სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში დიმიტრი ბიძინაშვილი წერს, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი სისასტიკიდან არც ერთი აშშ-ს არ დაუგმია. სინამდვილეში, 2003-2012 წლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე თუ მედიის შეზღუდვაზე, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციები წერდნენ და ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ.
2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციამ ხელკეტების, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები დაარბია. დღის ბოლოს, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. 7 ნოემბრის მოვლენებს წინ უსწრებდა 12-პუნქტიანი მანიფესტი, რომელიც ათი ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს მიერ 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ხოლო 2 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. ოპოზიციას მხარს ბიზნესმენი და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, ბადრი პატარკაციშვილიც უჭერდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმართებოდნენ. პრეზიდენტს მალევე გადადგომა მოუწია და 2008 წლის 5 იანვრისთვის საპრეზიდენტო არჩევნები ჩაინიშნა.
აშშ-ის 2008 წლის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შესახებ ვკითხულობთ, რომ სიტყვის, პრესისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა 2007 წლის მოვლენების დროს გაუარესდა. ამავდროულად, არსებობდა ცნობები „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დაუსჯელად მოქმედებასა“ და „მთავრობის სასამართლო სისტემაზე ზეწოლასთან დაკავშირებით“.
„ადამიანის უფლებათა ძირითადი დარღვევა, რომელიც დაფიქსირდა [2007] წლის განმავლობაში, მოიცავდა მინიმუმ ორ საეჭვო სიკვდილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების გამო, ეჭვმიტანილთა დაშინებას, პატიმრებზე ძალადობას, ციხეებსა და წინასწარი დაკავების დაწესებულებებში ცუდ პირობებს, პოლიციის დაუსჯელობას, საშუალო მოქალაქეებისთვის ადვოკატებზე ხელმისაწვდომობის არ არსებობას, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების ანგარიშებს, ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პროცესის არარსებობას და სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების ზეწოლის შესახებ ინფორმაციას“. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლების პატივისცემა შემცირდა, „მაგრამ წლის ბოლოს მან ისევ ზრდა დაიწყო“.
სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების ძირითადი თემა, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობასთან ერთად, იყო დაშინება, ძალადობა ოპოზიციონერ ფიგურებზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა პოლიციის მიერ 2007 წლის ნოემბერში გადამეტებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ნოემბრის მოვლენების ფონზე, ოპოზიციამ დაკარგა კონტროლი ტელეკომპანიაზე, რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზია იყო. „იმედი“ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაუწყებლობის გარეშე დარჩა. ანგარიშში ასევე წერია, რომ დაფიქსირდა ფაქტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ ჟურნალისტებზე ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ.
შემდეგი ანგარიში, რომელშიც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ვკითხულობთ, Freedom Watch-ს, აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნის. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო თავისუფლებების მაჩვენებლები ნოემბერში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ფონზე საგანგებო მდგომარეობის დაწესების, პრესის თავისუფლების შეზღუდვისა და ოპოზიციის მიმართ მარგინალიზაციის სისტემატური კამპანიის გამო დაქვეითდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ დაარბია დემონსტრანტები 7 ნოემბერს და ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რა დროსაც აიკრძალა ყველა მაუწყებელი (გარდა სახელმწიფო კონტროლირებადი ტელევიზიებისა) და შეიზღუდა საზოგადოებრივი შეკრება.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მიხედვით, სასამართლო სისტემამ საქართველოში ვერც 2007 წლის განმავლობაში შეძლო დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება და ისევ განიცდიდა ფართო კორუფციას და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას: „გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლეებისთვის ქრთამის გადახდა ჩვეულებრივი მოვლენაა და სასამართლო რეფორმის მცდელობები ნელა ხორციელდება“.
2007 წლის ნოემბრის Human Right Watch-ის, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველომ 2007 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულების სისუსტე გამოავლინა. კერძოდ, სამთავრობო ძალებმა გამოიყენეს ძალადობრივი და გადაჭარბებული ძალა დედაქალაქ თბილისში, ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრაციების დასაშლელად. ბევრმა დემონსტრანტმა უარი თქვა დაშლაზე პოლიციის თავდაპირველ ბრძანებაზე და იყო შემთხვევები, როდესაც მომიტინგეები თავს დაესხნენ ცალკეულ პოლიციელებს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, შეაჩეროს ასეთი თავდასხმები, მთავრობები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ ადამიანის უფლებათა ძირითად სტანდარტებს, რომლებიც არეგულირებს ძალის გამოყენებას პოლიციის ოპერაციებსა და ქმედებებში. ანგარიშის მიხედვით, აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა ნაჩქარევად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. დაშავებულებიდან ბევრი იყო მშვიდობიანი მომიტინგე, რომლებიც ცდილობდნენ დაშლას, ან პირები, რომლებიც უბრალოდ აკვირდებოდნენ მოვლენებს ან ეხმარებოდნენ დაშავებულებს.
ანგარიში ასევე ეხება შეიარაღებული სპეცრაზმის მიერ კერძო ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას. სპეცრაზმი დაემუქრა თანამშრომლებს, დააზიანა ან გაანადგურა ტექნიკის დიდი ნაწილი. ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და დახურვა იყო საქართველოს მიერ გამოხატვის თავისუფლების გარანტიის ვალდებულების დარღვევა. „საეჭვოა მთავრობის განცხადება, რომ იმედის ერთი გადაცემა საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და იმსახურებს შემდგომ განხილვას. ნებისმიერ შემთხვევაში, დარბევა იმედზე ასობით შეიარაღებული სამართალდამცავის მიერ, რომელიც დაიწყო ასობით ჟურნალისტისა და სხვა პერსონალის წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე, აშკარად არაპროპორციული იყო“,- ვკითხულობთ ანგარიშში.
Human Right Watch-ის მიხედვით, 2007 წლის ნოემბრის მოვლენები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ რეპუტაციას, რომელიც საქართველოს მთავრობამ მოიპოვა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს. 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე შეკრებილი ოპოზიციის საპროტესტო მიტინგი დაშალეს, დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 26 მაისს დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა რიგ შემთხვევებში არაპროპორციული იყო. „ სამართალდამცავები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აკავებდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ ან უკვე სამართალდამცავთა კონტროლის ქვეშ იყვნენ“,- წერია ანგარიშში. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თანახმად, 26 მაისს დაშავდა ათეულობით ადამიანი და დაფიქსირდა აქციის 4 მონაწილისა და 1 პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფა. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, პოლიციელ ვლადიმერ მასურაშვილი და აქციის მონაწილე ნოდარ ცხადაძის სიცოცხლის ხელყოფა აქციის დაშლისას ავტოკოლონის მანქანების მიერ ტერიტორიის დატოვების ეპიზოდს უკავშირდება. რაც შეეხება ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის საქმეს, მათი ცხედრები მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე იპოვეს. გამოძიების ცნობით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან შეხება გახდა. აქციის კიდევ ერთი მონაწილე, თემურ კაპანაძე პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დამძიმდა და აქციის დარბევიდან რვა დღის შემდეგ გარდაიცვალა.
აქციის დაშლას მეორე დღეს მარკ ტონერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში მოქალაქეების მისწრაფებების მშვიდობიანად გამოხატვის უფლება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, უნდა იყოს დაცული: „ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს ბოლო რამდენიმე დღის ინციდენტები, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა“.
26 მაისის მოვლენების გამოძიების აუცილებლობას გაუსვა ხაზი საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა. მან შეშფოთება გამოხატა პოლიციელების მიერ აქციის დასაშლელად „პოტენციურად გადაჭარბებული ძალის“ გამოყენებაზე. ელჩმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირთა ნაწილი „ძალადობრივი კონფრონტაციისკენ ისწრაფოდნენ“.
აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2012 წელს გამოქვეყნებულ „საქართველოში ადამიანების უფლებათა ანგარიშში“ ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები ქვეყანაში ხელისუფლების, სასჯელაღსრულებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ პატიმართა წამებასა და შეურაცხყოფას უკავშირდებოდა. ქვეყანაში არსებობდა კანონის უზენაესობის ხარვეზები, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობა. ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაერთიანების, შეკრების და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლება მრავალი დაბრკოლებების წინაშე იდგა, განსაკუთრებით ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ 26 მაისის მოვლენებზე Human Right Watch-მა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა მაისში დედაქალაქში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დასაშლელად. ამავდროულად, ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამართლიანი გამოძების ჩატარება. მაგალითად, ანგარიშის თანახმად, შემაჯამებელ პროცესებზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა 26 მაისს დაკავებული 90-ზე მეტი პირი, პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის და მათ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. უმეტეს შემთხვევაში, სასამართლო ეყრდნობოდა პოლიციის ჩვენებებს და არ მიუღია რაიმე ქმედება ბრალდებულების დაზიანებების საპასუხოდ.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.