სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Beqa Parjveliani, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ამჯერად ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „მარგალიტებითაა აღსავსე ეს ოლიმპიადა“. ვიდეოში ჩანს მოფარიკავე, რომელიც ეტლში ზის და ფეხზე დგება. (არქივირებული ბმული)
სინამდვილეში, ვიდეო არა პარიზის ოლიმპიადაზე, არამედ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზეა გადაღებული. კადრში ჩანს ჩინელი ეტლით მოფარიკავე ლი ჰაო, რომელმაც ოქროს მედალი მიიღო.
გამარჯვების შემდგომ ის ნამდვილად ფეხზე ადგა, თუმცა თუ ამ ვიდეოს სრულ ვერსიას ვნახავთ, სადაც წინა კადრითაც ჩანს ეს ეპიზოდი, დავინახავთ, რომ ჩინელ მოფარიკავეს მარჯვენა ფეხი მოკვეთილი აქვს, თუმცა ეს ფეხზე რამდენიმე წამით დადგომის შესაძლებლობას არ უზღუდავს.
პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში სპორტსმენები სამი კატეგორიით იყოფიან:
კატეგორია A - მოიცავს სპორტსმენებს, რომლებსაც ტანის სრულად მოძრაობა შეუძლიათ და აქვთ კარგი ბალანსი.
კატეგორია B - მოიცავს სპორტსმენებს, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ბალანსის ფუნქცია, თუმცა ერთი ან ორივე ზედა კიდურის სრულად გამოყენება შეუძლიათ.
კატეგორია C - პარალიმპიურ თამაშებზე მხოლოდ A და B კატეგორიები არის წარმოდგენილი, მაგრამ IWAS-ის (International Wheelchair and Amputee Sports Federation) ეტლით მოფარიკავეთა შეჯიბრებებში C კატეგორიის სპორტსმენებსაც შეუძლიათ მონაწილეობა. ამ სპორტსმენებს ყველაზე მძიმე, ოთხივე კიდურის დაზიანებები აქვთ და ამჟამად ყველაზე ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ამ სპორტში.
შესაბამისად, ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება და ის პარიზის 2024 წლის ოლიმპიადას არ ასახავს.
-------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.