სოციალურ ქსელში გვერდი „რაცგვისწორდება 24/7“ Facebook-პოსტს აქვეყნებს. პოსტი კიანუ რივზს შემდეგ ციტატა მიაწერს: „მძულს სამყარო, სადაც მამაკაცები საკუთარ ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მეძავებს და აძლევენ უფლებას ურცხვად გამოაჩინონ სხეული. სამყარო, სადაც ქალებს არ უნდათ ბავშვები, მამაკაცებს კი – ოჯახი. სამყარო, სადაც მამების მანქანებზე მომჯდარ ლაწირაკებს საკუთარი თავი ყველაზე წარმატებული ჰგონიათ, ისინი კი, ვისაც თუნდაც სულ მცირე ძალაუფლება აქვთ, ყველანაირად ცდილობენ, გაგრძნობინონ თავი არარაობად...”. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია.
ვებგვერდების (ბმული 1, 2, 3), Facebook-გვერდებისა და Facebook-მომხმარებლების მიერ ციტატა ვირუსულად 2016 წლიდან ვრცელდება (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12 და სხვა), თუმცა კიანუ რივზს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ან ოფიციალური წყაროების ვებგვერდებზე არ იძებნება.
ციტატის ვირუსულ გავრცელებას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ, ჯერ კიდევ 2016 წელს - Snopes, ხოლო 2017 წელს - PolitiFact. PolitiFact-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ციტატა პირველად 2016 წლის 21 თებერვალს, Facebook-ზე ფან გვერდის, „Keanu Reeves - the actor“ [„კიანუ რივზი - მსახიობი“], მიერ გამოქვეყნდა. სტატიის თანახმად, გვერდის შესახებ სექციაში ნათქვამი იყო, რომ რივზს უფლება ჰქონდა გამოექვეყნებინა Facebook-გვერდზე, როგორც მას სურდა, ხოლო გვერდის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ იყო.
PolitiFact-ს ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციისას რივზის პუბლიცისტმა, შერილ მაიზელმა განუცხადა, რომ მსახიობს გვერდთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. „კიანუ არ იყენებს არანაირი სახის სოციალურ მედიას“, „ფეისბუქის ეს გვერდი ყალბია“, - განაცხადა მან.
ამრიგად, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელებული ციტატა ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.