მამუკა მდინარაძე: დღეს ცდილობს ევროკავშირი ამ საკითხის დარეგულირებას, იმ კანონპროექტით, რომელიც ევროდირექტივის სახით შევიდა ევროპარლამენტში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
2024 წლის 15 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: „სახელმწიფო, იძულებული გახდა, მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები, ისევე როგორც დღეს ცდილობს ევროკავშირი ამ საკითხის დარეგულირებას იმ კანონპროექტით, რომელიც ევროდირექტივის სახით შევიდა ევროპარლამენტში“.
,,ფაქტ-მეტრმა’’ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.
აღნიშნულ განცხადებაში, მამუკა მდინარაძე საქართველოში დაინიციირებულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’ კანონპროექტს ევროკავშირში არსებული დირექტივის პროექტის ანალოგად წარმოაჩენს. საუბარია, 2023 წლის 12 დეკემბერს ევროკომისიის მიერ წარდგენილ „დემოკრატიის დაცვის პაკეტზე“, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საკანონმდებლო წინადადება (დირექტივის პროექტი) „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“.
ევროკომისიის ინიციატივას მმართველი გუნდის წარმომადგენლები საქართველოში 2023 წლის თებერვალში დაინიციირებული ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონების ანალოგად აქამდეც მიიჩნევდნენ. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ,,ევროკავშირის დირექტივას საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტის ანალოგიური სულისკვეთება და შინაარსი აქვს“.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია 2023 წლის 9 მარტს, საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. აღნიშნული კანონპროექტი იმ არასამთავრობოებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20%-ს უცხოელი დონორებისგან იღებენ (რაც საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას მოიცავს), „უცხოური გავლენის აგენტად“ აცხადებდა. შესაბამისად, კანონპროექტი, როგორც დასავლური დახმარების მიმღები ორგანიზაციების, ასევე, ამერიკელი და ევროპელი დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ისეთების, როგორიცაა მაგალითად გაერო, საეჭვო ძალებად გამოცხადებას ისახავდა მიზნად. „რუსული კანონის“ ჩაგდებიდან 1 წლისა და 1 თვის შემდეგ მმართველმა პარტიამ ზუსტად იგივე კანონპროექტი, შეცვლილი სახელით, პარლამენტში კიდევ ერთხელ დაარეგისტრირა.
ევროკავშირის დირექტივის მიღების კონტექსტი, მის მიზნები და შინაარსი საქართველოში ხელმეორედ დაინიციირებული კანონპროექტისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. ამ განსხვავებების შესახებ ქვემოთ მოკლედ მოგიყვებით:
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში დირექტივის ინიციირებამდე, ევროკომისიას ჯერ კიდევ 2022 წელს ჰქონდა პროცედურულად მუშაობა დაწყებული. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისამდე ევროკავშირი დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს მართავდა, რის შემდეგაც ევროკავშირმა გააგრძელა კონსულტაციები წევრ სახელმწიფოებთან, კომერციულ თუ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ა.შ. ამასთან, კანონპროექტის ინიციირებამდე ევროკომისიამ კანონპროექტის გავლენის შეფასება მოამზადა. ამის საპირისპიროდ, საქართველოში 2023 წლის მარტში კანონპროექტის ინიციირებას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტებელი კამპანია უძღოდა, რაც კანონპროექტის ჩაგდების შემდეგაც უწყვეტად გაგრძელდა.
ევროკავშირის დირექტივის პროექტი ევროკავშირის წინაშე არსებული კონკრეტული რისკების პრევენციაზეა ფოკუსირებული - დირექტივის პროექტის განმარტებით ბარათში ევროპულმა პარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ აღნიშნა, რომ „უცხოური ზეგავლენის მხრივ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები არსებობს. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ეს საფრთხეები კიდევ უფრო რეალური გახდა“. ამისგან განსხვავებით, საქართველოში წარდგენილი კანონპროექტი, კონკრეტულ რისკებზე მითითების გარეშე, თვითმიზნად გამჭვირვალობას ასახელებს და ამ ერთი შეხედვით „კეთილშობილური“ მიზნის მიღმა კანონპროექტში არსებული რეპრესიული მექანიზმები სამოქალაქო სექტორს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აყენებს.
ევროკავშირის დირექტივა არეგისტრირებს ორგანიზაციებს არა იმის გამო, რომ მათ თანხა მესამე, არაევროკავშირული, სახელმწიფოსგან მიიღეს, არამედ იმის მიხედვით, მიღებული თანხის სანაცვლოდ თუ რა აქტივობას ახორციელებდნენ. შესაბამისად, ფუნდამენტური განსხვავება საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტსა და ევროკავშირში ინიციირებულ დირექტივას შორის ისაა, რომ ქართული კანონპროექტი „უცხოური ძალისგან“ მიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს, ხოლო, ევროკავშირის დირექტივა მიღებული დაფინანსების მიზნებს აფასებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, რუსეთში მოქმედი „უცხო აგენტების შესახებ კანონის“ მსგავსად, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი დაფინანსების ან/და საქმიანობის გამჭვირვალობის ყალბი მიზნებით, საქართველოში მოქმედი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციას მოემსახურება, გამოაცხადებს რა მათ უცხოური ინტერესების გამტარებლებად.
ის, რომ ევროკავშირში განხილვაში მყოფი დირექტივის პროექტი განსხვავდება საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტისგან, დასტურდება გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებიდანაც. „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსპარანტულობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი“, - განაცხადა შოლცმა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რეალურად, საქართველოში ინიციირებულ „რუსულ კანონსა“ და ევროკავშირში ინიციირებულ დირექტივის პროექტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ამ განსხვავებებზე მითითების გარეშე, ქართული და ევროპული კანონპროექტების ანალოგებად წარმოჩენა მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე და რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დასავლური პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).