სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი Pოლიტიკა, პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დისკრედიტაციული შინაარსის ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოს აღწერის მიხედვით, მასში ასახულია ზურაბ ჯაფარიძის ერთი დღე (იხ. დაარქივებული ვიდეო).  ვიდეო თავდაპირველად TikTok-ზე გავრცელდა

ვიდეოს აუდიომასალა ზურაბ ჯაფარიძის ბუნებრივ ხმასთან ძალიან მიმსგავსებულია, თუმცა სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია, ხოლო ვიდეოს აუდიო ნაწილი - გაყალბებული.

კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძეს მსგავსი რამ არ უთქვამს, ხოლო ვიდეო პოლიტიკოსის პირად ან „გირჩი მეტი თავისუფლების“ ანგარიშზე, ასევე სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოების გაერთიანებას წარმოადგენს. 

მაგალითად, Facebook-გვერდის „Pოლიტიკა“, მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს დასაწყისში ჩანს კადრი (იხ. ფოტო ქვემოთ), რომელსაც თან ახლავს ტექსტი „მე ვარ ზურაბ ყ**ნჯი ჯაფარიძე და დღეს ჩემს 1 დღეს გაჩვენებთ“.

სინამდვილეში, აღნიშნული კადრი აღებულია პოლიტიკოსისა და პარტიის სოციალურ ქსელებში (Zurab Girchi Japaridze, Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება) გამოქვეყნებული ვიდეოდან, სადაც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს: „მიუნხენის აეროპორტში ვარ ახლა. ამ ზონაში ყველა ხართ სავარაუდოდ ნამყოფი. ეს არის ზონა, სადაც შესვლა თუ გინდა ქვეყნის ტერიტორიაზე, გადიხარ პასპორტ-კონტროლს“. 

Facebook-გვერდის „Pოლიტიკა“ მიერ გამოქვეყნებული რედაქტირებული ვიდეოდან შემდეგი კადრი (სადაც ზურაბ ჯაფარიძე თითქოს ამბობს „ვცდილობ *** არ ვიყო, მაგრამ დილით მეც საკმაოდ ადრე ავდექი. ახალგაზრდულად ჩავიცვი რომ Gen Z-ს თავისიანი ვეგონო...“) სინამდვილეში, აღებულია „ფრანკლინის კლუბში“ ზურაბ ჯაფარიძის სტუმრობის ამსახველი ვიდეოდან.  ფრანკლინის კლუბში ვიზიტისას, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს განვითარების საკუთარ ხედვაზე ისაუბრა. რეალურ ვიდეოში ზურაბ ჯაფარიძე რედაქტირებულ ვიდეოში გაჟღერებულ ციტატას არ ამბობს. 

ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია, ხოლო ვინაიდან აუდიომასალაში ხმა პოლიტიკოსის რეალურ ხმასთან ძალიან მიმსგავსებულია, ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლები შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს. 

მსგავსი შინაარსით, რედაქტირებული ვიდეოები ნიკა გვარამიას, გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შესახებაც გაავრცელეს იმავე TikTok  და მასთან დაკავშირებულმა Facebook-ანგარიშებმა.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.