რომან გოცირიძე: სუს-ის ბიუჯეტი გაორმაგდა და გასამმაგდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის აგვისტოდან გამოეყო. 2016 წელს უწყების ბიუჯეტმა 104 მლნ ლარი შეადგინა, 2021 წელს - 138 მლნ, 2024 წლის გეგმით კი 210 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

2016 წელთან შედარებით სუს-ის ბიუჯეტი გაორმაგდა. 2021 წლამდე უწყების დაფინანსება დაბალი ტემპით იზრდებოდა და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა ხარჯების ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. 2021 წლის შემდეგ მიდგომა შეიცვალა და დაფინანსების ზრდის ტემპიც მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

2016-2024 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელების მოცულობა ჯამურად 140%-ით - 10.4-დან 25 მლრდ-მდე გაიზარდა, სუს-ის დაფინანსება 102%-ით - 104-დან 210 მლნ-მდე, ანუ უფრო დაბალი ტემპით. თუ განსახილველად მხოლოდ 2021-2024 წლების პერიოდს ავიღებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ გადასახდელები 26%-ით გაიზარდა - 19.8-დან 25 მლრდ-მდე, სუს-ის ბიუჯეტი 52%-ით - 138-დან 210 მლნ-მდე. ანალოგიური სიტუაციაა ცალ-ცალკე სხვა უწყებების მიმართაც. მათი უმრავლესობის დაფინანსება 2016-2021 წლებში სუს-ზე სწრაფად იზრდებოდა, 2021 წლის შემდეგ კი პირიქით, უფრო ნელა.

მთლიანობაში, 2016-2024 წლებში, სუს-ის დაფინანსება ნომინალურად გაორმაგდა. მთლიანი პერიოდის ზრდის ტემპი სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ზრდის ტემპს ჩამორჩებოდა, მაგრამ დინამიკა 2021 წლის შემდეგ შეიცვალა და სუს-ის დაფინანსება სხვა უწყებებზე მეტად გაიზარდა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: დეპუტატმა და საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ 8 მაისს სუს-ზე საუბრისას განაცხადა (9:18-დან): „ამოდენა ფული აქვს სუს-ს, გაორმაგდა და გასამმაგდა მისი ბიუჯეტი“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იგივე სუსი 2015 წლის 1-ელ აგვისტოს დაარსდა და ოთხ თვეში 37 მლნ ლარის ათვისება მოახერხა. 2016 წლის ბიუჯეტი 104 მლნ ლარით განისაზღვრა.

2016-2024 წლებში გადასახდელების მოცულობა ჯამურად 140%-ით - 10.4-დან 25 მლრდ-მდე გაიზარდა, სუს-ის დაფინანსება 102%-ით - 104-დან 210 მლნ-მდე, ანუ უფრო დაბალი ტემპით.

ჯამური ზრდა სრულ სურათს არ იძლევა. 2016-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 90%-ით -10.4-დან 19.8 მლრდ-მდე გაიზარდა, სუს-ის ბიუჯეტი - 32%-ით, 104-დან 138 მლნ-მდე. 2021-2024 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 26%-ით - 19.8-დან 25 მლრდ-მდე, სუს-ის დაფინანსება 52%-ით - 138-დან 210 მლნ-მდე გაიზარდა.

გრაფიკი 1: სახელმწიფო და სუს-ის ბიუჯეტის ზრდის ტემპი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო პერიოდში დაფინანსების ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის მესამე ვადაში სუს-ი განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა.

გრაფიკი 2: სუს-ის საბიუჯეტო დაფინანსება (მლნ ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ოფიციალურად, სუს-ი პროფესიული ნიშნით შერჩეული თანამშრომლებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი, დეპოლიტიზირებული ორგანოა და მის მიზანს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა, ხოლო მისიას საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ვებგვერდზე საქმიანობის აღწერაში ვკითხულობთ: „სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა“.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას სუს-ის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში, კერძოდ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა დევნაში ადანაშაულებს. ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.

წლიურ ანგარიშებში სუს-ს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რუსეთი და რუსული გავლენები აქვს დასახელებული, მის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზები კი ძირითადად კორუფციული შემთხვევების გამოვლენასა და საოკუპაციო ხაზიდან მოქალაქეთა უკანონო გატაცებას ეხება.

როგორც 2016 წელს, 2024 წელსაც უწყების მომუშავეთა რიცხოვნობა 3850-ითაა განსაზღვრული. შრომის ანაზღაურება 74-დან 126 მლნ-მდეა გაზრდილი, არაფინანსური აქტივების ზრდაზე გამოყოფილი ბიუჯეტი - 2.5-დან 28 მლნ-მდე.

მთლიანობაში, 2016-2024 წლებში, სუს-ის დაფინანსება ნომინალურად გაორმაგდა, მთლიანი პერიოდის ზრდის ტემპი სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ზრდის ტემპს ჩამორჩებოდა, მაგრამ დინამიკა 2021 წლის შემდეგ შეიცვალა და სუს-ის დაფინანსება სხვა უწყებებზე მეტად გაიზარდა. რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5529 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი