ინტერნეტგამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“, 3 დეკემბერს სტატია გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით - „პოლონეთი დასავლეთ უკრაინის დასაპყრობად ემზადება“. სტატიაში რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ვარშავაში უკრაინის დასავლეთ ოლქების ანექსირების მექანიზმი შეიმუშავეს, რაც რუსული დაზვერვისთვის ცნობილი გახდა. ანექსირების მექანიზმად კი, ლვოვის ოლქში უკრაინის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა დასახელებული. მსგავსი სახის დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც პოლონეთი უკრაინის დასავლეთ ნაწილის მიერთებას აპირებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდანვე ვრცელდება.
უკანასკნელად, პოლონეთის ფარული ზრახვების შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა - სერგეი ნარიშკინმა, 30 ნოემბერს გააკეთა. ნარიშკინის თქმით, „ვარშავა აძლიერებს მზადებას უკრაინის მიწების: ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკისა და ტერნოპოლის ოლქის დიდი ნაწილის ანექსიისთვის“. სერგეი ნარიშკინის მტკიცებით, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ შესაბამის სამსახურებს ბრძანება უკვე მისცა, რომ უკრაინის მიმართ პრეტენზიების ოფიციალურად დასაბუთება დროულად მოამზადონ. მისივე თქმით, პრეტენზიის საწყისი წერტილს 1943 წლის ვოლინის ხოცვა-ჟლეტა წარმოადგენს. მანვე აღნიშნა, რომ ოფიციალური ვარშავა ამ ტერიტორიის პოლონეთთან შეერთების თაობაზე ლვოვში რეფერენდუმს ჩაატარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დროს რუსეთის სხვადასხვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააჟღერა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რამდენჯერმე განაცხადა, რომ პოლონეთში უკრაინის შთანთქმის იდეა ისევ ცოცხალია. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით კი, პოლონეთი უკვე დგამს ნაბიჯებს დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების დასაკავებლად.
მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ NATO-ს სამშვიდობო მისიას ან გაეროს შეეძლოთ საომარი მდგომარეობის შეჩერება. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლონეთი ამ იდეას დასავლეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარების საბაბად გამოიყენებდა. სწორედ ამის შემდგომ, უკვე 28 აპრილს, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ პოლონეთი დასავლეთ უკრაინაში შესვლისთვის ემზადებოდა და აშშ-თან ერთად პოლონეთის ისტორიულ ტერიტორიებზე სამხედრო პოლიტიკური კონტროლის დამყარებას აპირებდა. ნარიშნიკის ამ განცხადებას 29 აპრილს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გამოეხმაურო და უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს ვარშავა დასავლეთ უკრაინის ანექსიის გეგმას ამზადებს. ნარიშკინს პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინაციის მინისტრის პრესსპიკერმა (Spokesperson of the Minister-Special Services Coordinator), სტანისლავ ზარინმაც უპასუხა. მისი თქმით, ნარიშკინი პოლონეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციას განაგრძობს და მცდარ მტკიცებას ავრცელებს. მანვე აღნიშნა, რომ დასავლეთ უკრაინის პოლონეთის ანექსიის შესახებ ტყუილი უკვე წლებია ვრცელდება და კამპანია განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ გაძლიერდა.
ასევე, პოლონეთის მთავრობა მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ტყუილს უწოდებს მტკიცებას, თითქოს პოლონეთს უკრაინისადმი მტრული დამოკიდებულებები აქვს და მისი დასავლური ტერიტორიების ოკუპაცია სურს.
საყურადღებოა, რომ საჯარო მოწოდებები უკრაინის მეზობლების მიმართ, რომ მათ უკრაინის ტერიტორიები დაენაწილებინათ, წლების წინ დაიწყო. 2014 წელს, დუმის აწ უკვე გარდაცვლილმა წევრმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პოლონეთის, რუმინეთის, უნგრეთის საელჩოებს გაუგზავნა წერილები და შესთავაზა უკრაინის ტერიტორიებზე რეფერენდუმი ჩაეტარებინათ. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის წერილს „სიგიჟე“ უწოდა.
რეალურად, პოლონეთს სახელმწიფოებრივ დონეზე და არც რომელიმე სახელმწიფო მოხელის მეშვეობით არ განუცხადებია რაიმე სახის პრეტენზია უკრაინის დასავლური ტერიტორიების შესახებ. მიუხედავად ამისა, კრემლის დღის წესრიგში აღნიშნული თემა პროპაგანდისთვის აქტიურად გამოიყენება.
რაც შეეხება სტატიაში ნახსენებ ლვოვის ოლქში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს, აღნიშნული ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ ლვოვის ოლქში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ცრუ ინფორმაცია, მათ შორის, ყალბი ბიულეტენების ფოტოები სოციალურ ქსელებში სექტემბრის ბოლოსაც გავრცელდა, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ოთხ რეგიონში უკანონო რეფერენდუმები ჩაატარა და მათი შედეგების საფუძველზე ამ ტერიტორიებს დამოუკიდებლობა მიანიჭა და რუსეთის შემადგენლობაში გააერთიანა. ყალბი ბიულეტენების გავრცელების ფაქტს პოლონური ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა Demagog-ი გამოეხმაურა და ის პოლონეთის ეროვნულ საარჩევნო კომისიასთან გადაამოწმა, რომელმაც დაადასტურა, რომ გავრცელებული ბიულეტენები ყალბი იყო. პოლონეთის მხრიდან მსგავსი რეფერენდუმის ლვოვში ჩატარების შესახებ ცნობა მხოლოდ რუსული პროპაგანდის ნაწილია და მსგავსი ინიციატივა პოლონეთში არასდროს გაჟღერებულა.
---------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.