სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ 24 მაისის მარშის შემდგომ გავრცელდა მტკიცებები, თითქოს მარშის მონაწილეთა რაოდენობა კადრებში ხელოვნურად, ფოტომანიპულაციების გამოყენებით გაზარდეს. ამის დასამტკიცებლად, ისინი აქვეყნებენ კადრებს და მიუთითებენ მონაკვეთებზე, რომლებიც თითქოს ერთმანეთის იდენტურია. იხილეთ ბმული 1, 2, 3;
სინამდვილეში, პოსტების ავტორების მიზანი მარშისა და მასში მონაწილეთა დისკრედიტაციაა და მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს, თითქოს მარშში მონაწილეობა ადამიანთა იმდენად მცირე რაოდენობამ მიიღო, რომ მარშის მონაკვეთები კადრებში მრავალჯერ ჩასვეს და შედეგად ფოტოებზე მონაწილეთა რაოდენობა ხელოვნურად გაზარდეს.
„ფაქტ-მეტრმა“ სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ გავრცელებული კადრები შეისწავლა.
აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ამ ფოტოს უკანა ფონზე გაურკვეველია, რისი მინიშება სურს პოსტის ავტორს, რადგან ფოტოს ამ მონაკვეთში დეტალების გარჩევა თითქმის შეუძლებელია. უკანა ფონზე შედარებით გარკვევით ჩანს საქართველოს დროშა და ევროკავშირის, საქართველოსა და უკრაინის დროშასთან ერთად.
ეს კადრები ფოტოს სხვა არცერთ მონაკვეთში არ გვხვდება. ამდენად, აღნიშნული მონაკვეთზე ხაზგასმა, პირიქით, ეწინააღმდეგება პოსტის ავტორის მტკიცებას, თითქოს კადრებში ადამიანთა რაოდენობის გასამრავლებლად მონაკვეთები მრავალჯერაა გამეორებული.
მარშში მონაწილეები, მეტ-ნაკლებად გარკვევით, ფოტოს წინა ფონზე ჩანან. „ფაქტ-მეტრმა“ მეტი თვალსაჩინოებისთვის ფოტოს შემოხაზული მონაკვეთები დანომრა.
მათზე დაკვირვება ასევე ადასტურებს იმას, რომ ფოტო ავთენტურია და მასში ერთი და იგივე მონაკვეთები და ადამიანები არ მეორდება.
მაგალითად, პირველ წრეში ვხედავთ 4 მობილურის ნათებას, თავად კადრში ასახული ადამიანების ნაწილი კი უკან არის მიბრუნებული. მობილურის ნათებებს ფოტოზე ასევე ვხვდებით მე-2 და მე-4 წრეში, თუმცა არცერთ მათგანში არც ადამიანების და არც ნათებების განლაგება ერთმანეთის იდენტური არ არის.
1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 მონაკვეთებს ერთმანეთთან მხოლოდ ის აკავშირებს, რომ მასში მოწითალო სამოსში ჩაცმული ადამიანები გვხვდებიან. თუმცა დაკვირვებისას, ნათლად ჩანს, რომ ამ ადამიანების სამოსის ტონალობები, მათი სქესი, თმის ვარცხნილობები, ფოტოზე მათი პოზიცია ერთმანეთისგან განსხვავებულია და არცერთი მათგანის კადრი რეალურად არ მეორდება.
მე-5 მონაკვეთზე ასევე შემოხაზულია საქართველოს დროშა. საქართველოს დროშის შემჩნევა ფოტოს უკანა ფონზეც არის შესაძლებელი, თუმცა ის, თუ რა დახრით ან ფორმით უჭირავთ ადამიანებს დროშები, ერთმანეთისგან განსხვავდება. კერძოდ, უკანა ფონზე გამოსახული დროშა უფრო მეტად გაშლილია, წინა ფონზე გამოსახული დროშა კი - ნაკლებად. შედარებისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ფოტოსურათები.
ამდენად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული დეზინფორმაციის ავტორმა აღნიშნული მოხაზულობები შემთხვევითობის პრინციპით გააკეთა, რაც მიზნად მისი მტკიცებისთვის მასალის შექმნას ისახავდა. თუმცა, როგორც ფოტოს დეტალების ანალიზისას ჩანს, ფოტოში კადრები ავთენტურია და მასში ფოტომანიპულაციური საშუალებების გამოყენებით ხალხის რაოდენობის გასაზრდელად ერთი და იგივე კადრების გამეორება არ დასტურდება.
დამატებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ამ ფოტოს ორიგინალი ვერსია ფოტოგრაფ Ezz Gaber-ს ეკუთვნის. ამაზე მიანიშნებს ფოტოს ზედა მარცხენა კუთხეში არსებული ნიშანი. ჩვენ იმავე ფოტოს საწყისი ვერსია ვიპოვეთ, რომელიც მრავალ სხვადასხვა ონლაინ საინფორმაციო სააგენტოსაც ჰქონდა გამოქვეყნებული. მასზე დეტალების გარჩევა და იმაში დარწმუნება, რომ მასში მონაწილე ადამიანები რეალურები არიან, უკეთ არის შესაძლებელი.
მეტიც, ფოტოზე ასახული მომენტის შესაბამისი ვიდეოს Ezz Gaber-ის სოციალურ ქსელში მივაგენით. ვიდეო ოდნავ განსხვავებული კუთხიდანაა გადაღებული, თუმცა იმ ფაქტზე, რომ კადრები მარშის იმავე მონაკვეთს ასახავს, რამდენიმე დეტალი მეტყველებს.
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტოც, სადაც იმ მტკიცების გასამყარებლად, თითქოს მსვლელობის კადრებში მონაკვეთები გამეორებულია, ვხვდებით მინიშნებას ორ ახალგაზრდა მამაკაცზეც.
აღნიშნული ფოტო ისევ 24 მაისის მსვლელობას ასახავს და Ezz Gaber-ის ფოტოდან შედარებით მცირე მონაკვეთიდანაა აღებული.
სინამდვილეში, დეტალებზე დაკვირვებისას, ცხადია, რომ მამაკაცები სხვადასხვა ადამიანები არიან. ფოტოზე მათი სხეული პოზიცია, ჩაცმულობა, მათ გარშემო მდებარე ადამიანები და სხვა საგრძნობლად განსხვავდება. Ezz Gaber-ის ვიდეოში მათი სხვა კადრის ნახვაცაა შესაძლებელი. კადრში ჩანს, რომ ერთ-ერთი მათგანი სინათლეს ანათებს, მეორე კი მობილურს უყურებს.
24 მაისის მსვლელობას არაერთი ტელევიზია და ონლაინ საინფორმაციო სააგენტოც ავრცელებდა. შესაბამისად, მისი ამსახველი კადრების ავთენტურობის გადამოწმება მრავალ წყაროშია შესაძლებელი (იხილეთ 1, 2, 3).
ამდენად, მტკიცებები, თითქოს 24 მაისის მსვლელობის კადრებში ადამიანების რაოდენობა კომპიუტერული მანიპულაციებითაა გამრავლებული, ყალბია.
--------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.