არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა

ცენტრალური საარჩევნო კომისია: არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ცესკო-ს განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

28 ოქტომბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლითაც კიდევ ერთხელ უარყო ბრალდებები არჩევნების გაყალბების თაობაზე. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად, ცესკო რამდენჯერმე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს დაეყრდნო.

კერძოდ, ცესკო-ს განცხადებით, ეუთო/ოდირმა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა გამართულად იმუშავა, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. ცესკო-ს თანახმად, პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. ხოლო იმის დასტურად, რომ არჩევნების დღეს არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა, ცესკო-მ მოიყვანა ეუთო/ოდირის შეფასება, რომ „კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა“.

ფაქტ-მეტრმა ცესკო-ს განცხადება გადაამოწმა.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო ანგარიში გასული წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, კენჭისყრის დღის პროცედურები, ზოგადად, მოწესრიგებულად ჩატარდა. ხმის მიცემის პროცესი უმეტეს შემთხვევაში პროცედურულად კარგად ორგანიზებულად შეფასდა. თუმცა იგი ხასიათდებოდა დაძაბული გარემოთი, რასაც განაპირობებდა მრავალი შემთხვევა, როდესაც ამომრჩევლები ზეწოლას განიცდიდნენ და ამომრჩეველთა თვალთვალი, რომელიც ძირითადად მმართველი პარტიის სტრუქტურებისა და მათთან დაკავშირებული პირების მიერ ხორციელდებოდა; ასევე გამოვლინდა საარჩევნო უბნებზე გადატვირთულობა და ხმის საიდუმლოების დაცვის ხშირი დარღვევები.

ეუთო/ოდირი დამატებით განმარტავს, რომ 1,924 დაკვირვებიდან 6%-ში, რაც მისიის შეფასებითვე, მნიშვნელოვან რაოდენობას წარმოადგენს, პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების ნიშნების გამო, რომლებიც ზოგჯერ დაძაბულობას, არეულობასა და საარჩევნო უბნებზე გადატვირთულობასთან ერთად ვლინდებოდა.

სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თანახმად, დამატებითი სერიოზული პროცედურული შეუსაბამობები მოიცავდა ამომრჩეველთა მარკირების პრაქტიკის არათანმიმდევრულ გამოყენებას; ის რეგულარულად არ მოწმდებოდა ან საერთოდ არ ხდებოდა, შესაბამისად, დაკვირვების შემთხვევათა 7 და 4 პროცენტში. აღსანიშნავია, რომ სწორედ მარკირებაა ერთ-ერთი მთავარი დაზღვევა, რომ ერთმა პირმა რამდენჯერმე არ მისცეს ხმა (ე.წ კარუსელით გაყალბების სქემა).

ეუთო/ოდირის მისია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს ხშირად ვერ კითხულობდა, რის გამოც საჭირო იყო მონაცემების ხელით შეყვანა, რაც პროცესს, ადამიანური შეცდომებისა და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართ, უფრო დაუცველს ხდიდა. მეტიც, სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ხელს უშლიდნენ ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის მონიტორინგს, ხოლო რიგ შემთხვევებში, სარეგისტრაციო მაგიდების განლაგება შეუძლებელს ხდიდა სრულფასოვანი დაკვირვების განხორციელებას.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გამჭვირვალობის საკითხსაც შეეხო. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ცესკომ კერძო კომპანიას დაავალა მოწყობილობების საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი აუდიტის ჩატარება, რომელმაც საბოლოოდ დაადგინა, რომ სისტემაში შეტანილ განახლებებს მისი სამართლიანობა, სანდოობა და უსაფრთხოება არ დაურღვევია. თუმცა ეს ანგარიში მხოლოდ არჩევნების შემდეგ გავრცელდა, რამაც დაინტერესებულ მხარეებს მისი წინასწარ გაცნობის შესაძლებლობა არ მისცა. გარდა ამისა, ეუთო/ოდირის მისია აღნიშნავს, რომ არსებობდა შეზღუდული ინფორმაცია გარე პროვაიდერების შესახებ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მოწყობილობების დანერგვასა და აუდიტში. ამასთან, დაინტერესებულ მხარეებს ელექტრონულ ტექნოლოგიებზე სრულფასოვანი წვდომა ყველა ეტაპზე, ასევე დეტალური ინფორმაციის გაცნობისა და აუდიტის შესწავლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რაც საერთაშორისო კარგ პრაქტიკას არ შეესაბამება.

ცესკოს განცხადებაში არაფერია ნათქვამი ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებულ დასკვნაზე არჩევნების დღეს ხმის ფარულობის ხშირი კომპრომეტირების თაობაზე. კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების შემთხვევათა 24%-ში საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების წესის, 12%-ში მონიშვნის წესის, ხოლო 7%-ში საარჩევნო უბნის განლაგების გამო. ეუთო დამატებით გამოყოფს რამდენიმე ფაქტორს, რომელთაც ასევე შეეძლოთ ხმის ფარულობის კომპრომეტირება, მათ შორის: საარჩევნო კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ან დამკვირვებლების სიახლოვე საარჩევნო ყუთებთან ან ხმის მიცემის კაბინებთან (დაკვირვების 16%-ში), უბნებზე ხალხმრავლობა (16%), ჩარჩო-კონვერტის არასწორი გამოყენება (9%), ბიულეტენის მეორე მხარეს მარკერის გამოჟონვა(6%), ასევე ვიდეოკამერების გამოყენება, რაც ამომრჩეველთა არჩევანის გამჟღავნების საფრთხეს ქმნიდა. მეტიც, ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ „წინასაარჩევნო დღის ტექნოლოგიური სატესტო დემონსტრაციების შედეგად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევები, რომლებიც არჩევნების დღემდე არ აღმოფხვრეს“.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესში, ბიულეტენზე მარკერის გამოჟონვის შესაძლებლობა თავად ცესკომ აღიარა და არჩევნების დღეს მთვლელ აპარატზე, ბიულეტენის მოთავსების ჭრილის თავზე ქაღალდის მყარი საფარი მოათავსა ისე, რომ ბიულეტენის შეცურებისას მონიშნული ადგილი გამოჟონვის შემთხვევაში ვერავის დაენახა. ანუ, ცესკომ დაუშვა, რომ გამოჟონვის კვალი შესაძლოა ადვილად დასანახი ყოფილიყო.

ცესკო ასევე არაფერს ამბობს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც ეუთო/ოდირის თანახმად, შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება. ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ფინანსური სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი ინიციატივა წამოიწყო, მათ შორის, შემუშავდა და მიღებულ იქნა კანონი სასჯელმისჯილთა ფართო სპექტრის ამნისტიის შესახებ. ანგარიშში ჩამოთვლილია მთავრობის ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც, ეუთოს შეფასებით, ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების ბერკეტს წარმოადგენდა. მათ შორის არის კურსდამთავრებულთათვის ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება, პენსიონერთათვის საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების პენსიების გაზრდა, გადასახადების გადამხდელებისთვის 2021 წლამდე გადაუხდელი დავალიანებების ჩამოწერა და კოვიდ-19-ის პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება. ეუთო/ოდირის სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 642,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.

მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირმა ზოგადად დადებითად შეაფასა ცესკო-ს საქმიანობა გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, მანვე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის საზოგადოებრივ აღქმაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ინიციირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელთა შედეგადაც „მმართველმა პარტიამ გააძლიერა კონტროლი ცესკოს წევრთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესზე, გაუქმდა ოპოზიციის მიერ დასახელებული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და შემცირდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კონსენსუსის აუცილებლობა; დამატებით, კომისიის არაპარტიულ წევრებსა და მმართველ პარტიას შორის აღქმულმა კავშირებმა გააღრმავა ცესკოსადმი უნდობლობა“ - აღნიშნულია სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, თუმცა არაფერია ნათქვამი ცესკო-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ცესკო-ს განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.