სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „არ აგარევინებთ“, 17 ივნისს ვიდეო ყალბი შინაარსით გაავრცელა. ცნობისთვის, „არ აგარევინებთ“ არაავთენტური Facebook-ანგარიშია, რომელიც სამართლიანი არჩევნების (ISFED) პლატფორმა Disinfoobserver.ge-ის მიხედვით, მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერთან ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებული გვერდია. გვერდი ანტიდასავლურ, ანტიოპოზიციურ, მადისკრედიტებელ გზავნილებს ხშირად ავრცელებს.

მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ბრიფინგის მონაკვეთი, რომელსაც ნაცისტური გერმანიის დროინდელი აუდიო მონაკვეთი ადევს, მოგვიანებით, კი ჩანს ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროს ახალგაზრდები, რომლებიც ჟესტს აკეთებენ. ვიდეოზე თანდართულია აღწერა - „ფაშიზმი ლიბერალური სახით“, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეოზე ახალგაზრდები ფაშისტურ ჟესტს იყენებენ (იხილეთ დაარქივებული პოსტი, ვიდეო).

სინამდვილეში, აღნიშნულ ჟესტს ნაციზმთან კავშირი არ აქვს. ის ამერიკული ნაწარმოებიდან „შიმშილის თამაშები“ არის აღებული. სიუზან კოლინსის „შიმშილის თამაშებში“, ე.წ „სამი თითით მისალმება“ (Three-finger salute) ჩნდება, როგორც პატივისცემის, აღტაცებისა და დამშვიდობების სიმბოლო და გამოხატავს სოლიდარობას დისტოპიურ სამყაროში, სადაც მეამბოხეები ყოვლისშემძლე ტირანის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის იბრძვიან.

სიმბოლომ შემდგომში რეალურ ცხოვრებაშიც შეიძინა მნიშვნელობა და პროდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის სიმბოლო გახდა. აღნიშნული ჟესტი აქტიურად გამოიყენებოდა მომიტინგეების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, მათ შორის, ტაილანდსა და მიანმარში.

ქართველი ახალგაზრდები ამ ვიდეოში სწორედ ამ ჟესტს აჩვენებენ. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი ახალგაზრდების ვიდეოს ავტორმა გააკეთა და განმარტა, რას გამოხატავდა ის: „ეს ჟესტი, რასაც ეს ბავშვები აკეთებენ, არის ფილმიდან „შიმშილის თამაშები“ - ,,the hunger games'', რომელიც აღნიშნავს თავისუფლებას, ერთობას და თანადგომას“, - ნათქვამია პოსტში.

ამდენად, მტკიცება, რომ ვიდეო ახალგაზრდების მიერ ფაშისტური ჟესტის გამოყენებას ასახავს, ტყუილია. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული დეზინფორმაცია წარსულში უკვე გადაამოწმა (იხილეთ ბმული).

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის გამოსახულებას, ვიდეო აღებულია 6 ივნისს გამართული ბრიფინგიდან, რომელზეც ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ მათ მიერ შექმნილი პლატფორმის Mona.ge-ს განახლებული სია წარმოადგინეს.

ამაზე მეტყველებს კადრების შედარებისას ვიდეოში ასახული მსგავსებები.

კადრი ზურაბ ჯაფარიძის Facebook-ანგარიშიდან კადრი გავრცელებული ვიდეოდან

ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „ჩვენ ვაგრძელებთ პროექტს mona.ge, რომლის მიზანიც არის იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც ყოველდღიურად არიან უცხო რეჟიმის სამსახურში, რომლებიც შეიძლება თვალში ხშირად არ ხვდებოდნენ ადამიანებს, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში ისინი ასრულებენ დაკვეთებს, უსამართლო და უკანონო ბრძანებებს. ასეთი ადამიანები არიან ბევრგან, ბევრი მიმართულებით, ამ რუსული კანონის მიღების პროცესში ძალიან ბევრი ადამიანი გამომჟღავნდა, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტს და ნელ-ნელა მოვახდენთ ამ ადამიანების ატვირთვას იმ პორტალზე, სახელები და გვარები გახდება საჯარო და მათი სახელები და გვარები შემოვუნახოთ ასევე მომავალ თაობებს“.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოზე გამოყენებულ აუდიოს, ის კრუპის ქარხანაში ადოლფ ჰიტლერის 1935 წლის გამოსვლიდან არის აღებული და მისი ნახვა YouTube-ზეა შესაძლებელი.

ამდენად Facebook-გვერდის „არ აგარევინებთ“, მიერ გამოქვეყნებული ვიდეო „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე გამოსულ პროტესტის მონაწილეებს ფაშიზმს მცდარად უკავშირებს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.