Facebook-მომხმარებელი, „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, რომლის მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიები „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2), ვიდეოს ავრცელებს, სადაც საუბარია შეთქმულების თეორიაზე, რომლის მიხედვითაც, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გლობალურმა ძალებმა ელიტური ანალიტიკური ცენტრის, „რომის კლუბის“ სახელით გამოაქვეყნეს დოკუმენტი „პირველი გლობალური რევოლუცია“, რომელშიც, მტკიცების მიხედვით, ისინი „გლობალურ დათბობას“ აცხადებდნენ როგორც ახალ საბაბს კაცობრიობის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.
ვიდეო ამტკიცებს, რომ გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ძალებს კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი საქმიანობები მსოფლიო მოსახლეობასა და პოლიტიკაზე კონტროლის დასამყარებლად ახალ ინსტრუმენტად და საბაბად უნდა გამოეყენებინათ. ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ამ დღის წესრიგის განხორციელებაში კრიტიკულ როლს ასრულებს, რამდენადაც ფორუმმა „პროგრამა 2030-ის“ ფარგლებში გაეროსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, შემდეგ კი ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდა, რაც ნიშნავს, რომ კაპიტალისტები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სახით და კომუნისტები ჩინეთის სახით გაეროს „პროგრამა 2030-ის“ დღის წესრიგის განხორციელებაში მთავარ როლს შეასრულებენ და „პლანეტის გადარჩენის“ სახელით, კაცობრიობაზე კონტროლს დაამყარებენ.
რეალურად, „რომის კლუბი“, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი და გაეროს „პროგრამა 2030“ ეკონომიკური და სოციალური განვითარების მისაღწევად გარემოსდაცვით საქმიანობებზე არიან ორიენტირებულნი და არ მუშაობენ ისეთი დღის წესრიგის შექმნაზე, რომლითაც მსოფლიო მმართველობას დაამყარებენ.
კლიმატის ცვლილება და გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემები უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რამდენადაც მას გავლენის მოხდენა სხვადასხვა პროცესზე შეუძლია. „ფაქტ-მეტრის“ მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ კლიმატის ცვლილებებისა და მასთან საბრძოლველად შემუშავებული პლატფორმების, კერძოდ, „რომის კლუბის“, „პროგრამა 2030-ისა“ და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კუთხით, დეზინფორმაციული გზავნილები ვრცელდება და ისინი შეთქმულების თეორიის ელემენტებს შეიცავენ.
რომის კლუბი
რომის კლუბი არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1968 წელს რომში ევროპელი ბიზნესმენებისა და მეცნიერების მიერ დაარსდა. ორგანიზაცია კვლევების, კონფერენციების, ანგარიშებისა და პრესრელიზების დაფინანსებით მიზნად ისახავს, გლობალური პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტაზე იზრუნოს. კლუბის პერსპექტივა სახელმწიფოებს შორის მზარდ ურთიერთდამოკიდებულებასა და მისი საშუალებით საერთო პრობლემების მოგვარების მცდელობებზე ფოკუსირდება.
რომის კლუბს არაერთი ანგარიში აქვს გამოქვეყნებული, რომელზეც კლუბის ცალკეულმა წევრებმა იმუშავეს. მაგალითად, კლუბისთვის პირველი ანგარიში, სახელად „ზრდის ლიმიტები“, 1972 წელს დენის მეიდოვსმა შექმნა და კაცობრიობის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან და არსებით პრობლემებს, მათ ინტერდისციპლინურობის ბაზისებსა და გლობალურ პერსპექტივებს მიუძღვნა. კლუბმა აღნიშნულ ანგარიშზე დაყრდნობით რამდენიმე მთავარი პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინა: გარემოს დაბინძურება; დემოგრაფიული პრობლემები; არათანაბარი განვითარების ტემპი ერებს შორის; ახალი ტექნოლოგიების სოციო-კულტურული გავლენა და სხვა. ანგარიშის მთავარი იდეაა, რომ არსებული ეკონომიკური და დემოგრაფიული ზრდის ტემპით ის ეკოლოგიური სისტემა, რომელშიც ვცხოვრობთ, 2100 წლის შემდეგ ვეღარ იარსებებს.
1991 წელს კი პირველად თავად „რომის კლუბის“ სახელით გამოქვეყნდა მოხსენება „პირველი გლობალური რევოლუცია“, რომელიც აღნიშნული შეთქმულების თეორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნაშრომით კლუბი კვლავ ეხმიანება გლობალური პრობლემების ახლანდელ მდგომარეობას საერთაშორისო ურთიერთობებში მომხდარი ცვლილებების კონტექსტში. კვლევა აღწერს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული მრავალწლიანი დაპირისპირების დასრულების შემდეგ შექმნილ ახალ ეკონომიკურ ვითარებას, ახალი ძალების წარმოქმნის პროცესსა და, შესაბამისად, ახალ პრიორიტეტებს. მაშასადამე, ისეთი პრობლემები, როგორიცაა დემოგრაფია, გარემოს დაბინძურება, ენერგია და ტექნოლოგია აღნიშნულ კვლევაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჭრილში განიხილება. ანგარიში გლობალურ საზოგადოებებს აღნიშნული პრობლემების საშიშროების შესახებ აფრთხილებს და მათ შესაძლო სავარაუდო მოგვარების გზებს რეკომენდაციების სახით სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ანგარიშს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და სახელმწიფოებს მის შესრულებას არ ავალდებულებს. რაც მთავარია, მასში არ არის საუბარი აღწერილი პრობლემების მსოფლიო მთავრობის შექმნის და ხალხის დამორჩილების გზით გადაწყვეტაზე. ანგარიშში ასევე არ არის საუბარი კაცობრიობის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის გლობალური დათბობის საბაბად გამოყენებაზე. ანგარიშში განხილული თემები შეეხება მსოფლიოს სამხედრო ეკონომიკიდან სამოქალაქო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობას; „პირველი მსოფლიოს“ ქვეყნების მიერ ე.წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნების ექსპლუატაციის შედეგად მათი სიღარიბისა და საჭიროებების აღიარებას; გლობალური დათბობის შეკავების გზებს; ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების აუცილებლობას; ტყეების განაშენიანების წახალისებას; ენერგიის ტრადიციული ფორმების შენახვასა და ალტერნატივის განვითარებას.
აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ანგარიშში „პირველი გლობალური რევოლუცია“ გლობალური დათბობა განხილულია, როგორც ახალი საბაბი კაცობრიობის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად, მცდარია.
გაეროს „პროგრამა 2030“ და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
სოციალურ ქსელში გავრცელებული შეთქმულების თეორიის შემცველი ვიდეოს კიდევ ერთი მტკიცების მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და გაეროს „პროგრამა 2030-ის“ პარტნიორობის ფარგლებში ტოტალური კონტროლის მოსაპოვებლად გლობალურ ძალებს შორის დღის წესრიგი შემუშავდება. აღსანიშნავია, რომ „პროგრამა 2030“ კოვიდპანდემიის დროს გავრცელებული დეზინფორმაციის ელემენტიც იყო და მას კონსპიროლოგები ეპიდემიას უკავშირებდნენ, კერძოდ, მსოფლიო მმართველობის დასამყარებლად ეტაპობრივად განსახორციელებელ გეგმად სახავდნენ. რეალურად კი, „პროგრამა 2030“ გაეროს მსოფლიოს მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად ჩამოყალიბებული პერსპექტივაა და იგი 2015 წლის შემდეგ განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს. დოკუმენტის მიხედვით, 2030 წლისთვის კონკრეტული 17 მიზანი უნდა იქნას მიღწეული, მათ შორის, სიღარიბისა და შიმშილობის აღმოფხვრა, ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და სხვა. პროგრამა სწორედ მსგავს საკითხებზე კონცენტრირდება და მასში არაფერია ნათქვამი ერთიანი მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბებასა და ტოტალურ მმართველობაზე. გარდა ამისა, დოკუმენტს სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და მისი განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მაშასადამე, მტკიცება, რომ გაეროს „პროგრამა 2030“ ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად შექმნილი დოკუმენტია, არასწორია.
რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, (WEF) იგი საერთაშორისო ლობისტური ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს დაარსდა და აერთიანებს სხვადასხვა სექტორის ლიდერებს გლობალურ ეკონომიკურ საკითხებზე სამსჯელოდ. ფორუმი ყოველწლიურ შეხვედრებს მართავს დავოსში, შვეიცარიაში, სადაც პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, აკადემიკოსები იკრიბებიან და განიხილავენ იმ საკვანძო საკითხებს, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიზანია, გააუმჯობესოს გლობალური მდგომარეობა ეკონომიკურ ზრდაზე, მდგრად განვითარებასა და სოციალურ საკითხებზე ფოკუსირებით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შეთქმულების თეორიების სამიზნე არაერთხელ ყოფილა, ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 2020 წელს ფორუმმა შეიმუშავა გეგმა „დიდი გადატვირთვა“, რომელსაც კონსპირატორები ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების მცდელობად წარმოაჩენდნენ. რეალურად კი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ წარდგენილი გეგმა წინასწარგაწერილ მსოფლიო მმართველობის სცენარს არ წარმოადგენს, არამედ მისი მიზანი კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ქვეყნების დახმარება იყო. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება WEF-ისთვის პრიორიტეტული საკითხია და მისი მოგვარების გზებზე სხვადასხვა სამთავრობო, საზოგადოებრივ და კერძო ჯგუფთან ერთად მუშაობს. ამავე მიზნით, 2023 წლის იანვარში კლიმატის ცვლილებების უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად ფორუმმა ყოველწლიურად 3 ტრილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ წამოიწყო ინიციატივა („Giving to Amplify Earth Action“ (GAEA)). მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიზანს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავება წარმოადგენს და არა მის ტოტალურ მმართველობისთვის ინსტრუმეტნად გამოყენება.
ხაზგასასმელია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს. შესაბამისად, მის საქმიანობას ძირითადად ლობისტური და სარეკომენდაციო ხასიათის აქვს. მას სახელმწიფოების პოლიტიკის კონტროლისა და მსოფლიო მოსახლეობისთვის წესების დაწესების უფლებამოსილება არ აქვს. აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური მმართველობის დამყარებას და კაცობრიობის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის გლობალურ დათბობას საბაბად იყენებს, ასევე მცდარია.
ფორუმისა და გაეროს „პროგრამა 2030-ის“ ურთიერთგადაკვეთა ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოსდაცვითი საკითხების ჭრილში მათი საერთო ინტერესებისა და მიზნების დამსახურებაა. კერძოდ, ფორუმსა და გაეროს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2019 წელს ნიუ-იორკში გაფორმდა, 6 ძირითად სპექტრზე ფოკუსირდება: „პროგრამა 2030-ის“ დაფინანსება, კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა, ციფრული კოოპერაცია, გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება, განათლება და უნარ-ჩვევები. მაშასადამე, მათი თანამშრომლობა აღნიშნული პრობლემების გარშემო ტრიალებს და არაფერი აქვს საერთო შეთქმულის თეორიის მტკიცებასთან, რომ კაცობრიობაზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.
შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული პოსტი მცდარ მტკიცებებსა და შეთქმულების თეორიის ელემენტებს შეიცავს, რადგან „რომის კლუბის“ მიერ გამოქვეყნებული „პირველი გლობალური რევოლუციის“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და გაეროს „პროგრამა 2030-ის“ მიზანს ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით გლობალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს და არც ერთი მათგანი ისეთი დღის წესრიგის შექმნაზე არ საუბრობს, რითაც გლობალისტური ძალები მსოფლიო მმართველობის დამყარებას და გლობალური დათბობის საბაბით კაცობრიობის წინააღმდეგ ომს გეგმავენ.
-------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.