სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, რომლის თანახმადაც აშშ-ში, ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ჯორჯია საქართველოში აერია და ენტონი ბლინკენის განცხადების შემდეგ FARA-ს მსგავს კანონს, რომლის მიღებასაც ისინი აპირებდნენ, ვეტო დაადო. აღნიშნული მტკიცება სხვადასხვა Facebook-ანგარიშმა გამოაქვეყნა (1; 2), ინფორმაცია ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ გაჟღერდა (ეს ინფორმაცია გადაცემაში სამჯერ გაჟღერდა: იხილეთ 8:50; 1:05:09; 1:08:48).
ქართულენოვანი სოციალური ქსელების გარდა, ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმაც გაავრცელეს, კერძოდ, EADaily; RT; Российская газета; Известия; РИА Новости, Sputnik და სხვებმა. ყველა მათგანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას პოსტს ციტირებდა. საგულისხმოა, რომ გადაცემის „უცნობის კიდობანი“ ბოლო ნაწილში, სადაც მსოფლიოს ამბების შესახებაა საუბარი (იხ. ბმული 1:08:48-დან), მარია ზახაროვას პოსტი სრულად წაიკითხეს, როგორც რეალურად მომხდარი ამბის აღწერა, თუმცა ის ფაქტი, რომ ინფორმაცია მარია ზახაროვას ეკუთვნოდა, სიუჟეტში არ გაჟღერებულა.
მარია ზახაროვამ აღნიშნული პოსტი საკუთარ Telegram-არხზე 27 მაისს გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:
„სანამ ანტონი ბლინკენი და აშშ-ის კონგრესი აგრძელებენ საქართველოში დემოკრატიისთვის კოშმარის მოწყობას სანქციებით დამუქრებითა და აქტივების გაყინვითაც კი, ამასობაში ჯორჯიის შტატში რაღაც არასწორად მოხდა.
რა მოხდა?
აპრილში ჯორჯიის შტატის სენატმა (პარლამენტმა) მიიღო და გუბერნატორს ხელმოსაწერად გაუგზავნა საკუთარი კანონპროექტი N368, უცხოელი აგენტების შესახებ, რითაც აჩვენა თავდასხმა დემოკრატიაზე ყველა ფრონტზე. ამის შემდეგ, თითქმის მაშინვე, ასე დაემთხვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც გააკრიტიკა „კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონი.
ამის შემდეგ თითქმის მაშინვე - დამთხვევა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას, სადაც აკრიტიკებს "კრემლის მიერ შთაგონებული "უცხოური გავლენის" კანონს, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ.
ამის შემდეგ, შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპიმ, წაიკითხა რა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, გაოცდა, რომ მის ჯორჯიაში ყვავის „კრემლის შთაგონება“, რის შედეგადაც შტატის სენატის მიერ მიღებულ კანონს უცხოელ აგენტთა შესახებ ვეტო დაადო.
სახელმწიფო დეპარტამენტი ცუგცვანგში აღმოჩნდა.
ვინაიდან კემპის ვეტოს გამო, უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ჯორჯიაში მიღებული არ იქნა. საქართველოში კი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა დაიწყო. გამოდის, რომ დემოკრატია არა საქართველოში, არამედ ამერიკულ ჯორჯიაში არ ყოფილა. ვაშინგტონმა არ იცის, რა უშველოს საკუთარ სირცხვილს.
გახსოვთ, ადრე როგორ დასცინოდნენ ამერიკელებს, რომლებსაც ტვიტებში ჯორჯია და საქართველო ეშლებოდათ? როგორც ჩანს, ეს უკვე არა საგარეო, არამედ აშშ-ის საშინაო პოლიტიკის პრობლემად იქცა“ - წერს ზახაროვა.
რა მოხდა ჯორჯიის შტატში?
ჯორჯიის სენატმა შტატის გუბერნატორს, ბრაიან კემპს, კანონპროექტი N368 ხელმოსაწერად 2024 წლის 2 აპრილს გაეგზავნა. კანონს უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის (FARA) შტატისთვის მორგებული ვერსია უნდა შეექმნა. საგულისხმოა, რომ, როგორც ზახაროვა ამტკიცებს, კანონპროექტი ჯორჯიაში გუბერნატორის, ბრაიან კემპის მიერ არ ყოფილა ინიციირებული. იგი სენატორმა რიკ უილიამსმა წარადგინა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადება 2024 წლის 1 მაისს გამოაქვეყნა, მაშინ როცა ჯორჯიის გუბერნატორმა ვეტო კანონპროექტ #368-ს 7 მაისს დაადო.
ვეტოს დადების მიზეზი, როგორც კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, ზახაროვა ამტკიცებს, გუბერნატორის მიერ საქართველოსა და ჯორჯიის სახელის ერთმანეთში არევა არ ყოფილა. რეალურად, გუბერნატორმა კანონპროექტს ვეტო თავად კანონის წარმდგენის, სენატორი რიკ უილიამსის მოთხოვნის შემდგომ დაადო. მიზეზი კი კანონის გაუმართაობა იყო. მაგალითად, იგი კრძალავდა იმ პიროვნებების მიერ, ვისაც აშშ-ის მოქალაქეობა არ ჰქონდათ, ჯორჯიის შტატის კანდიდატებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბიზნესს ჯორჯიაში აწარმოებდნენ, დარეგისტრირებულიყვნენ ეთიკის სახელმწიფო კომიტეტში (State Ethics Commission). ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, კანონს ბევრად უფრო კომპლექსური შედეგები ექნებოდა, არა მხოლოდ უცხოური კომპანიებისთვის, არამედ უცხოური კომპანიების ამერიკული შვილობილი კომპანიებისთვისაც, არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, აკადემიური, რელიგიური ინსტიტუტებისთვის და ა.შ, ვინაიდან FARA-სგან განსხვავებით, იგი არ მოიცავდა იმ ძირითად გამონაკლისებს, რომელიც მიზნად ისახავს ზოგიერთი სუბიექტის რეგისტრაციის ვალდებულებისგან გათავისუფლებას.
შესაბამისად, მარია ზახაროვას მიერ გავრცელებული მტკიცება, რომელიც შემდგომ ქართულენოვანმა მედიამ და სოციალური ქსელების ანგარიშებმა გაავრცელეს, იმის შესახებ, რომ აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს საკუთარი შტატი საქართველოში აერია, ყალბია.
--------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.