სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი თამარ ჩერგოლეიშვილის ფოტოს ავრცელებს, რომელსაც თან ერთვის ციტატა: „უნდა აგვირჩიოთ, რადგან ჩვენ ტოლერანტი ლიბერალები ვართ! გაიგეთ, თქვე ბნელო, გაუნათლებელო გრუზინებო?!“. ფოტო Facebook-მომხმარებლის მიერ 2019 წელსაც გავრცელდა. რეალურად, თამარ ჩერგოლეიშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ეკრანის ანაბეჭდი, 2018 წლის 5 ოქტომბერს პირველი არხის ეთერში გასული გადაცემის ნაწილია. გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ სადავო საკითხებზე მსჯელობისას გოგა ხაინდრავა და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა, როცა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ პარტია „ევროპული საქართველო“ რეალურად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს და დავით კეზერაშვილის მიერ ფინანსდება.
მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის სტუმრებს შორის დისკუსია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა, გადაცემის არც ერთ მონაკვეთში თამარ ჩერგოლეიშვილს ფრაზა, „უნდა აგვირჩიოთ, რადგან ჩვენ ტოლერანტი ლიბერალები ვართ! გაიგეთ, თქვე ბნელო, გაუნათლებელო გრუზინებო?!“, არ უთქვამს.
ამასთანავე, ჩერგოლეიშვილის მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე და არც მის პირად პროფილზე არ იძებნება.
ამრიგად, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ციტატა ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.