• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს ვერ მიიღებს

ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს ვერ მიიღებს

სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ შესყიდული სამუშაოები, რომლებიც საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, ან საერთოდ არ დაწყებულა, ან ვადაგადაცილებით მიმდინარეობს.

29/07/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ შესყიდული სამუშაოები, რომლებიც საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, ან საერთოდ არ დაწყებულა, ან ვადაგადაცილებით მიმდინარეობს.

ფოტო: ბათუმის №4 საჯარო სკოლა

მიმდინარე წლის 3 ივლისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თავის ვებგვერდზე და Facebook-გვერდზეც გამოაქვეყნა ინფორმაცია: „ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმის #4 და #5 საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს. 2230 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.“

ამ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ამ სკოლების რეაბილიტაცია თითქმის დასრულებული უნდა იყოს, თუმცა პროექტის ჩაბარების ვადები, ორივე შემთხვევაში, გახანგრძლივდა. სტატუსის ქვეშ ერთ-ერთი მოქალაქის კომენტარიდან ირკვევა, რომ მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, როდის დასრულდება აღნიშნული სკოლების რეაბილიტაცია, რადგან უკვე მეორე წელია, რაც სასწავლო წელს სხვა სკოლაში ხვდებიან. ამ კომენტარზე უწყებამ უპასუხა, რომ ერთი სკოლის პროექტი მომდევნო წლის თებერვალში უნდა დასრულდეს, ხოლო მეორე - მიმდინარე წლის დეკემბერში.


ეკრანის ანაბეჭდი (Screenshot) მგფ-ის Facebook-გვერდიდან

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული თემით დაინტერესდა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ინოვაციების, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის“ (I2Q) პროექტს ახორციელებს. ამ თანხის ნაწილი ბათუმის №4 და N5 საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისთვის გამოიყო. ორივე პროექტი მოიცავს შენობის და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. გათვალისწინებულია ადმინისტრაციული, ჰიგიენური, საერთო დანიშნულების ოთახების გამოყოფა. ძველი მოპირკეთებისგან გასუფთავდება ყველა არსებული კედელი და იატაკი და შეიცვლება ახლით. ასევე შეიცვლება შენობის ფასადის მოპირკეთების ელემენტები, გადახურვის ბურული და წყალარინებითი ელემენტები. პროექტით გათვალისწინებულია ლიფტის მშენებლობა შენობის გარე ფასადზე, რათა შენობის ყველა სართული ხელმისაწვდომი გახდეს შშმ პირთათვის. გათვალისწინებულია სკოლის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ, განათების ბოძების, წყლის სოკოს, გამწვანების, ჩარდახების, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. ასევე ეზოში არსებული ასფალტის ბილიკები ახლით შეიცვლება. დამონტაჟდება ბეტონის პანდუსები შშმ პირთათვის. პროექტით გათვალისწინებულია არსებული საქვაბე შენობის დემონტაჟი და ახალი საქვაბე შენობის აშენება. ორივე შენობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსი“ ახორციელებს. ხელშეკრულებების თავდაპირველი ვერსიით, მიმწოდებელს ობიექტები 2025-2026 წლების ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა ჩაებარებინა, თუმცა კომპანიამ, ორივე პროექტის შემთხვევაში, ვადის გახანგრძლივება ითხოვა. ცვლილებებით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლები მოსწავლეებს ვერ მიიღებს.

კერძოდ, ქალაქ ბათუმის №4 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის მიზნით, მგფ-სა და შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსს“ შორის 4 606 174-ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის 19 ოქტომბერს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში, ხოლო პროექტი თხუთმეტ თვეში უნდა ჩაებარებინა. გამოდის, რომ სამუშაოები 2024 წლის 19 აპრილსაც რომ დაწყებულიყო, კომპანიას პროექტი 2025 წლის ივლისში უნდა დაესრულებინა. თუმცა 15 აპრილს მხარეებმა სახელშეკრულებო პირობები შეცვალეს. შეთანხმების დოკუმენტში აღნიშნულია: „სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდა კონსტრუქციული პრობლემები. კერძოდ, შენობის გაშიშვლების შემდგომ, საჭირო გახდა არსებული სპორტდარბაზისა და ძირითად შენობაზე ორი ფლიგელის სრული დემონტაჟი. შესაბამისად, მომზადდა განახლებული კონსტრუქციული პროექტი, რომლის მიხედვითაც, ხდება შენობის ნაწილის დემონტაჟი და შემდგომ მათი აშენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა სამუშაოების მოცულობების ზრდა, დამატებითი სამუშაოების წარმოება და გარკვეული სამუშაოების ამოღება.“ ამავე დოკუმენტის თანახმად, საკონტრაქტო თანხა 1 114 257 ლარით გაიზარდა და 5 720 431 ლარი შეადგინა. მხარეები მიუთითებენ, რომ სადემონტაჟო სამუშაოების პროცესში გამოვლენილმა კონსტრუქციულმა პრობლემებმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ნებართვის დაგვიანებით გაცემამ (რომელიც დღემდე ოფიციალურად არ არის მიღებული), სამუშაოები გარკვეული ვადით შეაყოვნა. ამიტომ მათ მიზანშეწონილად მიიჩნიეს სამუშაოების ვადის გაგრძელება 12 თვის ვადით ანუ 2026 წლის 13 თებერვლამდე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, კომპანიისთვის ანაზღაურებულია მთლიანი ღირებულების 51% ანუ 2 917 537 ლარი. აქედან 1 381 852 ლარი გადარიცხულია ავანსის სახით.

რაც შეეხება ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციას, ხელშეკრულება გაფორმებულია იმავე კომპანიასთან (შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს“) 2023 წლის 10 ნოემბერს. სახელშეკრულებო ღირებულება თავდაპირველად 9 902 400 ლარს შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით შემცირდა და 8 498 946 ლარი გახდა. ხელშეკრულების ცვლილების დოკუმენტში, რომელიც მიმდინარე წლის 9 ივნისითაა დათარიღებული, ვკითხულობთ, რომ სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების შემდგომ, არსებულ კონსტრუქციულ პროექტსა და ფაქტობრივ მდგომარეობას შორის არაერთი უზუსტობა გამოიკვეთა, რამაც გამოიწვია დამატებითი კვლევების, ასევე, არსებული პროექტის მოდერნიზაციის აუცილებლობა. დოკუმენტში ასევე განმარტებულია, რომ გაჩნდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან სამშენებლო ნებართვის მიღების საჭიროება, გაახლებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა შემსყიდველს ახალი გრაფიკი წარუდგინა და სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება 2025 წლის 01 ნოემბრამდე ითხოვა. ამ ეტაპზე გადახდილია მთლიანი ღირებულების 61%, რაც 5 217 185 ლარს შეადგენს. ანაზღაურებული თანხის ნახევარზე მეტი - 2 970 700 ლარი - კომპანიამ ავანსად მიიღო.

ჩვენ მიერ სხვადასხვა დროს შესწავლილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაჭიანურების მიზეზად, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ობიექტის რეალურ მდგომარეობას შორის განსხვავება სახელდება. ამ ორი ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების ვადის გახანგრძლივების საფუძველიც, როგორც ვნახეთ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ისეთი გარემოებებია, რომლებიც საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული არ იყო.

ინფორმაციისთვის: მგფ-ს, იმავე პროგრამის ფარგლებში, შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსთან“ სხვა ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული. სამუშაოების დაწყებისა და დასრულების პერიოდი იდენტურია. თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდის მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯას (6 501 300 ლარიდან, ანაზღაურებულია 49%, ავანსის ჩათვლით) საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია ჯერაც არ დასრულებულა.

2024 წლის ნოემბერში „ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა სტატია აჭარაში არსებული იმ საჯარო სკოლების შესახებ, რომელთა რეაბილიტაციის გამოც, აჭარის განათლების სამინისტრომ მოსწავლეები და მასწავლებლები სხვადასხვა სკოლაში გადაანაწილა. იმ დროს უწყებისგან ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვეთ. ბათუმის №4 საჯარო სკოლიდან 1 082 მოსწავლე საგაკვეთილო პროცესს №26 და№27 სკოლებში ესწრებოდა, ხოლო ტრანსპორტირების ყოველდღიური ხარჯი 3 423 ლარს შეადგენდა. N5 საჯარო სკოლის 1 250 მოსწავლიდან, ნაწილი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ახალშენში, ნაწილი კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში დადიოდა. მათი ტრანსპორტირებისთვის ყოველდღიურად 4 278 ლარი იხარჯებოდა. ორივე სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯი, ჯამში, დღეში 7 701 ლარს შეადგენდა. სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გახანგრძლივების გამო, სამინისტროს მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე კვლავ სოლიდური ხარჯის გაღება მოუწევს. თუ მხოლოდ ზამთრის არდადეგებამდე პერიოდს ვიანგარიშებთ, იმავე ტარიფის შენარჩუნების შემთხვევაში, ხარჯი 500 000 ლარს აღემატება.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს ვერ მიიღებს

    ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლები ახალ სას...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • გამოვიდა [ევროკავშირის] ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია

    გამოვიდა [ევროკავშირის] ელჩი და თქვა, რო...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • ექსპორტის 38% ავტომობილების რეექსპორტზე მოდის, იმპორტი ძირითადად ნახატებისა და ქანდაკებების ხარჯზე გაიზარდა

    ექსპორტის 38% ავტომობილების რეექსპორტზე...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა