სოციალურ ქსელში 13 მარტს Facebook-მომხმარებელმა პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პოლონელები უკრაინაში ჯარების შეყვანას აპირებენ და უკრაინელებისგან იმ მიწების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც წარსულში პოლონეთისგან უკრაინას მიუერთეს (დაარქივებული პოსტი).
„პოლონელები იმ მიწების უკან დაბრუნებას მოსთხოვენ უკრაინელებს, რომელიც მათ ადრე ჩამოართვეს და უკრაინას მიუერთეს. ჯარების შეყვანასაც აპირებენ უკრაინაში და თუ ასე მოიქცევიან, ის ჯარი უკან აღარ დაბრუნდება. ი მ ა ნ თქვა დღეს კრემლში“, - ვკითხულობთ პოსტში.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მტკიცებები თითქოს პოლონეთი უკრაინის ტერიტორიების შეერთებას გეგმავს, რუსული დეზინფორმაციული მანქანის მიერ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზავნილია. აღნიშნული მტკიცებები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია. იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5.
მტკიცება, თითქოს პოლონეთს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დაკავება უნდა და ამის გაკეთებას აპირებს, სხვადასხვა დროს არა მხოლოდ რუსულ მასმედიასა და ინტერნეტსივრცეში, არამედ მაღალი დონის თანამდებობის პირების მხრიდანაც ხშირად ვრცელდებოდა. მაგალითად, მსგავსი განცხადება 2023 წლის აგვისტოში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააკეთა, 2022 წლის მაისში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა, ისევე როგორც კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ. თავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 4 ნოემბერს, ისტორიკოსებთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ „პოლონეთში უკრაინის დაკავების იდეა ჯერ კიდევ არსებობს“.
აღნიშნული დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებით რუსული პროპაგანდისტული მანქანა პუტინის მიერ ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში გაჟღერებული მტკიცების გამყარებას ცდილობს, რომლის მიხედვით, უკრაინა თითქოს ხელოვნურად, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიების შეერთების საშუალებით, საბჭოთა კავშირის მიერ ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა. ამასთანავე აღნიშნული სტრატეგია პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გამწვავებას და ისტორიულ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ემსახურება. დამატებით, იმის წარმოჩენით, რომ თითქოს პოლონეთს ისტორიულად თავისი ტერიტორიების დაბრუნება სურს, კრემლი ცდილობს, მის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების ანექსიას, რომლებსაც რუსეთი, თავის მხრივ, თავის ისტორიულ მიწებად მიიჩნევს, ლეგიტიმაცია მიანიჭოს.
აღსანიშნავია, რომ ამ შინაარსის დეზინფორმაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებადი მტკიცება, თითქოს პოლონეთს უკრაინის ტერიტორიების ნაწილად მიიჩნევს და მათი დაბრუნება სურს, პოლონეთის ტელეარხის TVP1-ის 2014 წლის ეთერში ნაჩვენებ რუკას ეფუძნება. მასზე უკრაინა დანაწევრებული ტერიტორიებით მართლაც იყო გამოსახული.
წყარო: VoxUkraine
თუმცა სიუჟეტი, სინამდვილეში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ოფიციალური ვარშავის, ბუდაპეშტის, და ბუქარესტისადმი მიმართვას მიეძღვნა. რუსი პოლიტიკოსი ხსენებულ ქვეყნებს უკრაინის ტერიტორიების გაყოფას სთავაზობდა და პოლონურ ტელეარხზე აღნიშნული რუკა სწორედ ჟირინოვსკის აბსურდული წინადადების საილუსტრაციოდ გავიდა.
„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ვარშავას ვოლინის, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლის, და რივნოს ოლქებში პოლონეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის გამართვა შესთავაზა. ანალოგიური „წინადადებით“ მან მიმართა ასევე უნგრეთს და რუმინეთს ზაკარპატიეს და ჩერნივცის ოლქებთან დაკავშირებით. უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩეს მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ნაწილი. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა ეს წინადადება როგორც უცნაური“, - ნათქვამია სიუჟეტში.
ამგვარად, პოლონურ ტელეეთერში წარდგენილი რუკა არა პოლონეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიტაცების გეგმა, არამედ ჟირინოვსკის აბსურდული წინადადების ილუსტრაცია იყო.
სინამდვილეში, ომის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პოლონეთი ოდესმე გეგმავდა, ან გეგმავს დასავლეთ უკრაინაში შეჭრას, არ არსებობს. მეტიც, რუსეთის წინააღმდეგ ომში პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, რომელიც კიევს მრავალი კუთხით სასიცოცხლო დახმარებას უწევს. კერძოდ, პოლონეთი მასპინძლობს მილიონობით უკრაინელ ლტოლვილს, კიევს კი სამხედრო, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ დახმარებას უწევს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მუდმივად აფიქსირებს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17 მარტს, პოლონეთის მთავრობამ უკრაინის მიმართ მტრული განზრახვების ქონისა და უკრაინის დასავლეთ რეგიონების ოკუპაციის სავარაუდო სურვილის შესახებ გაჟღერებულ მტკიცებებს რუსეთის აგრესიული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაწილი უწოდა.
ცნობისთვის, 2024 წლის 9 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკიმ პოზიტიურად შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონის განცხადება, რომლის მიხედვით მაკრონი დასავლური სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში განთავსების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. კერძოდ, სიკორსკიმ X ანგარიშზე (წარსულში Twitter) დაწერა, რომ „NATO-ს ძალების უკრაინაში ყოფნა არ არის წარმოუდგენელი“. თუმცა ეს განცხადება NATO-ს ჯარს მიემართებოდა და არა პოლონეთის ჯარს, ამასთანავე უკრაინაში ასეთი წარმომადგენლობის ყოფნის მიზანი, ლოგიკურია, რომ უკრაინის დახმარება იქნება და არა უკრაინის დასავლეთ ტერიტორიების ანექსირება.
ამდენად მტკიცებები, რომ პოლონეთს უკრაინის დასავლეთ ტერიტორიების შეერთება სურს და ამისთვის უკრაინაში ჯარების შეყვანას აპირებს, რუსული დეზინფორმაციის ნაწილია.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოსტი ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რომ აღნიშნული განცხადება ვლადიმირ პუტინმა გააკეთა. 2024 წლის 13 მარტს დიმიტრი კისელევსა და ვლადიმერ პუტინს შორის ინტერვიუ შედგა. ცნობისთვის, დიმიტრი კისელევი რუსი ტელეწამყვანი და პროპაგანდისტია, რომელიც უკრაინაში რუსული სამხედრო ძალის განთავსების სასარგებლო სამთავრობო პროპაგანდის ცენტრალურ ფიგურად ყოფნის გამო ევროკავშირმა დაასანქცირა. ის რუსეთის ფედერაციის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს „Rossiya Segodnya“-ს ხელმძღვანელია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2013 წელს თავად ვლადიმერ პუტინმა დანიშნა. ინტერვიუში პუტინი მართლაც შეეხო პოლონეთის საკითხს, თუმცა მან პოლონეთის მიერ უკრაინაში ჯარის შეყვანა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰიპოთეზურ მაგალითად მოიხმო. კერძოდ, ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა უკანასკნელ პერიოდში ემანუელ მაკრონის რუსეთისადმი მიდგომას და მის მიერ რუსეთ-უკრაინის ომში სამხედროების გაგზავნის არ გამორიცხვას მიემართებოდა. დიმიტრი კისელევმა იკითხა „რა დაემართა ემანუელ მაკრონს? გაგიჟდა? ის აპირებს ფრანგული ჯარების გაგზავნას ჩვენი არმიის წინააღმდეგ. ის მებრძოლ გალ მამალს ჰგავს და ყველა ევროპელი შეაშინა. როგორ უნდა აღიქვას ადამიანმა ეს?“
კითხვაზე, ვლადიმირ პუტინმა უპასუხა, რომ „ფაქტობრივად, დასავლეთის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები უკრაინაში დიდი ხანია იმყოფებიან. ისინი იქ იყვნენ სახელმწიფო გადატრიალებამდე, ხოლო გადატრიალების შემდეგ მათი რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. დღეს ისინი უშუალოდ არიან ჩართულნი როგორც სამხედრო მრჩევლები და როგორც უცხოელი დაქირავებულები და განიცდიან დანაკარგებს“.
სწორედ ამ კონტექსტში ვლადიმერ პუტინმა შესაძლო შემთხვევად ახსენა პოლონეთი და მის მიერ უკრაინაში ჯარების შეყვანა: „თუ, ვთქვათ, პოლონეთის ჯარები შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე, თითქოსდა, მაგალითად, ბელარუს-უკრაინის საზღვრის დასაცავად, ან სხვა ნაწილების დასაცავად, რათა გამოათავისუფლონ უკრაინული ჯარები და მათ საშუალება მისცენ იბრძოლონ საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, ვფიქრობ, პოლონეთის ჯარები დარჩებიან იქ. ეს არის ის, რისიც მჯერა. მათი გულის წადილია, დაიბრუნონ ის მიწები, რომლებსაც ისტორიულად თავისად თვლიან. მიწები, რომლებიც „ხალხთა მამამ“ იოსებ სტალინმა წაართვა მათ და უკრაინას გადასცა. მათ, რა თქმა უნდა, სურთ ამ მიწების დაბრუნება. ასე რომ, თუ პოლონეთის ჯარები შევიდნენ უკრაინაში, ისინი ძნელად დატოვებენ მას“.
შესაბამისად, როგორც მოყვანილი ციტატიდან ჩანს, მტკიცება, რომ პოლონელებს სურთ უკრაინისთვის საბჭოთა კავშირის დროს მიერთებული ტერიტორიების უკან დაბრუნება, მხოლოდ პუტინის პირად რწმენებსა და მოსაზრებებს ეფუძნება; ხოლო მტკიცება, რომ ისინი უკრაინაში ჯარის შეყვანას აპირებენ, ამ შემთხვევაში, პუტინის მიერ ჰიპოთეზურად მოყვანილი მაგალითია და რეალურად, პოლონეთში მიმდინარე პროცესს არ წარმოადგენს.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სახის მტკიცებები რუსული პროპაგანდის წყაროებით, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მიერაც, მართლაც ხშირად ვრცელდება, პოლონეთს უკრაინასთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს და უკრაინას მის საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებში უჭერს მხარს.
---------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.