სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მასზე კამალა ჰარისი საკუთარ მაზლთან ერთად არის გამოსახული.

სინამდვილეში, გავრცელებულ ვიდეოზე კამალა ჰარისთან და მის ქმართან ერთად თმის სტილისტი, ჯონათან ვან ნესი და მისი პარტნიორი, მარკ პიკოკი არიან აღბეჭდილი.

ვიცე-პრეზიდენტთან ვიზიტის ამსახველ ფოტოს ნესი საკუთარ Instagram-ანგარიშზეც აქვეყნებს. „მე მჯერა, რომ ვიცე პრეზიდენტი ჰარისი იქნება პრეზიდენტი ჰარისი! მას აქვს ის, რაც სჭირდება ამერიკის ლიდერობას, რომელიც იქნება ყველასთვის უსაფრთხო, აყვავებული და სამართლიანი! მას შეუძლია ჩვენი გაერთიანება და ადამიანის უფლებების დაცვა აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე მჯერა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისის და იმედი მაქვს, რომ თქვენც შეგიძლიათ [იმედი გქონდეთ მისი]“, - აღნიშნულია პოსტის აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ კამალა ჰარისის მეუღლეს, დუგლას ემჰოფს, მხოლოდ ერთი ძმა - ენდრიუ ემჰოფი და ერთი და - ჯემი ემჰოფი, ჰყავს. „დედმამიშვილების ეროვნული დღის“ აღსანიშნად დუგლას ემჰოფის მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე დაკვირვებით ნათელია, რომ მისი ძმა, გავრცელებულ ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანებისგან განსხვავდება.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.