სოციალურ ქსელის მომხმარებელი Xaxutaishvili Irma, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), ავრცელებს მტკიცებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში სამხედრო აღრიცხვაზე გამოუცხადებლობისთვის ქალებსაც აჯარიმებენ. იგი ასევე ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თითქოს, მისთვის მთავარია დედაქალაქი და სუვერენიტეტი შეინარჩუნოს, ეს იქნება გამარჯვება, ხოლო თუ ტერიტორიებს დაკარგავს მისთვის არაფერია. ავტორის მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოზიცია შეიცვალა და 1991 წლის საზღვრებთან დაკავშირებით აღარ საუბრობს.
სინამდვილეში, უკრაინაში სამხედრო რეგისტრაციის წესების დარღვევისთვის მხოლოდ გარკვეული პროფესიის ქალები შეიძლება დაჯარიმდნენ. კერძოდ, ეს ეხება სამხედრო სამსახურს დაქვემდებარებულ, ფარმაცევტული ან სამედიცინო სპეციალობის მქონე ქალებს. თუმცა, ზოგადად, ქალთა მობილიზაცია 1 ივლისიდან ნებაყოფლობითი რჩება, არც ერთი ქალის გამოძახება არ შეიძლება მისი თანხმობის გარეშე. სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევის შემთხვევაში, ისინი 17 ათასი გრივნით შეიძლება დაჯარიმდნენ.
ხოლო მტკიცება, რომ თითქოს, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მთავარია უკრაინას დედაქალაქი და სუვერენიტეტი შეუნარჩუნოს, ხოლო თუ ტერიტორიებს დაკარგავენ, პრობლემა არ იქნება, არ შეესაბამება სიმართლეს. არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ან ოფიციალური წყაროების ვებგვერდებზე მსგავსი განცხადება არ იძებნება.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.