საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებში, 2024 წლის ივლისში, რუსეთის წილი 15.3%-მდე შემცირდა, რის შედეგადაც მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე შეერთებული შტატები გავიდა, მეორეზე იტალია. ბოლო პერიოდში, პოზიციების დათმობის მიუხედავად, 7 თვიან ჭრილში 18.9%-იანი წილით რუსეთი ჯერჯერობით პირველობას ინარჩუნებს, თუმცა სხვაობა იტალისთან და შეერთებულ შტატებთან სულ უფრო და უფრო მცირდება.
უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთის წილი ფულად გზავნილებში სისტემატურად მცირდებოდა და თუ 2013 წელს 50%-ს აღემატებოდა, 2020 წელს უკვე 20%-იან ნიშნულს ჩამოცდა. ომის დაწყების შემდეგ დინამიკა რადიკალურად შეიცვალა.
გრაფიკი 1: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2015-დან 2018 წლამდე პერიოდში თანხობრივად მცირედით - 433-დან 457 მლნ-მდე, გაიზარდა, თუმცა წილობრივად მნიშვნელოვნად - 40%-დან 29%-მდე შემცირდა. შემდეგ სამ წელიწადში, მართალია, თანხობრივი კლებაც დაფიქსირდა - 457-დან 411 მლნ-მდე, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანი წილობრივი კლება იყო - 40%-დან 18%-მდე.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთიდან საქართველოში გზავნილების ზრდა ერთი თვის შემდეგ, აპრილიდან იწყება. სანქციების პირველ ტალღას რუბლის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. სრული კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა თანხის საზღვარგარეთ გადარიცხვაზე და გადახურდავებაზე მკაცრი რეგულაციები დააწესა. მიგრანტთა პირველი ტალღა საქართველოში მართალია მალევე გამოჩნდა, მაგრამ არა ერთ დღეში. შესაბამისად, ომის ეფექტი გზავნილებს აპრილში დაეტყო და არა მარტში.
რუს მიგრანტთა ნაწილმა საქართველო უკვე დატოვა. დარჩენილთა ნაწილმა კი უძრავი ქონება 2022-2023 წლებში შეიძინა. მათი მხრიდან მსხვილი ხარჯების შემცირებამ გზავნილების კლებაზე დამატებითი გავლენა იქონია.
2022 წლის მესამე კვარტალში გზავნილები შემცირდა, თუმცა მეოთხე კვარტალში პიკს მიაღწია. აღნიშნული მობილიზაციას უკავშირდება. 2022 წლის სექტემბერში რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და საქართველოშიც მიგრანტთა ახალი ტალღა გამოჩნდა.
გრაფიკი 2: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2024 წლის აგვისტოში, უკრაინის კურსკში შეჭრით ომი რუსეთის ტერიტორიაზეც გადავიდა. ეს ფაქტი და ხელახალ მობილიზაციაზე თუნდაც მხოლოდ საუბრის დაწყება, პოტენციურად საქართველოში რუსი მიგრანტების ზრდის მოლოდინს აჩენს. მიგრაციის ზრდა კი, თავის მხრივ გზავნილებზეც ახდენს გავლენას. ფრონტზე ცვლილებებიდან 10 დღის შემდეგ, გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ტერიტორიაზე გავრცელდება საომარი მოქმედებები, გამოცხადდება თუ არა მობილიზაცია და ჩაიკეტება თუ არა საზღვრები.
ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილის მიმღებებს მოქალაქეობის მიხედვით არ აღრიცხავს. შესაბამისად, ვერ დგინდება, რუსეთის შემთხვევაში, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებზე თანხა რა პროპორციით ნაწილდება.
ფულადი გზავნილები მშპ-ის ფორმირებაში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა მის ერთ-ერთ კომპონენტზე - მოხმარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გამონაკლისებს, ბოლო 20 წელია, რაც გზავნილებზე დამოკიდებულება მუდმივად იზრდება. თუ 2003 წელს გზავნილების წილი ეკონომიკაში 6.2%-ს შეადგენდა, 2012 წელს 10.7%-ს მიაღწია, 2022 წელს კი - 15.6%-ს. ომამდეც, 2021 წელს გზავნილების წილი 14.2%-ს აღწევდა, რაც აგრეთვე რეკორდული იყო.
2013-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეების უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 285 ათასს გადააჭარბა. ბოლო პერიოდში მიგრაციული პროცესი დაჩქარდა. მხოლოდ 2022-2023 წლებში ქვეყანა 118 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. მაღალმა მიგრაციამ გზავნილების ზრდის პროცესი დააჩქარა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გზავნილები 2020 წელსაც გაიზარდა, იმ გამონაკლის წელს, როდესაც პანდემიის გამო დადებითი მიგრაციული სალდო აღინიშნა.
ბოლო პერიოდში გზავნილების მოცულობა ყველაზე მეტად შეერთებული შტატებიდან გაიზარდა. მიმდინარე წლის 7 თვეში შეერთებული შტატებიდან საქართველოში 317 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ორჯერ მეტი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სტაბილურად იზრდება გზავნილების მოცულობა ევროკავშირიდანაც. ივლისის მდგომარეობით აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ჯამური წილი ფულად გზავნილებში 60%-ს აღემატება.