სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს. მისი მტკიცებით, ვიდეოს კადრებზე გამოსახული ფეხბურთელები სატანისტურ ჟესტებს აკეთებენ. რეალურად, აღნიშნული ჟესტები სხვადასხვა სპორტსმენის მიერ გოლის, მოპოვებული ქულის აღსანიშნად გამოიყენება.

• გავრცელებულ ვიდეოში მოცემულია მარკო როისის კადრები, რომელმაც ბრილიანტის ჟესტის გამოყენება 2013 წელს ამერიკელი რეპერის, ჯეი-ზის კონცერტზე დასწრების შემდეგ დაიწყო, რასაც Bundesliga-ის მიერ გამოქვეყნებული Youtube-ვიდეოც ადასტურებს, აღწერით: „მარკო როისი ცოტა ხნის წინ ჯეი-ზის კონცერტზე იმყოფებოდა და დორტმუნდის სტადიონზე მისი ბრილიანტის ჟესტი გადმოიტანა“.

ჯეი-ზიმ ხელის ამ ჟესტის გამოყენება 12 წლის წინ დაიწყო, თავისი ალბომის Roc La Familia-ს პოპულარიზაციისთვის. იგი გამოსახული იყო ალბომის გარეკანზე, ჯეი-ზის მუსიკალურ კლიპებში, რეპერის მიერ შექმნილ და გაყიდულ საქონელზე. თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშვნას დაიმონდ დალას პეიჯი (DDP) ათ წელზე მეტი ხნის წინ იყენებდა და ალმასის მსგავსი ხელის ჟესტი საავტორო უფლებებით ჰქონდა დაცული.

DDP-მ WWE The Bump-თან ახსნისას, თუ რატომ დაიწყო აღნიშნული ჟესტის გამოყენება, განაცხადა, რომ თავიდან [Diamond Cutter ჟესტი] არ ჰქონია, მხოლოდ მაღლა და შემდეგ დაბლა წევდა ხელებს. ერთ-ერთი მატჩის ჩანაწერზე დაკვირვებისას, მან შენიშნა, რომ მაყურებელთა რიგებში აღნიშნული ნიშანი გამოიყენეს. მას შემდეგ სპორტსმენი და მისი გულშემატკივრები აღნიშვნას ხშირად იყენებდნენ.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი უეინ რუნი მსგავს აღნიშვნას, რომლის დროსაც ზეცისკენ ორივე ხელს მიაპყრობს, მისი ცოლის პატარა დის პატივსაცემად იყენებს, რომელიც 14 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„როცა აღნიშვნას ვიყენებ, ეს ჩემი მეუღლის პატარა დის, როუზის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა 2013 წელს 14 წლის ასაკში“, - წერდა რუნი პლატფორმა X-ზე.

• ინტერნეტსივრცეში სათვალის სიმბოლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა აქამდეც გავრცელებულა, მტკიცებით, რომ სპორტსმენები ხელით ილუმინატების, მასონების ან უბრალოდ, „არაქრისტიანულ“ სიმბოლოებს აკეთებენ.

2011 წელს აღნიშნულ ჟესტთან დაკავშირებით სტატია The Wall Street Journal-მაც გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, სათვალის სიმბოლოს გავრცელება სეზონის დასაწყისში პორტლენდში ხუმრობით დაიწყო. პეტი მილსს, NBA-ის ტრეილ ბლეიზერსის მცველს, თანაგუნდელ რუდი ფერნანდესთან მისი ცუდი მხედველობის გამო ხუმრობა უყვარდა. ერთ-ერთი მატჩის პირველ ნახევარში, როცა ფერნანდესს შორი მანძილიდან ბურთის ზუსტად სროლა უჭირდა, მილსმა მას განუცხადა, რომ სათვალე ან კონტაქტური ლინზები უნდა გამოეყენებინა. ამავე მატჩში ფერნანდესმა რამდენიმე სამქულიანი ბურთი ჩააგდო, რის შემდეგაც სპორტსმენი მილსს მიუბრუნდა და სათვალის ჟესტი აჩვენა (საჩვენებელი თითი და ცერა თითი წრიულად მიიტანა თვალებთან, დანარჩენი სამი თითი კი ზემოთ ჰქონდა გაშლილი), რითაც ანიშნა, რომ მას სათვალე არ სჭირდებოდა.

The Wall Street Journal-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ სიმბოლო საკალათბურთო გუნდსა და მისი გულშემატკივრების რიგებს გასცდა და დღეს მხოლოდ კალათბურთის თამაშისას სამქულიან სროლასთან აღარ ასოცირდება.

„სათვალის“ ნიშანს ხშირად ფეხბურთელებიც იყენებენ გატანილი გოლისა და შესაბამისად, ანგარიშის ცვლილების აღსანიშნავად (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4). დღეისთვის, ხელის ამ ჟესტს უკვე მრავალი განსხვავებული, თუმცა უწყინარი მნიშვნელობა აქვს.

მაგალითად, პედრი, ესპანელი ფეხბურთელი, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, აღნიშნულ სიმბოლოს გოლის აღსანიშნად და მამის პატივსაცემად იყენებს. ფეხბურთელის განმარტებით, მამა, რომელმაც მას ფეხბურთის სიყვარული ჩაუნერგა, სათვალეს ატარებს.

ლეანდრო ტროსარი, ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი, იმავე ჟესტს გოლის აღსანიშნად საკუთარი შვილის თხოვნით იყენებს. ფეხბურთელის განმარტებით, სიმბოლო მისმა შვილმა, სავარაუდოდ, YouTube-ზე სუპერგმირების ყურებისას ნახა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ გოლის გატანისას ამ აღნიშვნას იყენებს, სახლში დაბრუნებულს კი შვილი იმავე ჟესტით ხვდება.

გოლის აღსანიშნად „სათვალის“ ჟესტი „რეალ მადრიდის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმაც გამოიყენა. ფეხბურთელის განმარტებით, აღნიშვნა მისი დისშვილისთვის არის განკუთვნილი, რომელიც სათვალეს ატარებს.

• ვიდეოში ასევე მოცემულია დელე ალის აღნიშვნის ფოტო. ფეხბურთელის ეს ჟესტი უბრალოდ გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან თითების თვალებთან მსგავსი ფორმით მიტანას ბევრი ვერ ახერხებდა, რის გამოც ჟესტი გულშემატკივრებში და არამხოლოდ, ვირუსულად გავრცელდა.

Dele Challenge 2.0 გამოწვევა გამოსაკვეთად თვალების გარშემო თითების შემოჭდობას გულისხმობს. მოგვიანებით, გამოწვევის გასართულებლად მან მაყურებელს ახალი აღნიშვნაც შესთავაზა.

• ვიდეოში ასევე მოცემულია კრიშტიანუ რონალდუს ფოტო, რომელზეც ფეხბურთელის აღნიშვნა სატანის თაყვანისცემასთან არის შედარებული. რეალურად, რონალდუს ეს ჟესტი მხოლოდ საკუთარ თავზე ხუმრობას წარმოადგენდა.

ფეხბურთელის აღნიშვნა, რომლის დროსაც მან თვალები დახუჭა და ხელები გადაიჯვარედინა, მანჩესტერ იუნაიტედის განმარტებით, სუპერვარსკვლავის ძილისადმი სიყვარულის ოდაა.

„რა თქმა უნდა, კრიშტიანუ ცნობილია იმით, რომ ზრუნავს საკუთარ თავზე და უზრუნველყოფს, რომ ის ყოველთვის საუკეთესო მდგომარეობაში იყოს, რაც ბუნებრივია, გულისხმობს საათობით შრომას სავარჯიშო მოედანზე და დარბაზში. ეს ასევე მოიცავს სწორ მომენტებში დასვენებას და იმის უზრუნველყოფას, რომ მას ჰქონდეს საკმარისი ძილი, რათა ხელი შეუწყოს გამოჯანმრთელებას: როგორც ადრეც აღინიშნა, რონალდუს დღეში რამდენჯერმე სძინავს“, - განაცხადა იუნაიტედმა.

• გავრცელებულ ვიდეოში ასევე მოცემულია ბრაზილიელი ფეხბურთელის, რობერტო ფირმინოს კადრი, რომელშიც ფეხბურთელი თვალს მარცხენა ხელით იფარავს.

ფეხბურთელმა მსგავსი ჟესტით 2018 წლის 18 სექტემბერს პარი სენ-ჟერმენთან გადამწყვეტი წარმატებული გოლი აღნიშნა. მისი დარტყმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, რადგან მან გასულ თამაშში თვალის ძლიერი ტრავმა მიიღო.

ფირმინომ აღნიშნულ სიმბოლოზე ერთ-ერთ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა: „ აუხსნელი ტკივილი იყო, ახლა უკეთ ვარ და მზად ვარ სათამაშოდ, როგორც თქვენ ნახეთ! აღნიშვნა იყო იმის ჩვენება, რომ მე 100%-ით დავბრუნდი“.

საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ მწვრთნელი, იურგენ კლოპი შიშობდა, რომ ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ თამაშს ვეღარ შეძლებდა, თუმცა ფირმინოს გოლმა და მისმა აღნიშვნამ მისი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

„მომეწონა მისი გოლის აღნიშვნა. შაბათ-კვირას მიღებული ტრავმის შემდეგ მისი სკამიდან ადგომა წარმოუდგენელია. ბობიზე საკმარის კარგს ვერ ვიტყვი“, - განაცხადა მან.

• ვიდეოში ასევე მოცემულია არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის ფოტოები, სადაც მისი ტატუ და თხასთან გადაღებული კადრები ჩანს.

სინამდვილეში, ტატუ, რომელიც მესის მარჯვენა მკლავზე აქვს, ილუმინატთან და სატანიზმთან არავითარ კავშირში არ არის. რეალურად, როგორც სპორტული ვებგვერდები განმარტავენ, არგენტინელმა ფეხბურთელმა ტატუ მის ცოლს, ანტონელა როკუზოს მიუძღვნა და მარჯვენა მკლავზე სწორედ მისი თვალი ამოისვირინგა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს არგენტინელმა ჟურნალისტმა, დიეგო ბორინსკიმ Twitter-ზე მესის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მესის ახალი ტატუ ანტონელას ეძღვნებოდა და ტატუზე სწორედ მისი თვალები იყო გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ მესის თხასთან გადაღებული ფოტოც კი სატანიზმთან არის დაკავშირებული. თუმცა, აღნიშნული მტკიცება ყალბი და უსაფუძვლოა. სინამდვილეში, გავრცელებული ფოტოები სიმბოლურია და სიტყვა „GOAT”-თან არის დაკავშირებული, რომელიც კემბრიჯის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ფრაზის „Greatest Of All Time“ („ყველა დროის საუკეთესო“) აბრევიატურას წარმოადგენს. ამავე განმარტების მიხედვით, სიტყვა „GOAT“ ძირითადად სპორტთან დაკავშირებით გამოიყენება და მიემართება ადამიანს, რომელმაც საუკეთესო პერფორმანსი აჩვენა.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მტკიცება, აღნიშნული სიმბოლოების მასონებთან და სატანისტებთან კავშირის შესახებ, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.