ირაკლი კობახიძე: 1,4 მლნ ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც არის ისტორიული რეკორდი 90-იანი წლების შემდეგ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა.
2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით (10.2%-ით) გაიზარდა და 1,4 მლნ შეადგინა. ამ პერიოდში დასაქმების დონე 4.7 პროცენტული პუნქტით, 47.3%-მდე გაიზარდა.
არის, თუ - არა დასაქმების მაჩვენებელი 90-იანი წლების შემდეგ ისტორიული რეკორდი, ამის გადამოწმების შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან კვარტალურ ჭრილში სამუშაო ძალის პარამეტრების გამოკვლევა 2018 წლიდან დაიწყო, შესაბამისად, უფრო ადრინდელი პერიოდის სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება. არსებული მონაცემებით კი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა და დასაქმების დონე 2018-2024 წლების ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებს აღემატება. წლიურ მაჩვენებლებს თუ განვიხილავთ, 2010-2023 წლების მონაცემებით, დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2023 წელს ფიქსირდება.
2015 წლის შემდეგ, ქვეყანაში სამუშაო ძალა ყოველწლიურად მცირდებოდა, 2016-2019 წლებში სამუშაო ძალა 102.8 ათასით შემცირდა, ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 12.6 ათასით შემცირდა. 2016-2019 წლებში უმუშევრობის დონე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე მცირდებოდა, დასაქმების ზრდის გარეშე. პანდემიურ პერიოდში, 2020-2021 წლებში, ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა. 2022 წლიდან კი იწყება ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა; ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ეკონომიკური ზრდის თანმდევი პროცესია და ასევე, სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდა, მათ შორის სოციალურად დაუცველთა დასაქმება საზოგადოებრივ სამუშაოებზე და სხვა.
ამრიგად, 2018-2024 წლების I კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მართლაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა. ანუ, რეალურად, საუბარი ბოლო 7 წლის მონაცემებზეა და არა 90-იანი წლებიდან მოყოლებული. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიული რეკორდია 90-იანი წლების შემდეგ, შეფასდა ვერდიქტით, მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
28 ივნისს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა უმუშევრობის მაჩვენებლებზეც, კერძოდ, მისი განცხადებით: „ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს რომ შევადაროთ, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა საქართველოში, 18%-დან 14%-მდე. დამატებით დასაქმდა 130 000 ადამიანი და რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით. 1,4 მლნ ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც არის ისტორიული რეკორდი 90-იანი წლების შემდეგ“.
უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა 50.6 ათასით (18.1%) შემცირდა და 228.6 ათასი შეადგინა. ეს არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული, მაგრამ აქტიურად ეძებს სამუშაოს. შეგახსენებთ, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არც დასაქმებულია და არც სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევართა სტატისტიკაში არ ხვდება. 2024 წლის I კვარტლის მონაცემებით, 1.3 მლნ.ზე მეტი ადამიანია სამუშაო ძალის გარეთ.
მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, დასაქმების დონე 4.7 პროცენტული პუნქტით, 47.3%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) 52%-დან 55%-მდე გაიზარდა (იხილეთ გრაფიკი 1).
გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები, 2018-2024 წლებში ( I კვარტლის მონაცემები)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით (10.2%-ით) გაიზარდა და 1,4 მლნ შეადგინა. აქედან, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89.4 ათასი კაცით (10.4%), ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა - 40.5 ათასით (9.9%). (იხ. გრაფიკი 2).
პრემიერის განცხადებით დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. კვარტალურ ჭრილში სამუშაო ძალის პარამეტრების გამოკვლევა 2018 წლიდან დაიწყო, შესაბამისად, უფრო ადრინდელი პერიოდის მონაცემები არ მოიპოვება და ვერც შევადარებთ. 2018-2024 წლების პირველი კვარტლის მონაცემებს თუ შევხედავთ, მიმდინარე წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის, ასევე დასაქმების დონის, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
გრაფიკი 2: დასაქმებულთა რაოდენობა, 2018-2024 წლებში ( I კვარტლის მონაცემები)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ვინაიდან 2018 წლამდე პერიოდში კვარტალურ ჭრილში დასაქმების მაჩვენებლები არ არსებობს, გრძელვადიან პერიოდში არსებული ტენდენციის შესაფასებლად, დასაქმება/უმუშევრობის წლიური მონაცემები გავაანალიზეთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც, 2010 წლამდე პერიოდის მონაცემებთან შედარება არარელევანტურია, რადგან სამუშაო ძალის სტატისტიკა განსხვავებული მეთოდოლოგიით იწარმოებოდა.
2010-2024 წლების დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკური მაჩვენებლები დაანგარიშებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ განახლებული და დამტკიცებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2010 წლამდე პერიოდში დასაქმების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო, თუმცა ეს უკანასკნელი უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიით იყო განპირობებული. ძველი მეთოდოლოგიით, თვითდასაქმებულთა დიდი წილი, საოჯახო მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირები იყვნენ, ისინი დასაქმებულად მხოლოდ ტექნიკური მიზეზით ითვლებოდნენ. ახალი მეთოდოლოგიით, სწორედ აღნიშნული კატეგორიის გადაკვალიფიცირება მოხდა. დასახელებულ ცვლილებას დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება მოჰყვა.
2010-2015 წლებში სამუშაო ძალის მაჩვენებლები [სამუშაო ძალა, დასაქმება, უმუშევრობის დონე] გაუმჯობესდა. 2015 წლის შემდეგ, შემცირდა ქვეყანაში სამუშაო ძალა [დასაქმებული+სამუშაოს მაძიებელი] და დასაქმების დონეც გაუარესდა. 2016-2019 წლებში სამუშაო ძალა 102.8 ათასით შემცირდა, ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 12.6 ათასით შემცირდა. 2016-2019 წლებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე, უმუშევრობის დონე 21.9%-დან 17.6%-მდე შემცირდა.
2020-2021 წლებში, ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც პანდემიის პერიოდში არსებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2022 წელს დასაქმებისა და სამუშაო ძალის მაჩვენებლები გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სრულად აღდგენილი არ იყო.
2023 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და დასაქმების მაჩვენებლები გაიზარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 17.3%-დან 16.4%-მდე შემცირდა. 2023 წელს დასაქმების მაჩვენებლები, არამხოლოდ წინა წელთან, არამედ პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც გაუმჯობესდა.
გრაფიკი 3: სამუშაო ძალის მაჩვენებლები 2015-2023 წლებში წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ამრიგად, გრძელვადიანი პერიოდის ტენდენციას თუ შევხედავთ, 2015 წლის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მკვეთრად მცირდება, რის ხარჯზეც მცირდება უმუშევრობის დონეც, დასაქმების ზრდის გარეშე. პანდემიის პერიოდში, 2020-2021 წლებში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები მკვეთრად უარესდება. პანდემიის შემდგომ პერიოდში 2022-2023 წლებში ქვეყანაში დასაქმების პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შესაბამისად, შემცირდა უმუშევრობის დონეც. დადებითი ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა.
საწყის ეტაპზე პანდემიის დასრულებას და ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა. შემდგომ პერიოდში დასაქმების ზრდა ეკონომიკური ზრდის შედეგად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ასევე, სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდასა და ხელოვნურად შექმნილ სამუშაო ადგილებს უკავშირდება. 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება. ამასთან, 2022 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას, რაც ძირითადად სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს.
არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ 1,4 მლნ შეადგინა, ხოლო დასაქმების დონემ 47.3%, რაც 2018-2024 წლების ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებს აღემატება. წლიურ მაჩვენებლებს თუ განვიხილავთ, 2010-2023 წლების მონაცემებით, დასაქმების ყველაზე კარგი მაჩვენებლები [დასაქმებულთა საერთო რაოდენობა; დასაქმების დონე] 2023 წელს ფიქსირდება. არის, თუ - არა დასაქმების მაჩვენებელი 90-იანი წლების შემდეგ ისტორიული რეკორდი, ამის გადამოწმების შესაძლებლობა, ადრინდელ პერიოდში შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების არ არსებობის გამო, არ გვაქვს.