Facebook-მომხმარებელი „Gvan Ca“ რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (მაგალითად, იხილეთ: 1, 2, 3, 4), სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელიც მოიცავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ანგარიშზე გავრცელებულ ტრანსკრიპტს ტექსტისა, რომელიც მან გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე წარმოთქვა. ირაკლი კობახიძის სიტყვის კონკრეტული ნაწილი შეეხებოდა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებსა და 2030 წლის დღის წესრიგის სწრაფ განხორციელებაში საქართველოს წვლილის ზრდას. Facebook-ანგარიშის მტკიცებით: „მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 არის ქვეყნისა და ერის განადგურების დღის წესრიგი-პანდემიობანა და აცრები, ჯანდაცვის სრულ სასაკლაოდ გარდაქმნა, კლიმატის აფიორა და მისი სასიკვდილო აკრძალვებით, უფლებების ჩამორთმევით, გადასახადებით, ჯარიმებით, 15 წუთიანი ქალაქებით და ა.შ. ანუ ერის გაღატაკება და გასაცოდავება. ციფრულიზაცია-ციფრული ციხის შექმნა პროგრამირებად-კონტროლირებადი CBDC, ციფრული ID ბიომეტრიული მონაცემებით. მოკლედ უუფლებო მომავალი“.

რეალურად, გაერო-ს „პროგრამა 2030“ მდგრადი განვითარების მისაღწევად გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე ორიენტირებული პერსპექტივაა და სამართლებრივი ხასიათი არ გააჩნია.

გაერო-ს „პროგრამა 2030“ წარსულშიც არაერთხელ გამხდარა შეთქმულების თეორიების საფუძველი (მაგალითად იხილეთ: 1, 2). თეორიის მიხედვით, გაერო-ს 2030 წლის პროგრამის მიზანია მსოფლიო მმართველობის დამყარება პანდემიის, იძულებითი ვაქცინაციისა და კლიმატის ცვლილების „აფიორის“ გამოყენებით. ამასთანავე, ავტორის მტკიცებით, გაერო-ს 2030 წლის პროგრამის მიზანი ადამიანებისთვის უფლებების ჩამორთმევა და ციფრული ID ბარათების მეშვეობით მათი კონტროლია.

რეალურად, „პროგრამა 2030“ გაერო-ს მსოფლიოს მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად ჩამოყალიბებული გლობალური პერსპექტივაა. დოკუმენტი 2015 წლის შემდეგ მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს და 17 მდგრადი განვითარების მიზანს მოიცავს:

1. პირველი მიზანი ემსახურება ყველა ფორმის სიღარიბის აღმოფხვრას მსოფლიო მასშტაბით. 2030 წლისთვის, პროგრამის მიხედვით, მოწყვლად ჯგუფებს თანაბრად უნდა ჰქონდეთ წვდომა ეკონომიკურ და ბუნებრივ რესურსებსა და საბაზისო სერვისებზე, საკუთრების უფლება და კონტროლი საკუთარ ქონებაზე და ა.შ. მოწყვლადი ადამიანების საერთო რაოდენობა კი სულ მცირე განახევრებული უნდა იყოს. აგრეთვე უკიდურესი სიღარიბე ($1.25-ზე ნაკლები შემოსავალი დღეში) ყველგან უნდა იყო აღმოფხვრილი.

2. მეორე მიზანი გულისხმობს შიმშილის ყველა ფორმის დასრულებას, საკვები უსაფრთხოების ხელშეწყობასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას. მიზანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწყვლად ჯგუფებსა და ბავშვებზე მსოფლიო მასშტაბით.

3. მესამე მიზანი ჯანდაცვისა და თითოეული მოქალაქის, ასაკის მიუხედავად, კეთილდღეობის უზრუნველყოფას მოიაზრებს, მათ შორის, ეპიდემიურ დაავადებებთან ბრძოლას, გლობალური სიკვდილიანობის რიცხვის განახევრებას და სხვა.

4. მეოთხე მიზანი ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლებაზე წვდომასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობას გულისხმობს.

5. მეხუთე მიზანი ქალთა და გოგონათა გაძლიერებაზე კონცენტრირდება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას მოიაზრებს.

6. მეექვსე მიზნის მიხედვით, 2030 წლისთვის წყლისა და სანიტარული სისტემების ხელმისაწვდომობა და მდგრადი მართვა ყველასთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მიზანი გულისხმობს სასმელი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის უზრუნველყოფასა და დაბინძურების შემცირებას.

7. მეშვიდე მიზანი ყველასთვის ხელმისაწვდომ, საიმედო, მდგრად (განახლებად) და თანამედროვე ენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფას მოიაზრებს მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნულისთვის პროგრამაში გათვალისწინებულია კვლევისა და ტექნოლოგიის ხელშეწყობა წევრ სახელმწიფოებს შორის კოოპერაციის საფუძველზე.

8. მერვე მიზანი ხელს უწყობს ეკონომიკის ინკლუზიურ და მდგრად ზრდას, სრულ დასაქმებასა და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას ყველასთვის. ამავე პუნქტში გათვალისწინებულია იძულებითი სამუშაოს, ტრეფიკინგისა და თანამედროვე სახის მონობის სრულად აღმოფხვრა.

9. მეცხრე მიზანი მდგრადი ინფრასტრუქტურის, ინკლუზიური ინდუსტრიალიზაციის დანერგვასა და ინოვაციების წახალისებას გულისხმობს.

10. მეათე მიზნის მიხედვით, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს უთანასწორობის შემცირებას სახელმწიფოებს შიგნით და მათ შორის. ამასთანავე, უნდა უზრუნველყოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინკლუზიურობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა განვითარებადი ქვეყნებისთვის.

11. მეთერთმეტე მიზანი ქალაქებისა და სხვა სახის დასახლებების ინკლუზიურობას, უსაფრთხოებასა და მედეგობას უსვამს ხაზს.

12. მეთორმეტე მიზნის მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკები, რაც ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას, საკვები და სამომხმარებლო ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავების პრაქტიკების დანერგვას გულისხმობს.

13. მეცამეტე მიზანი დაუყოვნებლივ ბრძოლას გულისხმობს კლიმატური ცვლილებებისა და მისი შედეგების წინააღმდეგ.

14. მეთოთხმეტე მიზანი მოიაზრებს წყლის რესურსების, მათ შორის ოკეანეების, ზღვებისა და საზღვაო რესურსების, მდგრად გამოყენებასა მდგრადი განვითარებისთვის.

15. მეთხუთმეტე მიზანი ხმელეთის ეკოსისტემების დაცვაზე, აღდგენასა და ხელშეწყობაზე კონცენტრირდება. ასევე მოიცავს ტყეების მდგრად მართვას, გაუდაბნოებასთან ბრძოლას, მიწის დეგრადაციისა და ბიომრავალფეროვნების განადგურების პრევენციას.

16. მეთექვსმეტე მიზნის მიხედვით, მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა, ყველასთვის სამართლიანობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნა გათვალისწინებულია პროგრამა 2030-ში.

17. მეჩვიდმეტე მიზანი გლობალური პარტნიორობის განვითარებას გულისხმობს მდგრადი განვითარებისთვის.

ამასთანავე, პროგრამა მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების განხორციელებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას მსოფლიო მასშტაბით. „პროგრამა 2030“ ცდილობს მდგრადი განვითარების მიზნები ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საქმიანობების ჭრილში განახორციელოს. ამ მხრივ, გაერო აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. ეს უკანასკნელი ფოკუსირდება „პროგრამა 2030-ის“ დაფინანსებაზე, ჯანდაცვაზე, ქალთა გაძლიერებასა და სხვა გამოწვევებზე. შესაბამისად, მტკიცება, რომ გაერო-ს „პროგრამა 2030“ ქვეყნისა და ერის განადგურების დღის წესრიგია, მცდარია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

პოსტის ავტორის ის მტკიცებაც, რომ ბიომეტრიული მონაცემების გაციფრულება „პროგრამა 2030-ის“ ფარგლებში ჩამოყალიბებული ვალდებულებაა, ყალბია. რეალურად, 16.9 მიზნის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ლეგალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უზრუნველყოფა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის უფასო დაბადების მოწმობების. მიზნის აღწერაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ფორმით უნდა დამზადდეს დოკუმენტები და მათი გაციფრულება ცალკეული სახელმწიფოს რეგულაციაზეა დამოკიდებული.

ახალი ტექნოლოგიებისა და სატელიტების დახმარებით მეცნიერებისთვის კლიმატის ცვლილების ნიშნებიც უფრო და უფრო მკვეთრი და დასაბუთებულია. სწორედ ამიტომ, მე-13 მიზანი სახელმწიფოებს სასწრაფო ქმედებისკენ მოუწოდებს კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად. მაშასადამე, კლიმატის ცვლილება რეალური გამოწვევაა და მისი აფიორად გამოცხადებაც შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

Facebook-მომხმარებელი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე „პროგრამა 2030-ის“ კავშირზე პანდემიასა და ვაქცინაციასთან. კონსპიროლოგები წარსულშიც არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ COVID-19-ის პანდემია „პროგრამა 2030-ის“ ნაწილი იყო და ის მსოფლიო მმართველობის დასამყარებლად ხორციელდებოდა. რაც შეეხება ვაქცინაციას, მისი პროგრამა უშუალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეროგატივაა. კერძოდ, WHO-ს მიერ შემუშავებული იმუნიზაციის პროგრამა 2030 გლობალური სტრატეგიაა, რომელიც მომავალი დეკადის განმავლობაში მოსახლეობის ვაქცინებზე წვდომას უზრუნველყოფს. იმუნიზაციის პროგრამის მიხედვით, 2030 წლისთვის მსოფლიო უნდა იყოს იმგვარი, რომ ყველას განურჩევლად ასაკისა და ლოკაციისა, უნდა ჰქონდეს ვაქცინებზე წვდომა ჯანდაცვისა და კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, „პროგრამა 2030“, რომელიც მეტწილად გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე კონცენტრირდება, მას სახელმწიფოებს ვერ დაავალდებულებს.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი „Gvan Ca” ერთ-ერთი წყაროა (მაგალითად, იხილეთ: 1, 2, 3), რომელიც COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას, შეთქმულების თეორიებსა და ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას აქტიურად ავრცელებდნენ, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კი მათ კლიმატის ცვლილებების საკითხებზე დაიწყეს შეთქმულების თეორიების გავრცელება.

რაც შეეხება „უუფლებო მომავალს“, აღსანიშნავია, რომ გაერო-ს წევრი სახელმწიფოებისგან არსებობს 17 მიზნის შესრულების მოლოდინი, თუმცა მდგრადი განვითარების გეგმას სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, ანუ მისი შესრულება ქვეყნების მიერ იურიდიულად სავალდებულო არ არის. ასევე პროგრამა სახელმწიფოების ან მოქალაქეებისათვის უფლებების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, „პროგრამა 2030“ ვერ იქონიებს იძულებით გავლენას ცალკეული ქვეყნების მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე.

ამრიგად, მტკიცება, რომ „პროგრამა 2030“ ქვეყნისა და ერის განადგურების დღის წესრიგია, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

-------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია