სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2) აშშ-ის პრეზიდენტის ვიდეოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული) და წერენ, რომ პატიმრების გაცვლის შემდეგ ჯო ბაიდენი ცარიელ ბორტზე ავიდა. „ბაიდენი პატიმრების გაცვლის შემდეგ კინაღამ რუსეთში გაფრინდა. ის თვითმფრინავში მას შემდეგ ავიდა, რაც უკვე ყველა გადმოვიდა“. „მთვლემარე ჯოს რამსი აერია და ცარიელ ბორტზე ავიდა, სადაც 1 საათი იჯდა, ფრენა არც კი იყო დაგეგმილი“, - ვკითხულობთ პოსტების აღწერაში. რეალურად, დგინდება, რომ ბაიდენის თვითმფრინავში ასვლის დროს ბორტზე სხვა ადამიანებიც, მათ შორის პილოტიც, იმყოფებოდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრეზიდენტს მათთვის მადლობის გადახდა სურდა.

1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ცივი ომის დასრულების შემდეგ პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა განხორციელდა. გათავისუფლდა 24 პატიმარი, მათ შორის, სამი აშშ-ის მოქალაქე: ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, ევროპა/რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა და აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი. სამივე მათგანი ქვეყანაში თვითმფრინავით დაბრუნდნენ. მერილენდის ბაზაზე სხვა პირებთან ერთად მათ პრეზიდენტი ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დახვდათ.

გათავისუფლებულ პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენი თვითმფრინავში ავიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა და მათთან საუბარი განაგრძო.

მტკიცება, რომ პრეზიდენტი ცარიელ თვითმფრინავში ავიდა, სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, რასაც ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Snopes-ც გამოეხმაურა.

თეთრი სახლის კორესპონდენტი ენდრიუ ფაინბერგი Snopes-თან ადასტურებს, რომ ბაიდენი თვითმფრინავში იქ მყოფ პირებთან მისასალმებლად ავიდა. თვითმფრინავში რომ გათავისუფლებულ პატიმრებთან ერთად სხვა პირები მართლაც იმყოფებოდნენ, ბაიდენის X-ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტოც ადასტურებს.

თეთრი სახლის პრესმდივნის უფროსის მოადგილე და პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ბეიტსი ასავე აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს სურდა მადლობა პირადად გადაეხადა ეკიპაჟისთვის, რომელმაც ეს ადამიანები სახლში, თავიანთ ოჯახებში დააბრუნა.

აღსანიშნავია AFP-ის ფოტოგრაფ ბრენდან სმიალოვსკის მიერ გამოქვეყნებული ფოტოც, რომელზეც ბაიდენი თვითმფრინავის კიბეზე ასვლისას ჩანს. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ ბაიდენი თვითმფრინავში პილოტთან სასაუბროდ ავიდა.

თვითმფრინავში რომ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, ადასტურებს ჟურნალისტ როლანდ მარტინის YouTube-ლაივიც. ვიდეოს მონაკვეთში (00:44:50 წუთზე) ჩანს, რომ ბაიდენი თვითმფრინავში მყოფ პირს ხელს ართმევს და შემდეგ კაბინისკენ გადაადგილდება. დაახლოებით ერთ წუთში (00:45:50) ბაიდენი თვითმფრინავს ტოვებს, მის უკან კი ჩანს პირი, რომელიც კაბინისკენ გადაადგილდება. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით (00:57:14 წუთზე), ეკიპაჟის წევრი, რომელსაც თეთრი პერანგი აცვია, სავარაუდოდ პილოტი, გადმოდის თვითმფრინავიდან და ეკიპაჟის სხვა წევრებს ესაუბრება.

ამდენად, მტკიცება, რომ ბაიდენი ცარიელ თვითმფრინავში ავიდა, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.