სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი პარიზის ორლის აეროპორტის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ თითქოს აეროპორტის შენობაში ნიანგები გადაადგილდებიან.რეალურად, მის მიერ გაზიარებული ვიდეო ერთ-ერთი ფრანგული ავიაკომპანიის რეკლამაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს ასრულებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
Facebook-მომხმარებლის მიერ გაზიარებული სარეკლამო რგოლის დასასრულს ჩნდება დამკვეთი ავიაკომპანიის სახელი და ლოგო. ფრანგული ბიუჯეტური ავიაკომპანია French bee, რომლის ვიდეოც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, პარიზის ორლის აეროპორტიდან ოპერირებს. სარეკლამო რგოლი ავიაკომპანიამ ოფიციალურ Facebook-გვერდზეც განათავსა, წარწერით: „წავიდეთ მეტროში, წამიყვანეთ თქვენს სამეზობლოში“.
ავიაკომპანია აშშ-ში 2018 წლიდან სულ უფრო აქტიურად არის წარმოდგენილი და 2021 წლიდან უწყვეტად ასრულებს ფრენებს ნიუ-იორკიდან პარიზამდე, ნიუარკ ლიბერტის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის ორლის აეროპორტამდე, კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ.
გარდა პირდაპირი ფრენებისა, აშშ-ში გამგზავრებას ამარტივებს პარიზის მეტროს მე-14 ხაზის გაფართოება. პარიზის მეტროს ეს ყველაზე გრძელი ხაზი დააკავშირებს სენ-დენის, პარიზის ჩრდილოეთს, ორლის აეროპორტთან, სამხრეთთან.
სწორედ აღნიშნულ ცვლილებებს უკავშირდება ფრანგული ავიაკომპანიის სარეკლამო რგოლი. წარწერა ვიდეოს დასასრულს: „ევერგლეიდები არასოდეს ყოფილა უფრო ახლოს“, „მთელი აშშ მე-14 ხაზის ბოლოსაა“, ხაზს უსვამს, რომ გამგზავრება ევერგლეიდის ეროვნული პარკისკენ (ფლორიდის შტატში) და ზოგადად, აშშ-ში ახლა კიდევ უფრო მარტივად, პარიზის მეტროს მე-14 ხაზის ბოლო გაჩერებიდან არის შესაძლებელი.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.