სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების თანახმად, პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის, TVP1-ს ეთერში წარდგენილ იქნა უკრაინის რუკა, რომელზეც ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთს, პოლონეთს, უნგრეთს და რუმინეთს შორის არის გაყოფილი, უკრაინის იურისდიქციაში კი ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მხოლოდ რამდენიმე რეგიონი, მათ შორის - კიევის ოლქია დარჩენილი. აღნიშნული Facebook-პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „პოლონეთის ტელეარხებზე უკრაინას იყოფენ...“, რომელსაც რუსულ ენაზე შემდეგი შინაარსის ტექსტი მოსდევს: „რუკის მიხედვით, უკრაინის მთელი სამხრეთ აღმოსავლეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა, დასავლეთი მიუერთდება პოლონეთს, მიწების მცირე ნაწილებს მიიღებენ რუმინეთი და უნგრეთი“.

მსგავსი სახის მანიპულაციური მტკიცება რუსულენოვან წყაროებშიც ვირუსულად გავრცელდა.

სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება მანიპულაციურია. გავრცელებული ვიდეო რეალურია - პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის, TVP1-ს ეთერში უკრაინის რუკა დანაწევრებული ტერიტორიებით მართლაც გამოჩნდა, თუმცა სიუჟეტს სოციალურ ქსელში გაჟღერებულ მტკიცებასთან, რომლის მიხედვითაც - „უკრაინას მეზობელი ქვეყნები იყოფენ“, საერთო არაფერი აქვს.

კერძოდ, განხილული სიუჟეტი ეთერში 2014 წლის მარტში გავიდა და ის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ოფიციალური ვარშავის, ბუდაპეშტის, და ბუქარესტისადმი მიმართვას მიეძღვნა. რუსი პოლიტიკოსი ხსენებულ ქვეყნებს უკრაინის ტერიტორიების გაყოფას სთავაზობდა და პოლონურ ტელეარხზე აღნიშნული რუკა სწორედ ჟირინოვსკის აბსურდული წინადადების საილუსტრაციოდ გავიდა.

„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ვარშავას ვოლინის, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლის, და რივნოს ოლქებში პოლონეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის გამართვა შესთავაზა. ანალოგიური „წინადადებით“ მან მიმართა ასევე უნგრეთს და რუმინეთს ზაკარპატიეს და ჩერნივცის ოლქებთან დაკავშირებით. უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩეს მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ნაწილი. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა ეს წინადადება როგორც უცნაური“, - ნათქვამია სიუჟეტში.

ამგვარად, ტელეეთერში წარდგენილი რუკა არა პოლონეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიტაცების გეგმებს, არამედ ჟირინოვსკის აბსურდულ წინადადებას ასახავს. შესაბამისად, მტკიცება, რომ „პოლონეთის ტელეარხებზე უკრაინას იყოფენ“, მანიპულაციაა.

ზოგადად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსული მას-მედია, პოლიტიკოსები და ინტერნეტ-მომხმარებლები პერიოდულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს პოლონეთი უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიას გეგმავს, თუმცა რუსული პროპაგანდა ამას ვერაფრით ამტკიცებს. მსგავსი განცხადებები ხშირად საკმაოდ მაღალ დონეზეც კეთდება - მაგალითად, რუსეთის დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ პოლონეთი დასავლეთ უკრაინის დასაპყრობად ემზადება.

ამ ტიპის განცხადებებს პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინაციის სამინისტროს პრეს-სპიკერი სტანისლავ ზარინი არაერთხელ გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, რუსეთი პოლონეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციას განაგრძობს და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს - თითქოს, პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ანექსირებას აპირებს.

ამ დროისთვის პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და უკომპრომისო მოკავშირეა. ომის დაწყებიდან დღემდე ვარშავამ კიევს 9 მლრდ. დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია, ხოლო პოლონეთში ამჟამად 1,3-1,4 მლნ. უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.

-----------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: