სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ხელმოწერების ფოტოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლის შესახებ წერილისთვის ხელი თავად არ მოუწერია და მისი ხელმოწერა გააყალბეს.

აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში ვირუსულად სხვადასხვა არასანდო ვებგვერდისა და პროფილის მიერ (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და სხვ.) გავრცელდა.

საპრეზიდენტო კამპანიიდან გასვლის წერილზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერის გაყალბების შესახებ მტკიცებას ამერიკულმა საზოგადოებრივმა რადიო NPR-მა (National Public Radio) კონსპირაცია უწოდა.

მტკიცების სიყალბეში პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერილი, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილების შედარება გვარწმუნებს. ოფიციალურ წერილთა ნაწილს ინფორმაციის გამავრცელებლის მიერ გამოქვეყნებული პირველი ხელმოწერა (იხ. სურათი 1) ახლავს, ხოლო ნაწილს, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი ავტოკალმით მოაწერა, ფოტოზე წარმოდგენილი მეორე ხელმოწერა (სურათი 2).

სურათი 1

სურათი 2

სურათ 1 და სურათ 2-ზე ნაჩვენები ხელმოწერები იდენტურია ფედერალური რეესტრის ეროვნულ არქივში შენახულ აღმასრულებელ ბრძანებებზე (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და სხვ.), ისევე როგორც იდენტურია წლების განმავლობაში პრეზიდენტ ბაიდენის მიერ პირად წერილებზე ავტოკალმით შესრულებული ხელმოწერები (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6). თუმცა ფაქსიმილეა და პრეზიდენტის მიერ კალმით შესრულებული ხელმოწერები ერთმანეთისგან განსხვავდება. იხილეთ სურათზე:

ინტერნეტსივრცეში ასევე ვხვდებით აუქციონზე წარდგენილ 2018 და 2021 წლებში შესრულებულ ხელმოწერებს, რომლებიც სურათ 2-ში მოცემული ავტოგრაფის იდენტურია.

სწორედ ავტოკალმით შესრულებული ხელმოწერა ახლავს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ კამპანიიდან გასვლის შესახებ 21 ივლისს გამოქვეყნებულ წერილს, რაც მიუთითებს, რომ ხელმოწერა ნამდვილად ბაიდენის მიერ არის შესრულებული და არა - გაყალბებული. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სურათზე იმის დასადასტურებლად, რომ წერილზე ხელი ბაიდენს არ ჰქონდა მოწერილი, ნაჩვენებია ბაიდენის ფაქსიმილეა და კალმით შესრულებული ხელმოწერები, მაშინ, როდესაც საჯაროდ არსებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ორივე ხელმოწერა ბაიდენს ეკუთვნის და სხვაობა მხოლოდ ფაქსიმილეასა და კალმით შესრულებულ ხელმოწერებშია.

გარდა ზემოხსენებულისა, 2024 წლის 24 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე წარდგა და წერილით გავრცელებული ინფორმაცია, მისი საპრეზიდენტო კამპანიიდან გასვლის შესახებ, ვერბალურადაც გააჟღერა და პირადად დაადასტურა.

ამრიგად, განსხვავებულ ხელმოწერებზე დაყრდნობით, მტკიცება, რომ პრეზიდენტ ბაიდენს წერილისთვის ხელი არ მოუწერია და მისი ხელმოწერა გააყალბეს, შეთქმულების თეორიაა და ფაქტობრივ საფუძველს არ ემყარება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5621 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია