ლევან დავითაშვილი: უზბეკეთთან სავაჭრო ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.
2012 წელს უზბეკეთთან სავაჭრო ბრუნვამ 28 მლნ დოლარი, პანდემიამდე, 2019 წელს 105 მლნ და 2024 წელს 242 მლნ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2025 წლის იანვარშიც ბრუნვა 11 მლნ-დან 19 მლნ-მდე გაიზარდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ექსპორტი იმპორტს აღემატებოდა.ექსპორტში რეექსპორტის წილი სტაბილურად 70%-ს აჭარბებს. #1 საექსპორტო პროდუქციას სამკურნალო საშუალებები წარმოადგენს, მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. იმპორტში 2024 წლის ჩათვლით პირველ ადგილს სპილენძის მავთული იკავებდა, რომელსაც 2025 წლის იანვარში ნავთობპროდუქტებმა გაუსწრო.ბოლო წლებში უზბეკეთში ექსპორტი, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი, ნამდვილად გაიზარდა, გაზრდილია უზბეკეთიდან იმპორტიც, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.
ანალიზი:
ლევან დავითაშვილმა უზბეკეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა: „უზბეკეთთან ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამიკურად იზრდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის“.
უზბეკეთი იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალშია, რომელთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია. 2011-2024 წლებში უზბეკეთში ექსპორტზე 1 მლრდ-ზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა და იმპორტის სახით 355 მლნ-ის შემოვიდა. თითოეულ ცალკე აღებულ წელს ექსპორტი იმპორტს აჭარბებდა.
პანდემიამდე ექსპორტმა მაქსიმუმს (98 მლნ დოლარს) 2015 წელს მიაღწია. 100-მილიონიან ნიშნულს პირველად 2022 წელს გადასცდა და მაქსიმალურ მაჩვენებელს - 147 მლნ-ს, 2024 წელს მიაღწია. ბოლო სამ წელიწადში გასამმაგდა და 95 მლნ დოლარამდე გაიზარდა უზბეკეთიდან იმპორტიც. ზრდის ტენდენცია 2025 წლის იანვარშიც შენარჩუნდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 7-დან 10.5 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 4-დან 8 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობა უზბეკეთთან (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ექსპორტის დაახლოებით ¾ რეექსპორტზე მოდის. ეს მაჩვენებელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არ გაზრდილა. 2014-2021[1] წლებში უზბეკეთში ექსპორტიდან რეექსპორტის წილი 80%-ს შეადგენდა, 2022-2024 წლებში - 76%-ს.
გრაფიკი 2: ექსპორტის სტრუქტურა უზბეკეთში (მლნ. აშშ დოლარი)
ყირგიზეთისა და ყაზახეთისგან განსხვავებით, უზბეკეთში #1 საექსპორტო პროდუქციას სამკურნალო საშუალებები წარმოადგენს. 2024 წელს 147 მლნ-დან თითქმის ნახევარი - 70 მლნ, სამკურნალო საშუალებებზე მოდიოდა. თავის მხრივ ამ 70 მლნ-დან 62 მლნ რეექსპორტს წარმოადგენს. სამკურნალო საშუალებების წილი ექსპორტში 2024-მდე კიდევ უფრო მაღალი იყო და 50%-ს, 2010-იანი წლების დასაწყისში 80%-საც აჭარბებდა.
2024 წლის მდგომარეობით, 14.7 მლნ-ით ექსპორტში მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. მესამე ადგილზე 9.6 მლნ-ით დაგაზიანებული წყლებია. ხუთეულში დარჩენილ ორ ადგილს მინერალური წყლები და ტრანსფორმატორები ინაწილებენ. ცალკე გამოყოფილ ადგილობრივ ექსპორტში 2024 წელს 9.6 მლნ-ით პირველ ადგილზე დაგაზიანებული წყლები გავიდა, 2023 წელს - 8.3 მლნ-ით, სამკურნალო საშუალებები.
2024 წლის მონაცემებით, იმპორტში პირველ ადგილს 26 მლნ დოლარით ნავთობპროდუქტები იკავებს, 25 მლნ-ით მეორე ადგილზე სპილენძის მავთულია, სამეულს 8.4 მლნ-ით პარკოსანი ბოსტნეული ასრულებს. 2023 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტმა მხოლოდ 417 ათასი დოლარი შეადგინა და პირველი ადგილი 20 მლნ-ით სპილენძის მავთულმა დაიკავა. 2011-2023 წლებში საქართველომ უზბეკეთისგან სულ 3.6 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტი და 87 მლნ დოლარზე მეტის სპილენძის მავთული შეიძინა. 2025 წლის იანვრიდან ვითარება შეიცვალა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა სპილენძის მავთულის იმპორტს 6-ჯერ გადააჭარბა (3 მლნ-ის ნავთობპროდუქტები, 0.5 მლნ-ის სპილენძის მავთული).
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში უზბეკეთთან სავაჭრო ბრუნვა ნამდვილად გაიზარდა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება, როგორც ექსპორტი, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი, ასევე იმპორტი, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.