სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მიხეილ განუბაჟებელი“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3) მსახიობ გოგოლა კალანდაძის ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ისმის სიტყვები: „მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ქალი, მიხეილ სააკაშვილს უნდა მისცეს ჩვენმა სოფელმა, ხალხმა, ყველამ“ და იქმნება წარმოდგენა, რომ ეს ფრაზები გოგოლა კალანდაძეს ეკუთვნის. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია და მის ძირითად ნაწილში ხმოვანი მასალა შეცვლილია.
მსახიობ გოგოლა კალანდაძემ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჟურნალიტს ინგა გრიგოლიას გადაცემაში - „რეაქცია“ - 2022 წლის თებერვალში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში პატრიოტიზმის გამო ადამიანები ისჯებიან, მაგალითად, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს და მას ეს ხელისუფლება არ უნდა ასამართლებდეს. სწორედ ამ მონაკვეთში მსახიობი ამბობს: „მე ვიყავი „მიშისტი“ და ამის თქმა არც მიტყდება, არც მცხვენია და არც მეშინია, იმიტომ, რომ ამ კაცმა რეალურად გვაცხოვრა და რაღაც იმედი მქონდა, რომ მე ვიცხოვრებდი აი, ისეთ საქართველოში, როგორიც მე მინდოდა“.
ვიდეოში პირველი ფრაზის შემდეგ გოგოლა კალანდაძის ხმა ამოშლილია. ვიდეოს აღნიშნულ მონაკვეთში მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი სხვა მხარდამჭერის ფრაზა ისმის: „მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ქალი. მიხეილ სააკაშვილს უნდა მისცეს ჩვენმა სოფელმა, ხალხმა და ყველამაც“. ვიდეო, რომლიდანაც ეს ფრაზა ამოიღეს, 2012 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურეში მომხდარი ინციდენტის დროს არის გადაღებული.
ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და ყალბ ამბავს წარმოადგენს.
გოგოლა კალანდაძის ვიდეო Facebook-ანგარიშის TikTok-გვერდზეც „Mikheilukrainologi” იმავე აღწერით გავრცელდა. როგორც წესი, ანგარიში ორივე პლატფორმაზე ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით სარკასტულ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს და მიმებს იყენებს, მაგალითად, სატელევიზიო სიუჟეტებიდან მანიპულაციურად ჭრის კადრებს, ვიდეოების ნაწილზე ცვლის ხმოვან მასალას (იხ. მაგალითები 1, 2, 3, 4, 5). წარსულში Facebook-ანგარიში „მიხეილ უკრაინოლოგის“ სახელით ფუნქციონირებდა. Disinfoobserver-ის მიხედვით, აღნიშნული გვერდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების, წევრების და მხარდამჭერების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და ყველა იმ პირს, სამოქალაქო აქტივიტს თუ მედიას უპირისპირდებოდა, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.