სოციალურ ქსელში ანგარიში Gvan Ca, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) კლიმატის ცვლილებიასთან დაკავშირებით მორიგ კონსპირაციას ავრცელებს. ანგარიში სტიქიურ მოვლენებს კლიმატის გეოინჟინერიას უკავშირებს და წერს: „ბოლოდროინდელ დამანგრეველ სტიქიურ მოვლენებს კლიმატის ცვლილებას აბრალებენ კლიმატ მეზღაპრენი და ბევრს სჯერა, რომ მართლაც კლიმატის ცვლილება იწვევს დამანგრეველ ქარიშხლებს, წყალდიდობებს და სხვა სტიქიურ კატასტროფებს. რეალურად ბოლოდროინდელი დამანგრეველი სტიქიური მოვლენები გამოწვეულია ხელოვნურად კლიმატის გეოინჟინერიის მეშვეობით”.

პოსტის ავტორი წყაროდ X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ვიდეოს უთითითებს, რომელიც ანგარიშის Real Fishing Life მიერ 2 მარტს გავრცელდა. ანგარიში მექსიკის ყურეში წარმოქმნილ ქარიშხალს „ქიმიური ბილიკს“ (Chemtrail)-სა და ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამას (HAARPS)-ს უკავშირებს. ანგარიში ვიდეოში იყენებს ვებსაიტს Windy.com, რომლის საშუალებითაც ამინდზე და ჰაერის მასების გადაადგილებაზე დაკვირვებაა შესაძლებელი.

პირველ რიგში, „ქიმიური ბილიკის“ (Chemtrail) შესახებ შეთქმულების თეორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი თეორიაა. ის სათავეს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნიდან იღებს. შეთქმულების თეორიის მიხედვით, ცაში ხშირად მთავრობების (ან სხვა აქტორების) მიერ თვითმფრინავებიდან განზრახ გამოფრქვეული დამაზიანებელი ნივთიერებების მიერ დატოვებული კვალი შეინიშნება. რეალურად, რასაც შეთქმულების თეორიის მიმდევრები მომწამვლელ ნივთიერებებად აღიქვამენ, თვითმფრინავის მიერ დატოვებული ინვერსიული კვალია - ე.წ. „კონტრეილი“ (contrail). მისი წარმოქმნისთვის შესაბამისი პირობებია საჭირო, რაც ძირითადად თვითმფრინავის გაფრენის ადგილას ტენიანობასა და ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. თვითმფრინავის საწვავის ნახშირწყალბადის წვისას გვერდითი პროდუქტის სახით აორთქლებული წყალი წარმოიქმნება. „კონტრეილი“ ყინულის მცირე ნაწილაკებისგან შედგება. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში - ის ხილულია, თუმცა მასშიც თვითმფრინავისგან გამოყოფილი წყალი მცირეა, ხოლო წყლის უმეტესი ნაწილი თავად თვითმფრინავის გზაზე - ტენიანობიდან გამომდინარე ჰაერშივე, არსებობს. „კონტრეილები“ ავიაციის ნორმალური ეფექტია, რომელიც ავიაციის განვითარების საწყისებიდანვეა ცნობილი. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, „კონტრეილებს“ შესაძლოა, კლიმატის ცვლილებაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ის მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს ან/და ვირუსებს არ შეიცავს. ე.წ. „ქიმიური ბილიკის“ შეთქმულების თეორიის შესახებ „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც დაუწერია (1, 2, 3 ).

რაც შეეხება HAARP-ს (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამას). HAARP (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა) არა იარაღი, არამედ ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი პროგრამაა, რომელიც იონოსფეროსთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად შეიქმნა. ვინაიდან HAARP ზემოქმედებს იონოსფეროზე, ეს ავტომატურად გამორიცხავს HAARP-ის ამინდზე ზემოქმედებას, რადგან ამინდი არა იონოსფეროში, არამედ ატმოსფეროს შედარებით ქვედა შრეებში - ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში წარმოიქმნება. HAARP-ის მკვლევრების მიხედვით, ტექნოლოგიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე სახით ამინდზე მოახდინოს გავლენა, რადგან დიდი მასშტაბით ამინდის ცვლილება ხელოვნური ჩარევით შეუძლებელია. ამდენად, HAARP-ს ამინდზე გავლენის მოხდენა - ღრუბლების ჩამოყალიბება, სეტყვა, ქარიშხლის, შტორმის გამოწვევა და ა.შ., არ შეუძლია.

Facebook-ანგარიში ასევე წერს, რომ „დამანგრეველ სტიქიურ მოვლენებს კლიმატის ცვლილებას აბრალებენ კლიმატ მეზღაპრენი და ბევრს სჯერა, რომ მართლაც კლიმატის ცვლილება იწვევს დამანგრეველ ქარიშხლებს, წყალდიდობებს და სხვა სტიქიურ კატასტროფებს“.

რეალურად, მეცნიერები თანხმდებიან, რომ წიაღისეული საწვავის დაწვა ქმნის საფარს, რომელიც დედამიწაზე მზის სითბოს იკავებს და ამგვარად, გლობალურ ტემპერატურას ზრდის. გლობალური დათბობა კი, თავის მხრივ, ისეთ მოვლენებს იწვევს, როგორებიცაა: გვალვები, წყლის დეფიციტი, ძლიერი ხანძარი, ზღვის დონის აწევა, წყალდიდობა, პოლარული ყინულის დნობა, ძლიერი ქარიშხალი და ბიომრავალფეროვნების შემცირება.

ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, როდესაც ნახშირით, ნავთობით და გაზით მომუშავე მანქანები გაჩნდა, ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობა უპრეცედენტო ტემპით იზრდება. ნახშირორჟანგი CO2, ისევე როგორც, მეთანი (CH4) და აზოტის ოქსიდი (N2O), სათბური აირებია და ისინი დედამიწაზე სათბურის ეფექტის შექმნაში მონაწილეობს. იმის გამო, რომ დღეისათვის ადამიანები ნავთობსა და ქვანახშირს წვავენ, ატმოსფეროში მეტი სათბური აირი გამოიყოფა, სქელდება ე.წ. სათბური “საბანი”, დედამიწა კი კიდევ უფრო ცხელდება, რაც ყინულის დნობასა და უჩვეულო ამინდს იწვევს. ზოგადად, სათბური ეფექტი აუცილებელია დედამიწაზე სიცოცხლისთვის, მაგრამ სათბური აირების შრის ზედმეტი სისქე კლიმატის ცვლილებას იწვევს. აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5573 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია