - არა მთავრობის ვალი მშპ-ის 60%-იან ნიშნულს. აღსანიშნავია, რომ გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ეკონომიკურ ზრდის ტემპად 7.5% დაასახელა და არა გადაანგარიშებამდელი 7%, ვალის შემთხვევაში კი ძველი მაჩვენებლით ისარგებლა. მინისტრის მიზანს, სავარაუდოდ, სწრაფი პროგრესის ეფექტის ჩვენება წარმოადგენდა.
გრაფიკი 1: მთავრობის ვალის აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებელი
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გარდა იმისა, რომ ლაშა ხუციშვილმა კრიზისის დაძლევის ტემპი გადაჭარბებულად წარმოაჩინა, მას ყურადღების მიღმა ის ფაქტიც დარჩა, რომ ვალის ამჟამინდელი ფარდობა მშპ-სთან, პანდემიამდელ პერიოდთან დაბრუნების მიუხედავად, 2014 წელთან შედარებით თითქმის 9 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, 2012 წელთან შედარებით - 11 პროცენტული პუნქტით.
იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის ვალის 70%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, მის დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას კურსის ცვლილებაც ახდენს. 2019 წელს ლარი-დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2.83-ს შეადგენდა, 2020 წელს - 3.14-ს, 2023 წელს - 2.63-ს.
განცხადების მეორე ნაწილი ბიუჯეტის დეფიციტს ეხებოდა. 2019 წლის დეკემბერში პარლამენტმა მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 2.5%-იან დეფიციტზე იყო გათვლილი. პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები შეამცირა, მეორე მხრივ, პანდემიასთან ბრძოლამ (ინფიცირებულთა მკურნალობა, კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ, უმუშევრად დარჩენილთა კომპენსაციამ) ხარჯების ზრდა გამოიწვია. გაზრდილი ხარჯები გაზრდილი ვალით დაიფარა.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის განმარტების თანახმად (მუხლი 12), ბიუჯეტის დეფიციტი არის უარყოფითი მთლიანი სალდო, თავის მხრივ მთლიანი სალდო საოპერაციო სალდოსა (შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა) და არაფინანსურ აქტივების ცვლილებას შორის სხვაობაა.
2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 4.264 მლრდ ლარი შეადგინა, ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ - 4.450 მლრდ ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტისამ - 4.574 მლრდ ლარი.
დეფიციტი ერთ შემთხვევაში 8.6%-ის ტოლია, მეორე შემთხვევაში, 8.9%-ის (მშპ-ის გადაანგარიშებამდელი მაჩვენებლის 9%-ის), ხოლო მესამე შემთხვევაში 9.2%-ის (მშპ-ის გადაანგარიშებამდელი მაჩვენებლის 9.3%-ის). რომელია სწორი? ბიუჯეტი ადამიანთა უმრავლესობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტთან ასოცირდება, თუმცა თავისუფლების აქტი ლიმიტს არა სახელმწიფო, არამედ ერთიანი ბიუჯეტის[2] მთლიანი უარყოფითი სალდოს მიხედვით აწესებს. სავალუტო ფონდის პრინციპებიდან გამომდინარე კი ანგარიშგება ნაერთი ბიუჯეტიდან[3] უნდა მოხდეს. ფინანსთა მინისტრი, სავარაუდოდ, სწორედ ნაერთ ბიუჯეტს გულისხმობდა.
გრაფიკი 2: ბიუჯეტის დეფიციტი
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შესრულების 9 თვის ანგარიში აქვს გამოქვეყნებული. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, ხაზინის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ნაცვლად უარყოფითმა მთლიანმა სალდომ დაგეგმილი 2.4 მლრდ-ის ნაცვლად 2 მლრდ შეადგინა, რაც მშპ-ის 2.5%-ია. ამდენივეთია განსაზღვრული 2024 წლის ბიუჯეტიც. აბსოლუტურ მაჩვენებლებში, სახელმწიფოსა და ერთიან ან თუნდაც ნაერთი ბიუჯეტების დეფიციტებს შორის, როგორც წესი, სხვაობა მცირეა. შესაბამისად, ერთიანი/ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტიც 2.5%-ის სიახლოვეს უნდა იყოს. ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალის მსგავსად, 2019 წლის დონეს დაუბრუნდა, თუმცა 2018 წლის მაჩვენებელს ბევრად აღემატება.
ლაშა ხუციშვილმა მონაცემები და ტენდენციები ძირითადად სწორად დაასახელა, სიმართლეა, რომ მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის ნაწილში საქართველო პანდემიამდელ - 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა, თუმცა საქართველო გამონაკლისი არ ყოფილა. გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობა დღეს თითქმის 9 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, ვიდრე 2014 წელს და 11 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი, ვიდრე 2012 წელს და ბიუჯეტის დეფიციტიც 2018 წელთან შედარებით 3.5-ჯერაა გაზრდილი. რიცხობრივ ნაწილში ძირითადად სწორად მოყვანილი მონაცემების, ამავე დროს გარკვეული უზუსტობებისა თუ მნიშვნელოვანი გარემოებების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლაშა ხუციშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
[1] დეფიციტი — უარყოფითი მთლიანი სალდო. იანგარიშება საოპერაციო სალდოსა (შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა)და არაფინანსურ აქტივებს შორის სხვაობით.
[2]ერთიანი ბიუჯეტი ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს აერთიანებს. მოიცავს სახელმწიფო საწარმოებსაც.
[3]ნაერთი ბიუჯეტი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს აერთიანებს.