სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში წერს, რომ UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია: „გამომრჩა რამე თუ არ არის ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი? რა ვიცი, ნაცებისა და მდიდარი ენჯეოების მიტინგობისას მაშინვე შემოუთვალა შეცდომილებს: "თქვენს გვერდით ვდგავარ და არა რუსულ კანონსო.კიდევ: ვერ გავაჩუმებთო. ნეტა, ვინ აიძულა, რომ გაეჩუმებინა ან ილია ან ის ახალგაზრდები, სამიტინგოდ რომ გამოდიოდნენ? წარმატებები ილიას და "ალა ლუსულ კანონს, "კი, ქართულ კანონს!“,-წერს Facebook-ანგარიში. რეალურად, ილია თოფურიამ საქართველოს ნაკრების მხარდამჭერი განცხადება, მათ შორის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, არაერთხელ გააკეთა.

ილია თოფურია ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებს შორის გამართულ შეხვედრას საკუთარ X-ანგარიშზე გამოეხმაურა. UFC-ის ჩემპიონმა დაწერა: „რაც შეეხება გუშინდელ თამაშს. ძალიან ვამაყობ ამ ევროთასზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით. მათ შექმნეს ისტორია. მეორეს მხრივ, ესპანეთის შეჩერება შეუძლებელია: იმას, რასაც მოედანზე აკეთებენ - ეს უბრალოდ ფეხბურთი კი არა, არამედ ნამდვილი მაგიაა".

ილია თოფურია საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლასაც გამოეხმაურა, მან Instagram-ზე გადამწყვეტი პენალტის სურათები გამოაქვეყნა აღწერით: „ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ“.

ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო, მან მიმდინარე წლის 16 თებერვალს ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი საქართველო-ლუქსემბურგის თამაშზე წარადგინა და საქართველოს ნაკრების მხარდამჭერი განცხადებაც გააკეთა: „ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ ტიტულის მიღება. წავედი საქართველოდან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს აქ ვბრუნდები თქვენ წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვიღებ, სიამაყით ვივსები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის. ახლა წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს“.

ცნობისთვის, ქართველი მებრძოლი „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მტკივნეულია იმის ხილვა, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც ყველას, მათ შორის, პოლიციის კეთილდღეობისთვისაც იბრძვიან: „მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის“.

ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ UFC-ის ჩემპიონი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშს არ გამოხმაურებია.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.