Facebook-მომხმარებელი - „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (მაგალითად, იხილეთ: 1, 2, 3, 4) Bussiness Press News-ის სტატიის ფოტოანაბეჭდს (იხილეთ ქვემოთ სურათზე) ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს: „სანამ თქვენ გარყვნილი სოდომისტის სიკვდილს გლოვობთ, პარალელურად გვიახლოვდება კლიმატ აფიორის მადლი. ჯარიმებით ისე ამოგხდიან სულს მანქანის გახსენებაც აღარ მოგინდებათ. უფრო სწორედ იძულებული გახდებით ელექტრო ჯართზე გადახვიდეთ, რაც საბოლოოდ მაინც უმანქანოდ ან სიცოცხლის გარეშე დაგტოვებთ“.

რეალურად, დედაქალაქში შუქნიშნებთან დამონტაჟებული კამერები მანქანების გამონაბოლქვს გააკონტროლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმაში გაიწერა, რომლის მიზანი დედაქალაქში პრობლემური მავნე ნივთიერებებით გამოწვეული დაბინძურების შემცირებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისში ჰაერის მყარი ნაწილაკებით (PM10, PM2.5) და აზოტის დიოქსიდით (NO2) დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

რაც შეეხება კლიმატის ცვლილების „აფიორად“ წარმოჩენას, მეცნიერები თანხმდებიან, რომ კლიმატის ცვლილება სახეზეა და მრავალ საზიანო პროცესს იწვევს. ის შესაძლოა ბუნებრივი პროცესებითაც იყოს განპირობებული, თუმცა, 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, კლიმატის ცვლილების მთავარ გამომწვევად ადამიანის საქმიანობა იქცა, უპირველეს ყოვლისა, წიაღისეული საწვავის (როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი) წვა.

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა დაამტკიცა. მასში წარმოდგენილია 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია დაგეგმილი აქტივობები, ვადები, ბიუჯეტი და ა.შ. დოკუმენტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, შეიქმნა. გეგმის შემუშავებაში ჩართული იყვნენ ქართველი და ევროპელი ექსპერტები.

თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის მიზანი დედაქალაქში პრობლემური მავნე ნივთიერებებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება და სხვა მავნე ნივთიერებების დონეების ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაა. ხაზგასმულია ასევე ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა.

გეგმის პროექტის შესავალ ნაწილში ვკითხულობთ, რომ გამონაბოლქვის წინააღმდეგ ბრძოლა ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის დიდი ქალაქებში, მათ შორის თბილისში, მყარი ნაწილაკებით (PM10, PM2.5) და აზოტის დიოქსიდით (NO2) ჰაერის დაბინძურება ფიქსირდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიხედვით, ატმოსფერული ჰაერის ხარიხის მართვის გეგმების შემუშავება ევროკავშირის ქვეყნებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა, გიორგი ჯაფარიძემ, „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, თბილისში შუქნიშნებთან დამონტაჟდება ვიდეოკამერები, რომლებიც მანქანების გამონაბოლქვს გააკონტროლებს. კერძოდ, თბილისის მასშტაბით უნდა დამონტაჟდეს 3 კამერა შუქნიშნებთან, რომელიც მანქანის დაძვრის დროს ავტომატურად გაზომავს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონეს. ეს კამერები იქნება მოძრავი, შესაბამისად, მათი ადგილმდებარეობა შეიცვლება. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება სამშენებლო სექტორსაც. კერძოდ, გიორგი ჯაფარიძის თქმით, სამშენებლო მოედანზე მტვრის შესამცირებლად სამშენებლო მასალების ნარჩენები, მათ შორის ქვიშა და ცემენტი ისე უნდა შეიფუთოს, რომ არ მოხდეს მათი ამტვერება. გეგმის მიხედვით, თბილისში ასევე უნდა გაიზარდოს გამწვანებული ტერიტორიების ფართობი.

მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ გეგმის დამტკიცებას Facebook-გვერდზეც გამოეხმაურა. პოსტში აღნიშნულია, რომ გეგმის მიღებისას, მათი რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა.

რაც შეეხება Facebook-პოსტის ავტორის მტკიცებას, რომ კლიმატის ცვლილება „აფიორას“ წარმოადგენს, მიუხედავად მრავალი კვლევისა, რომელიც კლიმატის ცვლილების ნამდვილობასა და მის მავნე შედეგებს ადასტურებს, სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება მტკიცება, რომ კლიმატის ცვლილება „აფიორაა“ და „აბსურდია“.

სინამდვილეში, კლიმატის ცვლილება რეალურია და ის დედამიწაზე სხვადასხვა პროცესზე გავლენას ახდენს. მაგალითად, 1880 წლიდან, დედამიწაზე საშუალო გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ით გაიზარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური ტემპერატურის ცვლილება 2050 წლისთვის დაახლოებით 1,5°C მიაღწევს და 2100 წლისთვის ზრდის მაჩვენებელი 2-4°C იქნება. ტემპერატურის ზრდის შედეგად ყინულის ფართო მასები, განსაკუთრებით დედამიწის პოლუსებზე, დნება, რაც ხელს უწყობს ზღვის დონის აწევას. ზღვის დონე წელიწადში 3,2 მილიმეტრით იზრდება. ზრდა ბოლო წლებში უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და უახლოეს ათწლეულებში, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შესაძლოა, დაჩქარდეს.

კლიმატის ცვლილება ტემპერატურისა და ამინდის შაბლონების გრძელვადიან ცვლას ეხება. ასეთი ძვრები შეიძლება იყოს ბუნებრივი, მზის აქტივობის ცვლილების ან დიდი ვულკანური ამოფრქვევის შედეგი. მაგრამ 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანის საქმიანობა იქცა კლიმატის ცვლილების მთავარ მამოძრავებელ ძალად, უპირველეს ყოვლისა, ისეთი წიაღისეული საწვავის დაწვის გამო, როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი.

გლობალური კლიმატის ცვლილების თეორიის მიხედვით, წიაღისეული საწვავის დაწვა ქმნის საფარს, რომელიც დედამიწაზე მზის სითბოს იკავებს და ამგვარად, გლობალურ ტემპერატურას ზრდის. გლობალური დათბობა კი, თავის მხრივ, ისეთ მოვლენებს იწვევს, როგორებიცაა: გვალვები, წყლის დეფიციტი, ძლიერი ხანძარი, ზღვის დონის აწევა, წყალდიდობა, პოლარული ყინულის დნობა, ძლიერი ქარიშხალი და ბიომრავალფეროვნების შემცირება (აღნიშნულ თემაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია