ნიკოლოზ სამხარაძე: კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვს, წარმოადგინოს შემოსავლები და ხარჯები, რაც ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება არის ტყუილი.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით BBC-სთან ისაუბრა. პოლიტიკოსის განცხადებით, „კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვს, წარმოადგინოს შემოსავლები და ხარჯები, რაც ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან, რომელიც 3 თვის წინ მიიღო ევროკომისიამ და დასამტკიცებლად გადასცა ევროპარლამენტს“.
,,ფაქტ-მეტრმა’’ ნიკა სამხარაძის განცხადება გადაამოწმა
ანალიზი
მმართველი გუნდის წარმომადგენლები საქართველოში დაინიციირებულ რუსულ კანონს ევროკავშირში არსებულ დირექტივის პროექტის ანალოგად სისტემატურად წარმოაჩენენ. საუბარია, 2023 წლის 12 დეკემბერს ევროკომისიის მიერ წარდგენილ „დემოკრატიის დაცვის პაკეტზე“, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საკანონმდებლო წინადადება (დირექტივის პროექტი) „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“.
გადასამოწმებელ განცხადებაში ნიკოლოზ სამხარაძეს საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტის შინაარსი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვამდე დაჰყავს და ამტკიცებს, რომ ამით კანონპროექტი ,,ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან’’. რეალურად, ევროკავშირის დირექტივის პროექტის სამიზნე არა საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების საქმიანობა, არამედ ის ეკონომიკური, სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოების რისკებია, რომლებიც სხვადასხვა არაევროკავშირული სახელმწიფოებიდან შეიძლება მომდინარეობდეს. გარდა ამისა, ევროკავშირის დირექტივის მიღების კონტექსტი და შინაარსი საქართველოში ხელმეორედ დაინიციირებული კანონპროექტისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. ამ განსხვავებების შესახებ ქვემოთ მოკლედ მოგიყვებით.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში დირექტივის ინიციირებამდე, ევროკომისიას პროცედურული მუშაობა ჯერ კიდევ 2022 წელს ჰქონდა დაწყებული. ევროკავშირი 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისამდე დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს მართავდა, რის შემდეგაც წევრ სახელმწიფოებთან, კომერციულ თუ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ა.შ. კონსულტაციები გააგრძელა. ამასთან, კანონპროექტის ინიციირებამდე ევროკომისიამ კანონპროექტის გავლენის შეფასება მოამზადა. ამის საპირისპიროდ, საქართველოში 2023 წლის მარტში კანონპროექტის ინიციირებას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტებელი კამპანია უძღოდა, რაც კანონპროექტის ჩაგდების შემდეგაც უწყვეტად გრძელდება.
როგორც აღვნიშნეთ, ევროკავშირის დირექტივის პროექტი ევროკავშირის წინაშე არსებული კონკრეტული რისკების პრევენციაზეა ფოკუსირებული - დირექტივის პროექტის განმარტებით ბარათში ევროპულმა პარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ აღნიშნა, რომ „უცხოური ზეგავლენის მხრივ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები არსებობს. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ეს საფრთხეები კიდევ უფრო რეალური გახდა“. ამისგან განსხვავებით, საქართველოში წარდგენილი კანონპროექტი, კონკრეტულ რისკებზე მითითების გარეშე, თვითმიზნად გამჭვირვალობას ასახელებს და ამ ერთი შეხედვით „კეთილშობილური“ მიზნის მიღმა კანონპროექტში არსებული რეპრესიული მექანიზმებით, სამოქალაქო სექტორს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აყენებს.
ევროკავშირის დირექტივა არეგისტრირებს ორგანიზაციებს არა იმის გამო, რომ მათ თანხა მესამე - არაევროკავშირული, სახელმწიფოსგან მიიღეს, არამედ იმის მიხედვით, მიღებული თანხის სანაცვლოდ, თუ რა აქტივობას ახორციელებდნენ. შესაბამისად, ფუნდამენტური განსხვავება საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტსა და ევროკავშირში ინიციირებულ დირექტივას შორის ისაა, რომ ქართული კანონპროექტი „უცხოური ძალისგან“ მიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს, ხოლო, ევროკავშირის დირექტივა მიღებული დაფინანსების მიზნებს აფასებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, რუსეთში მოქმედი „უცხო აგენტების შესახებ კანონის“ მსგავსად, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი დაფინანსების ან/და საქმიანობის გამჭვირვალობის ყალბი მიზნებით, საქართველოში მოქმედი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციას მოემსახურება, გამოაცხადებს რა მათ უცხოური ინტერესების გამტარებლებად.
ის, რომ ევროკავშირში განხილვაში მყოფი დირექტივის პროექტი განსხვავდება საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტისგან, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებიდანაც დასტურდება. „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსპარანტულობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი“, - განაცხადა შოლცმა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რეალურად, საქართველოში ინიციირებულ „რუსულ კანონსა“ და ევროკავშირში ინიციირებულ დირექტივის პროექტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ამ განსხვავებებზე მითითების გარეშე, ქართული და ევროპული კანონპროექტების ანალოგებად წარმოჩენა მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე და რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დასავლური პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).