სოციალურ ქსელში ალტ-ინფოს გადაცემიდან „ალტ-ანალიტიკა“ ნაწყვეტი ვრცელდება შემდეგი აღწერით: „ამერიკაში ერთერთ სკოლაში ინკლუზიურობის და მიმღებლობის ასამაღლებლად ბავშვებს შშმ პირებისთვის ფეხები დააკოცნინეს“. ამავე მტკიცებას ავრცელებენ გადაცემის წამყვანებიც. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია დამახინჯებული კონტექსტით ვრცელდება (1; 2).

ვიდეო სოციალურ ქსელებში საკმაოდ ვირუსულად გავრცელდა და აშშ-შიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომელთა სახეც დაფარულია. ისინი მათ წინ მჯდომი ადამიანის ფეხს ლოკავენ, რომელზეც მიწისთხილის კარაქია წასმული.

შემთხვევა ოკლაჰომას შტატში, Deer Creek-ის სკოლაში მოხდა. ეს ღონისძიების სახელად - „კლასების შეჯახება“, ნაწილი იყო და მასში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა თანხა გადაიხადეს. ღონისძიების ჩატარების მიზანი ადგილობრივი ყავის მაღაზიების ქსელისთვის თანხის შეგროვება იყო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იყვნენ დასაქმებულნი.

Deer Creek-ის სკოლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ღონისძიებაში მოხალისეები მონაწილეობდნენ და მათ ერთ კვირაში 152,830.38 დოლარის შეგროვება მოახერხეს. თუმცა, ოკლაჰომას შტატის ზედამხედველმა რაიან უოლტერსმა ვიდეოს „შოკისმომგვრელი და ამაზრზენი“ უწოდა და განაცხადა, რომ ოკლაჰომას შტატის განათლების დეპარტამენტი ამ საკითხს იძიებდა.

სკოლის ოფიციალურ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლე დარეგისტრირდა და მონაწილეობისთვის თანხა გადაიხადა. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ „კლასების შეჯახების“ შეჯიბრის დროს Deer Creek High School-ის არც ერთი ფაკულტეტი ან პერსონალი თამაშებში არ მონაწილეობდა. სკოლამ ასევე განაცხადა, რომ ბოდიშს იხდიდნენ საზოგადოების წინაშე, ვინაიდან მათ „ვერ მოახერხეს, დაეცვათ მათი მოსწავლეების ღირსება და სიამაყე”.

ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ „Politifact”-მაც გადაამოწმა.

როგორც აღვნიშნეთ, შემთხვევა ნამდვილად მოხდა, თუმცა „ალტ-ინფო“ და ქართულენოვანი Facebook-ანგარიშები მას მცდარი აღწერით ავრცელებენ, თითქოს ბავშვები აიძულეს ეს გაეკეთებინათ.

---------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.