სოციალურ ქსელში, როგორც ქართულენოვანი, (1) ასევე რუსულენოვანი ანგარიშები (1; 2; 3; 4) ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რომის პაპმა ფრანცისკემ ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. (არქივირებული ბმულები: 1; 2).
სინამდვილეში გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.
სოციალური ქსელის ანგარიშების გარდა აღნიშნული მტკიცება რუსეთის სახელმწიფო მედია „RIA Novosti”-მაც გაავრცელა, თუმცა მალევე მათ ახალი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ინფორმაცია ყალბია, რომის პაპს მსგავსი განცხადება არ გაუვრცელებია და ეს მათ წმინდა საყდრის პრესსამსახურში დაუდასტურეს. „RIA Novosti“-ის გარდა ინფორმაცია სხვა კრემლისტურმა გამოცემებმაც უარყვეს. (Аргументы и Факты; Коммерсантъ)
საგულისხმოა, რომ ვატიკანის ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში (X) და არც ვატიკანის ახალი ამბების ვებგვერდზე Vatican News ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომის პაპმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - არ იძებნება. Vatican News-ზე რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია 18 მარტით თარიღდება და მასში ვკითხულობთ: „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაშინ, როცა ათასობით ადამიანი აპროტესტებდა მის „ავტორიტარულ მმართველობას“. სტატიაში ხაზგასმულია, რომ დასავლეთი რუსეთის „არჩევნებს“ ლეგიტიმურად არ ცნობს.
ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც რომის პაპმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, არ დასტურდება.
----------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.