ფულად გზავნილებში, 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად, რუსეთმა ლიდერის პოზიცია იტალიის სასარგებლოდ დათმო. მაისში, რუსეთიდან ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 158-დან 48 მლნ დოლარამდე შემცირდა, რაც 70%-იანი კლებაა. იტალიიდან 8%-იანი ზრდა ფიქსირდება, რითაც მან რუსეთს მცირედით - 15 ათასი დოლარით, გაუსწრო, 5-თვიან ჭრილში პირველობას ჯერჯერობით ისევ რუსეთი ინარჩუნებს, თუმცა იტალიასა და შეერთებულ შტატებთან სხვაობა ნელ-ნელა მცირდება.
წლების განმავლობაში ფულად გზავნილებში რუსეთი უცვლელად პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა მისი წილი რეგულარულად მცირდებოდა. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დინამიკა რადიკალურად შეიცვალა. თუ 2020-2021 წლებში რუსეთის წილი 20%-ს იყო ჩამოცდენილი, 2022 წელს 50%-იან ნიშნულს მიუახლოვდა.
გრაფიკი 1: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში
წყარო: ეროვნული ბანკი
რუსეთის წილის ზრდა 2022 წლის აპრილიდან იწყება და 5 კვარტალი გრძელდება. 2023 წლის მეორე ნახევრიდან სურათი ომამდელ მდგომარეობას უახლოვდება, თუმცა მიგრაციის გავლენები შემცირებული დოზით მაინც ნარჩუნდება.
გრაფიკი 2: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში
წყარო: ეროვნული ბანკი
უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთის წილის შემცირების ძირითად მიზეზს სხვა ქვეყნებიდან გზავნილების თანხობრივი ზრდა წარმოადგენდა.
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2015-დან 2018 წლამდე პერიოდში თანხობრივად მცირედით - 433-დან 457 მლნ-მდე, გაიზარდა, თუმცა წილობრივად მნიშვნელოვნად - 40%-დან 29%-მდე, შემცირდა. შემდეგ სამ წელიწადში მართალია, თანხობრივი კლებაც დაფიქსირდა - 457-დან 411 მლნ-მდე, მაგრამ ბევრად დიდი იყო წილობრივი კლება - 40%-დან 18%-მდე.
ბოლო პერიოდში გზავნილების მოცულობა ყველაზე მეტად შეერთებული შტატებიდან გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში შეერთებული შტატებიდან საქართველოში 219 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ორჯერ მეტი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იმავე პერიოდში, იტალიიდან გზავნილების მოცულობა 53%-ით - 150-დან 230 მლნ-მდე გაიზარდა.
გრაფიკი 3: ფულადი გზავნილების დინამიკა იანვარ-მაისი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: ეროვნული ბანკი
იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მაღალია გზავნილების მოცულობა, ომამდე, 2015-2021 წლებში, ზრდა მხოლოდ რუსეთს არ უფიქსირდება. იმავე პერიოდში სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან - 182%-სა და იტალიიდან 249%-ს მიაღწია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთიდან საქართველოში გზავნილების ზრდა ერთი თვის შემდეგ, აპრილიდან იწყება. სანქციების პირველ ტალღას რუბლის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. სრული კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა თანხის საზღვარგარეთ გადარიცხვაზე და გადახურდავებაზე მკაცრი რეგულაციები დააწესა. მიგრანტთა პირველი ტალღა საქართველოში მართალია მალევე გამოჩნდა, მაგრამ არა ერთ დღეში. შესაბამისად, ომის ეფექტი გზავნილებს აპრილში დაეტყო და არა მარტში.
რუს მიგრანტთა ნაწილმა საქართველო უკვე დატოვა. დარჩენილთა ნაწილმა კი უძრავი ქონება 2022-2023 წლებში შეიძინა. მათი მხრიდან მსხვილი ხარჯების შემცირებამ გზავნილების კლებაზე დამატებითი გავლენა იქონია.
2022 წლის მესამე კვარტალში გზავნილები შემცირდა, თუმცა მეოთხე კვარტალში პიკს მიაღწია. აღნიშნული მობილიზაციას უკავშირდება. 2022 წლის სექტემბერში რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და საქართველოშიც მიგრანტთა ახალი ტალღა გამოჩნდა.
გადაჭრით იმის თქმა, როგორ შეიცვლება რუსეთიდან გზავნილების დინამიკა უახლოეს მომავალში, შეუძლებელია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, გამოცხადდება, თუ - არა რუსეთში ხელახალი მობილიზაცია, მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, ჩაიკეტება, თუ - არა საზღვრები. დიდი ცვლილებების გარეშე გზავნილების მოცულობა თანხობრივად, სავარაუდოდ, იგივე დარჩება რაც დღესაა, თუმცა სხვა ქვეყნებიდან ზრდის ფონზე მისი წილი შემცირდება.
ფულადი გზავნილები მშპ-ის ფორმირებაში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა მის ერთ-ერთ კომპონენტ მოხმარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გამონაკლისებს, ბოლო 20 წელია, რაც გზავნილებზე დამოკიდებულება მუდმივად იზრდება. თუ 2003 წელს გზავნილების წილი ეკონომიკაში 6.2%-ს შეადგენდა, 2012 წელს 10.7%-ს მიაღწია, 2022 წელს კი - 15.6%-ს. ომამდეც, 2021 წელს გზავნილების წილი 14.2%-ს აღწევდა, რაც აგრეთვე რეკორდული იყო.
2013-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეების უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 285 ათასს გადააჭარბა. ბოლო პერიოდში მიგრაციული პროცესი დაჩქარდა. მხოლოდ 2022-2023 წლებში ქვეყანა 118 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. მაღალმა მიგრაციამ გზავნილების ზრდის პროცესი დააჩქარა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გზავნილები 2020 წელსაც გაიზარდა, იმ გამონაკლის წელს, როდესაც პანდემიის გამო დადებითი მიგრაციული სალდო აღინიშნა.
ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილის მიმღებებს მოქალაქეების მიხედვით არ აღრიცხავს. შესაბამისად, ვერ დგინდება, რუსეთის შემთხვევაში, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებზე თანხა რა პროპორციით ნაწილდება.