სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პოსტვ“ მაკრონის X პოსტის თარგმანს ავრცელებს (1, 2) და წერს, რომ მაკრონმა ფრანგული ნაციონალური დევიზი შემდეგნაირად შეცვალა: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, „პრაიდი“ (იხილეთ სურათები).
საუბარია საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ პარიზის ოლიმპიადის გახსნის შემდეგ პლატფორმაზე X-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა გამოაქვეყნა საფრანგეთის ეროვნული დევიზი: „თავისუფლება, თანასწორობდა, ძმობა“ და შემდგომ ახალ ხაზზე დაურთო სიტყვა „fierté“ (იხილეთ სურათზე).
ფრანგული სიტყვა „fierté“ ქართულად „სიამაყეს“ (ინგლისურად - Pride) ნიშნავს. პლატფორმა X-ის ავტომატური თარგმნა ფრანგულიდან ინგლისურ ენაზე „fierté“-ს Pride-ად თარგმნის. „პოსტვ“-იმ ქართულ თარგმანში „Liberté, Égalité, Fraternité“ ქართული შესატყვისებით თარგმნა, ხოლო „fierté“ ჯერ ინგლისურად თარგმნა და შემდეგ ინგლისური სიტყვა ქართული შესატყვისის გარეშე პირდაპირ გადააკეთა ქართული ასოებით - „პრაიდი“. ოთხი სიტყვიდან ერთის განსხვავებული თარგმნა მიუთითებს, რომ „პოსტვ“-იმ სიტყვა „fierté“ თარგმნა LGBTQ+ Pride (ე.წ. ღირსების მარში) კონტექსტში, რომელსაც ქართულ ენაში ხშირად „პრაიდად“ მოიხსენიებენ.
სიტყვა „fierté“ ფრანგულში გამოყენება LGBTQ+ თემთან დაკავშირებული „პრაიდის“ მნიშვნელობითაც. ზოგიერთ შემთხვევაში LGBTQ+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაციები „პრაიდის“ აღსანიშნავად სწორედ აღნიშნულ სიტყვას იყენებენ. მაგალითად, მონრეალის პრაიდ ფესტივალის სახელწოდებაა - „Fierté Montréal Festival“; პარიზის პრაიდის - „The Marche des Fiertés LGBT“; ფრედერიქტონის პრაიდის - „Fierté Fredericton Pride“ და ა.შ.
თუმცა როგორც ინგლისურში - pride, ისევე ქართულში - ღირსება და ფრანგულში - „fierté“ გამოიყენება როგორც ზოგადად ღირსების, სიამაყის აღსანიშნავად, ასევე, LGBTQ+ თემის მიერ ორგანიზებული ღირსების მარშების კონტექსტში.
ოლიმპიადის კონტექსტში, პრეზიდენტმა მაკრონმა ეს სიტყვა სწორედ სიამაყის მნიშვნელობით რამდენჯერმე გამოიყენა და ყველა შემთხვევაში ღირსების/სიამაყის კონტექსტში. ასე მაგალითად, 25 ივლისს ლუვრში გამართულ სამიტზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოლიმპიადის ორგანიზება „უდიდესი სიამაყეა“ (ფრანგულად: „immense fierté“). იმავე სიტყვათა წყობა გამოიყენა მაკრონმა 23 ივლისს France 2-სა და რადიო France-თან ინტერვიუს მიმდინარეობისას, როცა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ოლიმპიადაზე მიესალმება მსოფლიოს, რაც ქვეყნისთვის „უდიდესი სიამაყეა“ (ფრანგულად: „immense fierté“).
მანამდე, 31 დეკემბერს, პრეზიდეტმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ 2024 წელი ფრანგული სპორტის სიამაყის წელია (ფრანგულად: „2024, sera aussi une année de fierté française, sportive“), რადგან ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები სწორედ საფრანგეთში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ მაკრონი სხვა კონტექსტშიც ამ სიტყვას სიამაყის მნიშვნელობით იყენებს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა პოსტი გამოაქვეყნა მარკიზის კუნძულებთან დაკავშირებით, რომელმაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. მაკრონმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი საფრანგეთის სიამაყეა (ფრანგულად: „fierté pour la France“).
ამ სიტყვას პრეზიდენტის სოციალურ ქსელებში სიამაყის მნიშვნელობით ხშირად ვხვდებით (1, 2, 3, 4, 5):
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ მაკრონის X-ს პლატფორმაზე არ იძებნება პოსტი, რომელშიც სიტყვა „fierté“ LGBTQ+ ღირსების მარშს უკავშირდება - პირიქით, საფრანგეთის ღირსების/სიამაყის კონტექსტში ის არაერთხელ გამოუყენებია.
დამატებითი გარემოების არარსებობის შემთხვევაში - როგორც მაკრონის აღნიშნული პოსტის შემთხვევაშია - არ არსებობს საფუძველი, რომ სიტყვა „fierté“ ითარგმნოს მისი ძირითადი მნიშვნელობიდან - ღირსება/სიამაყე - განსხვავებულად. მეტიც, მოცემული პოსტის კონტექსტში ლოგიკური თარგმანის გაგება, არის რომ მაკრონი, პოტენციურად საფრანგეთში ოლიმპიადის ჩატარების შესახებ სიამაყეზე მიუთითებდა.
ამდენად, ტელეკომპანია „პოსტვ“-ის მტკიცება, რომ მაკრონმა დევიზი შეცვალა, მცდარია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.