სოციალურ ქსელში სპორტული ამბების Facebook-გვერდი სპორტი • Sport სტატიას ავრცელებს, რომელსაც თან ახლავს ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის ფოტო. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „ქოჩორამ დადებული პირობა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელი ახალი ვარცხნილობით“. რეალურად, ფოტო რედაქტირებულია.

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, გიორგი ქოჩორაშვილის ფოტო მხოლოდ ვებგვერდზე sportline.ge გვხვდება. სპორტული გამოცემა ე.წ. სატყუარა (clickbait) ფოტოს იყენებს. ე.წ. clickbait ინტერნეტში გავრცელებული ისეთი მასალაა, რომელიც სენსაციური თუ პროვოკაციული სათაურებით თუ ფოტო მასალით ქვეყნდება და რომლის მიზანი ბმულზე გადასასვლელად მნახველთა წახალისებაა.

ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, გიორგი ქოჩორაშვილმა პირობა დადო, რომ თმას შეიჭრიდა: „თმას შევიჭრი, ვერ გადავიპარსავ, მაგრამ შევიჭრი", - თქვა ფეხბურთელმა ვიდეოში, რომელიც Geo Team-ის მიერ გავრცელდა.

ფეხბურთელმა პირობა გუშინ შეასრულა. მან საკუთარ ინსტაგრამზე „სთორი“ დადო და დაწერა: „არც მწვადი დავწვათ და არც შამფური“. თმის შეჭრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა Geo Team-მაც, სადაც ჩანს, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა მხოლოდ თმა შეიმოკლა და ბოლომდე არ გადაუპარსავს.

სპორტული ამბების Facebook-გვერდის მიერ გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია და რეალურად ასე გამოიყურება:

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.