სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „ოფიციალური ამერიკული სატანისტების ეკლესიამ საჯაროოდ მადლობა გადაუხადა პარიზის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს, მათ ვინც გახსნის ცერემონიის საშუალებით შეურაწყვეს მილიონობით ქრისტიანი. სატანისტების წინამძღვარმა დემონურ ვაქხანალიას „თავისუფლების ტრიუმფი ღმერთზე“ უწოდა“, - ვკითხულობთ პოსტში. ვიდეოში ჩანს პიტერ გილმორი, რომელიც პოსტში მოხსენიებულია, როგორც „სატანისტების წინამძღვარი“. ასევე, ვიდეოს მარჯვენა ზედა კუთხეში ჩანს ამერიკული მაუწყებლობა USA Today-ის ლოგო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ინფორმაცია მათ გაავრცელეს. სინამდვილეში, მტკიცება ყალბია. ვიდეო რედაქტირებულია და USA Today-ის არ ეკუთვნის (არქივირებული ბმული).
საგულისხმოა, რომ მსგავსი ვიდეო USA Today-ის სოციალურ ქსელებში Facebook; X; YouTube და ვებგვერდზე არ იძებნება.
ვიდეორგოლი სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა. მაგალითად, X-ზე Community Note-ებში [1] მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ვიდეო ყალბია. მტკიცებულებად მითითებულია Church of Satan-ის გვერდი X-ზე, სადაც აღნიშნული ვიდეო გაზიარებული აქვთ, მასზე Church of Satan-ის მღვდელმთავრის („High Priest“) პიტერ გილმორის გამოხმაურებაც მითითებულია. „პარიზის ოლიმპიური თამაშების მიმართ ინტერესი არ მაქვს. ის არც მინახავს, შესაბამისად, ვერც კომენტარს გავაკეთებდი და ვერც გახსნის ცერემონიას შევაფასებდი. ამ საკითხზე ინტერვიუც არ მქონია. განცხადებები, რომლებიც განსხვავებულ შინაარსს შეიცავს, ტყუილია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო ყალბია და ის USA Today-ის არ გაუვრცელებია. ასევე, არც პიტერ გილმორს გაუკეთებია აღნიშნული განცხადება.
ცნობისთვის, Church of Satan ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ში 1960-იან წლებში ანტონ ლავეიმ დააარსა. სახელწოდების მიუხედავად, ისინი აცხადებენ, რომ ათეისტები არიან. ამასთან, წერენ, რომ მათთვის უმთავრესი („ღმერთი“) საკუთარი თავია. იმის გამო, რომ სამყარო მათ მიმართ გულგრილია, ეგოცენტრულები არიან. ასევე, მათ არ სჯერათ სატანის, როგორც არსების ან ადამიანის. გარდა ამისა, ისინი არ ატარებენ მსხვერპლშეწირვას და სასტიკად კრძალავენ სექსუალური სახის ურთიერთობას არასრულწლოვანებთან და ცხოველებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პიროვნებას სასწრაფოდ უწყვეტენ წევრობას, აღდგენის შესაძლებლობასთან ერთად. წევრად არ იღებენ არასრულწლოვანებს.
[1] X პლატფორმაზე თავად მომხმარებლებს შეუძლიათ გავრცელებულ სავარაუდოდ შეცდომაში შემყვან ინფორმაციაზე დამატებითი ცნობები მიუთითონ, რითაც მომხმარებლებს მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.
-------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.