სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მიხეილ განუბაჟებელი“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), გადაცემიდან „სთორი“ ნიკა გვარამიას ინტერვიუს მონაკვეთს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში Facebook-ანგარიშს ჩასმული აქვს ნიკა მელიას ფოტოები, რათა შექმნას წარმოდგენა, რომ მონაკვეთში გვარამია ნიკა მელიას შესახებ საუბრობს. პოსტსაც დართული აქვს აღწერა: „გვარამიას და მელიას ლავ სთორი [სასიყვარულო ისტორია]“. რეალურად, გადაცემის მონაკვეთში გვარამია მის მეუღლეზე, სოფო ლილუაშვილზე, საუბრობს.

თათია შარანგიას გადაცემა „სთორი“, რომლის სტუმარი ნიკა გვარამია იყო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2021 წლის 29 ივნისს გავიდა. პარტია „ახლის“ თანადამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, გადაცემაში მეუღლის გაცნობის ისტორია გაიხსენა (00:52:52 წუთიდან). Facebook-ანგარიშსაც სწორედ ამ მონაკვეთიდან აქვს კადრები ამოჭრილი. რედაქტირებულ ვიდეოში ჩანს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას საერთო ფოტოები თუ ვიდეოები, რითაც ანგარიში ცდილობს, შექმნას წარმოდგენა, რომ გვარამიამ მათ ურთიერთობაზე ისაუბრა. ასე მაგალითად, გადაცემიდან ამოჭრილია კადრი, სადაც ნიკა გვარამია მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს. რედაქტირებულ ვიდეოში კი ამ მონაკვეთს კადრი ადევს, რომელიც 11 მარტს, სასტუმრო „შერატონშია“ გადაღებული, როცა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ახალი პარტიის, სახელწოდებით „ახალი“, შექმნის შესახებ განაცხადეს.

ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შემდეგ, სოციალურ ქსელში მისი დამფუძნებლების დისკრედიტაციის მიზნით არა ერთი რედაქტირებული ფოტო/ვიდეო მასალა გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ დაუწერია (1,2,3).

ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.