სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ბექა ვარდოსანიძე (1; 2) ფრანგული ჟურნალის L'Hemicycle-ის გარეკანის ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ემანუელ მაკრონის კარიკატურაა გამოსახული. ჟურნალის გარეკანის გარდა ფოტოზე საფრანგეთის ტელეკომპანია France 24-ის ლოგოც ჩანს, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ამ გარეკანის შესახებ ტელევიზიაშიც ისაუბრეს. ვარდოსანიძე პოსტში ასევე აქვეყნებს X-ის (ყოფილი Twitter) ბმულს, რომელზეც France 24-ზე გასული ამ სიუჟეტის ნაწყვეტია მოცემული.

საგულისხმოა, რომ ინფორმაციას რუსულენოვანი ანგარიშები იდენტური აღწერით ავრცელებდნენ (1, 2).

სინამდვილეში, ჟურნალის გარეკანი გაყალბებულია.

პირველ რიგში, გადავამოწმეთ ჟურნალის ვებგვერდიდა სოციალური ქსელები. (Facebook; X; Instagram) გაყალბებულ გარეკანზე, მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებულია, რომ ეს არის რიგით 514-ე ნომერი. ხოლო მარცხენა ზედა კუთხეში „ზამთარი 2023“ აწერია.

საგულისხმოა, რომ ჟურნალი L'Hemicycle 3 თვეში ერთხელ გამოდის და მასზე სეზონებია მითითებული და არა კონკრეტული თვე ან რიცხვი. ოფიციალურ ვებგვერდზე ბოლო, 514 ნომერი, რომელიც 2023 წლის ზამთრით თარიღდება, განსხვავებულად გამოიყურება.

გარდა ამისა, გაყალბებულ გარეკანზე ტექსტობრივი ნაწილი ორიგინალი გარეკანის იდენტურია.

როგორც აღვნიშნეთ, ბექა ვარდოსანიძე პოსტში X-ზე ვიდეოს ბმულსაც აზიარებს, სადაც, მისი მტკიცებით, France 24-ის ეთერში ამ გარეკანს განიხილავენ.

სინამდვილეში, France 24-ის ვიდეო რედაქტირებულია. ვიდეო ამოჭრილია გადაცემიდან Face à Face, რომელიც ეთერში კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს გადის. სწორედ ბოლო ვიდეო, რომელიც მათ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, იქნა გამოყენებული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

პირველ რიგში, ყალბია ვიდეოს წარწერა - „ისრაელ-ჰამასი“, ასევე გადაცემის ლოგო, რომელიც ნამდვილ ვიდეოში ასეთი სახით არ ჩანს.

გადაცემის სტუმარი ჟურნალ L'Hemicycle-ის რედაქტორი იყო, თუმცა ისინი ჟურნალის ნამდვილ ნომერს განიხილავდნენ და არა მაკრონის კარიკატურას. შესაბამისად, ვიდეოში ჩანს ნამდვილი 514-ე ნომერი.

ამგვარად, გავრცელებული გარეკანი ყალბია, ხოლო ნაწყვეტი France 24-ის გადაცემიდან - რედაქტირებული.

-------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.