სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ 17 წლის უკრაინელი გოგონები უკრაინის ჯარს უერთდებიან. რეალურად, სურათზე ჩანან სამხედრო ინსტიტუტის კადეტები, რომლებმაც დაღუპული კურსდამთავრებულების ხსოვნას პატივი მიაგეს. უკრაინაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გარდა ცალკეული გამონაკლისებისა, ქალებს არ ეხება. ამავდროულად, სამხედრო სამსახურში გაწვევის მინიმალური ასაკი 18 წელია, შესაბამისად გაწვევა არასრულწლოვანებს არ ეხებათ.

მიმდინარე წლის 11 ივნისს, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სამხედრო ინსტიტუტმა დაღუპული კურსდამთავრებულების ხსოვნას პატივი მიაგო. უნივერსიტეტმა იმავე დღეს Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ: „უნივერსიტეტის რექტორმა ვოლოდიმირ ბუგროვმა, სამხედრო ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ, ოფიცრებმა, სამხედრო კაპელანებმა, იუნკრებმა და ახლობლებმა პატივი მიაგეს დაღუპულ ჯარისკაცებს“.

სწორედ აღნიშნულ პოსტშია ფოტო, რომელიც Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელდა. ხაზგასასმელია, რომ ფოტოზე სტუდენტების მაისურების მარჯვენა ნაწილში სამხედრო ინსტიტუტის ლოგოც არის გამოსახული.

ცნობისთვის, უკრაინაში ჯარში სავალდებულო გაწვევა ქალებს არ ეხება. 11 აპრილს უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ ზოგადი კანონი მიიღო. კანონის თანახმად, 18-დან 25 წლამდე მამაკაცებმა უნდა გაიარონ ძირითადი სამხედრო სამსახური. გარდა ამისა, კანონი ეხება ქალების ჯარში გაწვევის პირობებსაც. უკრაინელი ქალების ჯარში მობილიზება შესაძლებელია მხოლოდ მათი ნებაყოფლობითი თანხმობით. ქალებს შეუძლიათ, გაიარონ ძირითადი სამხედრო მომზადება, ისიც მხოლოდ ნებაყოფლობით, მათი ასაკი კი 18-დან 25 წლამდე უნდა იყოს.

ცვლილებების თანახმად, ყველა ქალი, რომელმაც მიიღო სამედიცინო განათლება უნდა დარეგისტრირდეს სამხედრო სამსახურში. თუმცა, სამხედრო რეგისტრაცია არ ნიშნავს ქალთა სავალდებულო მობილიზაციას. მობილიზაციის შესახებ კანონის თანახმად, სამხედრო მდგომარეობის დროს, აღრიცხვაზე მყოფ ქალებს შეუძლიათ სამხედრო სამსახურის დაწყება მხოლოდ საკუთარი სურვილით. აღსანიშნავია, რომ ომში სავალდებულო მობილიზაცია უკრაინაში იმ მამაკაცებს ეხებათ, რომელთა მინიმალური ასაკი 25 წელია (მიმდინარე წლის აპრილამდე მინიმალური ასაკი 27 წელი იყო).

ამდენად, მტკიცება, რომ ფოტოზე უკრაინელი არასრულწლოვანი ახალწვეულები ჩანან, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.