სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება იმის შესახებ, რომ პლატფორმა X (წარსულში twitter), რომელიც ამჟამად ილონ მასკის საკუთრებაშია, ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც ტაკერ კარლსონის მიერ 2024 წლის თებერვალში პუტინთან ჩაწერილ ინტერვიუს არ ბლოკავს. (იხილეთ დაარქივებული პოსტი)

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, სინამდვილეში არის, თუ - არა X ერთადერთი პლატფორმა, რომელზეც დასახელებული ინტერვიუ არ იბლოკება.

მტკიცება, რომ ტაკერ კარლსონის ინტერვიუ პუტინთან ყველა სხვა პლატფორმაზე იბლოკება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დასავლურ სამყაროში ვლადიმერ პუტინის აზრი ცენზურის ქვეშაა და საზოგადოება მხოლოდ ერთ, დასავლეთისთვის სასურველ ნარატივს ისმენს. ამ მტკიცებას თავად ტაკერ კარლსონი აძლიერებს, რომელმაც საკუთარ X ანგარიშზე ვლადიმირ პუტინთან ჩაწერილ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე 4.5-წუთიანი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მან ინტერვიუს ჩატარების რამდენიმე მიზეზზე ისაუბრა. ამ მონაკვეთში ის საკუთარ მოვალეობად ადამიანების ინფორმირებას ასახელებს. „ომიდან, რომელიც მთელ მსოფლიოს ცვლის, ორ წელში ამერიკელების უმეტესობა არ არის ინფორმირებული. მათ არ აქვთ რეალური წარმოდგენა, რა ხდება აქ, რუსეთში, ან 600 მილის მოშორებით უკრაინაში. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი ამის დიდ ნაწილს იხდიან ისე, რომ შესაძლოა, ჯერ ბოლომდე ვერ აღიქვან. და მაინც ინგლისურენოვანი ქვეყნების მოსახლეობამ, როგორც ჩანს, ძირითადად არ იცის. ფიქრობენ, რომ არაფერი შეცვლილა და ასე ფიქრობენ, რადგან სიმართლე არავის უთქვამს. მათი მედიასაშუალებები კორუმპირებულია, ისინი ატყუებენ მკითხველს და მაყურებელს და ამას ძირითადად დუმილით აკეთებენ“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

ამავე ვიდეოში ტაკერ კარლსონმა თქვა, რომ ზელენსკისთან ინტერვიუ ბევრმა ჟურნალისტმა ჩაწერა, თუმცა „არცერთ დასავლელ ჟურნალისტს თავი არ შეუწუხებია ამ კონფლიქტში მონაწილე სხვა ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, ინტერვიუს აღებით. ამერიკელთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში და რა მიზნები აქვს ახლა. მათ არასოდეს გაუგიათ მისი ხმა“.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ტაკერ კარლსონის მტკიცების საპირისპიროდ, პუტინის ჩაწერის სურვილი ბევრ სხვა ჟურნალისტს ჰქონია, თუმცა თანხმობა მსგავს შემოთავაზებებზე თავად პუტინმა არ განაცხადა. BBC News-ის რუსულენოვანი გამოცემის რედაქტორის, სტივ როზენბერგის განცხადებით, მათ ბოლო 18 თვის განმავლობაში კრემლში ინტერვიუს ჩაწერის თაობაზე რამდენიმე მოთხოვნა გააგზავნეს, თუმცა მათთვის პასუხი ყოველთვის უარყოფითი იყო. CNN-ის მთავარმა საერთაშორისო წამყვანმა, ქრისტიან ამანპურმა კი ტაკერ კარლსონის მიერ გავრცელებულ მტკიცებას, რომ თითქოს დასავლელ ჟურნალისტებს პუტინის ჩაწერისთვის თავი არ შეუწუხებიათ, აბსურდი უწოდა და განაცხადა, რომ გასული წლების მსგავსად, ინტერვიუს მოთხოვნას გააგრძელებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ტაკერ კარლსონის მიერ ინტერვიუს შეთავაზებაზე თანხმობა იმიტომ განაცხადეს, რომ კარლსონის მიდგომა ტრადიციული დასავლური საინფორმაციო მედიის „ცალმხრივი“ გაშუქებისგან განსხვავდება. პესკოვმა „კოლექტიური დასავლეთის“ მედიაზე, ტელეარხებსა და დიდ გაზეთებზე საუბრისას აღნიშნა, ისინი განსაკუთრებულად ცალმხრივ პოზიციას იკავებენ.

ვიდეოში კარლსონი ასევე შეეხო X პლატფორმაზე (წარსულში Twitter) ინტერვიუს გამოქვეყნებას, სადაც მისი განცხადებით, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ მის პლატფორმაზე ინტერვიუს არ აკრძალავდა და არც დაბლოკავდა და ამის საპირისპირო კონტექსტში ახსენა დასავლური მთავრობები, რომელიც ჟურნალისტის მიხედვით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვიდეო „ნაკლებად პრინციპულ პლატფორმებზე“ ცენზურის ქვეშ მოექცეს, რადგან მათ „ეშინიათ ინფორმაციის, რომელსაც ვერ აკონტროლებენ“.

ამდენად, ცხადია, რომ ტაკერ კარლსონი პუტინთან ჩაწერილ ინტერვიუს ცენზურის საფრთხის ქვეშ მყოფად წარმოაჩენს, რითაც სურს, ხაზი გაუსვას იმას, რომ დასავლურ ქვეყნებში მედია დომინანტურ გზავნილს ავრცელებს და ინფორმაციას აკონტროლებს. მტკიცებაც, რომ ინტერვიუ X პლატფორმის გარდა ყველგან იბლოკება, ამავე მიზანს ემსახურება.

სინამდვილეში, X-ის გარდა, ინტერვიუ ისეთ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი, როგორიცაა YouTube, სადაც ტაკერ კარლსონის მიერ ოფიციალურ ანგარიშზე განთავსებულმა ვიდეომ რამდენიმე მილიონი ნახვა უკვე დააგროვა.

რაც შეეხება სხვა სოციალურ ქსელებს, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ტაკერ კარლსონი Fox News-დან გაათავისუფლეს, მან თავისი შოუ Twitter-ზე გადაიტანა, რადგან მისი განცხადებით, ეს პლატფორმა მიუკერძოებელია. მის მიერ შექმნილი მასალა მისივე სახელობის პირადი ვებგვერდიდან ვრცელდება. აღნიშნულ ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა ჟურნალისტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის ჩაწერილი ინტერვიუც. რაც შეეხება მაგალითად, Facebook-ს, ამ სოციალურ ქსელში არსებული ანგარიში Fox News-ის არხზე ტაკერ კარლსონის გადაცემის ფარგლებში იყო შექმნილი, რაზეც გვერდის აღწერაში მითითებული ინფორმაცია მეტყველებს, სადაც გვერდზე პასუხისმგებლად Fox News Channel არის მითითებული. Fox News-მა ტაკერ კარლსონი 2023 წლის აპრილში გაათავისუფლა. კარლსონის მტკიცებით, მისი გათავისუფლება ამერიკულ კომპანია „დომინიონთან“ სასამართლო დავას უკავშირდება, რაც Fox News-ს 787.5 მილიონი დოლარი დაუჯდა. 2020 წლის ამერიკის არჩევნებში „დომინიონის“ ხმის დამთვლელ მანქანებს იყენებდნენ, ჟურნალისტი და მისი გადაცემის სტუმრები ამტკიცებდნენ, რომ მანქანა ხმების გაყალბებისთვის გამოიყენეს. ამდენად, ტაკერ კარლსონი საკუთარ ძირითად პლატფორმად Facebook-ს თავად აღარ იყენებს და პუტინთან ინტერვიუს ვიდეო Facebook-ზე მას თავად არ გამოუქვეყნებია.

თუმცა ტაკერ კარლსონს Facebook-თან უთანხმოება ნამდვილად ჰქონდა და ის Meta-ს ცენზურაში ბრალს წარსულშიც სდებდა. მაგალითად, 2020 წლის 16 სექტემბერს კარლსონმა Facebook-პოსტის საშუალებით პლატფორმა ცენზურაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის კორონავირუსის მამხილებლის შესახებ ვიდეოს ბლოკავდა და იმ ადამიანთა რაოდენობას ზღუდავდა, ვისაც ვიდეოს ნახვა შეეძლო. „ფეისბუქი ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ თქვენ ვერ იხილავთ ჩვენს უახლეს პოსტს კორონავირუსის მამხილებელთან დაკავშირებით. მათ არ სურთ, რომ ვიდეო გააზიაროთ და ზღუდავენ იმ ადამიანების რაოდენობას, ვისაც შეუძლია მისი ნახვა. ეს არის ცენზურა..“, - ვკითხულობთ პოსტში. ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც Facebook-სა და Instagram-ზე Fox News-ის გადაცემის „Tucker Carlson Tonight“-ის პოსტი, როგორც ყალბი ამბების შემცველი მოინიშნა. პოსტი შეიცავდა მონაკვეთებს ინტერვიუდან, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ Covid-19-ის ვირუსი ბუნებრივი წარმოშობის არ იყო. მონიშვნის შემდეგ პოსტს მიეთითა, რომ ის შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ ყალბად იყო შეფასებული.

ცნობისთვის, Facebook-სა და Instagram-ზე პოსტის მონიშვნა, არა პოსტის წაშლას, არამედ მასზე გამაფრთხილებელი ინფორმაციის დატანას გულისხმობს. მომხმარებლებს კი პოსტის ნახვის შესაძლებლობა კვლავ უნარჩუნდებათ.

ფაქტების გადამმოწმებელი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის Politifact-ის მიერ კარლსონის 30 სხვადასხვა განცხადება გადამოწმდა, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა (28) შეფასებულია, როგორც ნაწილობრივ მცდარი ან ყალბი ამბავი. კარლსონი 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმას ამართლებდა და აცხადებდა, რომ ეს იყო კანონმორჩილი პატრიოტების „უმეტესად მშვიდობიანი“ შეკრება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, ტაკერ კარლსონი დონალდ ტრამპს მხარს უჭერს, თუმცა შარშან გაჟონილი მიმოწერების თანახმად, მას ტრამპის მიმართ უარყოფითი განწყობა არაერთხელ დაუდასტურებია. ასევე, 2020 წლის არჩევნების გაყალბების საკითხს ის პირად საუბრებში აბსურდს უწოდებდა, ხოლო საჯაროდ, აღნიშნულ დეზინფორმაციას მხარს უჭერდა.

ამდენად მტკიცება, რომ X პლატფორმის გარდა, ტაკერის მიერ პუტინთან ჩაწერილი ინტერვიუ ყველა სხვა პლატფორმაზე იბლოკება, მცდარია. ინტერვიუ მაგალითად გვხვდება YouTube პლატფორმაზეც, ხოლო Facebook-ზე ტაკერ კარსლონს ოფიციალურად ინტერვიუს ჩანაწერი თავად არ გაუვრცელებია.

სოციალურ ქსელში ტაკერის მიერ პუტინთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ ასევე გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ტაკერ კარლსონს სანქციებით ემუქრებოდნენ, რაც ასევე ქმნიდა განწყობას, თითქოს დასავლეთი ჟურნალისტს მხოლოდ და მხოლოდ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერის გამო სჯიდა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი