სოციალურ ქსელის მომხმარებლების (1,2,3) მიერ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტიდან ვიდეოკადრები ვრცელდება. ანგარიშების მტკიცებით, ვიდეოში პირი კლაუს შვაბს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. „ამჟამად დავოსში მიმდინარე 2024-ის ფაშისტურ- გლობალისტურ ფორუმზე, სადაც ქართული დელეგაციაც „ბრძანდება“ ღარიბაანთ ბიჭის თამადობით, ახალგაზრდა ძალიან მაგარმა კაცმა კლაუს შვაბს თავზე დაახურა დედის ნათესაობა დიდი დოზით! ეს მოხდა დავოსში WEF2024-ზე, ფაშისტური გლობალისტების, ნაცისტური ტირანების, DeepState-ის ამ დასაყრდენში ჩრდილოვანი მთავრობის, რომელმაც შექმნა ყალბი ეპიდემიები, ყალბი ომები და კაცობრიობის წინააღმდეგ სხვა დანაშაულები“. რეალურად, ვიდეო სატირული ჟანრისაა და ასევე, პროგრამულად დამუშავებული. ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცი დავოსში არ გამოსულა.

ვიდეო თავდაპირველად 17 იანვარს ირანელი პროდიუსერის დემონ იმანის პირად ანგარიშზე გავრცელდა (ვიდეოში სწორედ მისი სახეა პროგრამულად ჩასმული). აღნიშნული პირი ანგარიშზე სატირულ ვიდეოებს და ფოტოებს ხშირად ავრცელებს. აღწერაში მან პოსტს შემდეგი აღწერა დაურთო: „BREAKING: WEF-ის ახალი მონაწილე 2024 წლის დავოსის შეხვედრაზე წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს“. თავის მხრივ, X პლატფორმაზე ვიდეოს მკითხველებისთვის ინფორმაციაა დამატებული: „ეს სატირაა (როგორც შემქმნელმა თქვა), მაგრამ თავდაპირველი პოსტში წარმოდგენილი სიტყვა "BREAKING ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სიმართლე იყო“.

როგორც X პლატფორმის შენიშვნაში წერია, პროდიუსერმა თავად განაცხადა, რომ პოსტი სატირაა (იხილეთ პოსტის ფოტო-ანაბეჭდი).

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური სამიტი ამჟამად (15-19 იანვარს) დავოსში, შვეიცარიაში იმართება. WEF სამიტზე 125-ზე მეტი ქვეყნიდან 3000 ლიდერს აერთიანებს. შეხვედრების მთავარი მიზანი მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების და პრობლემების განხილვა და გადასაჭრელ გზებზე მუშაობაა.

ცნობისთვის, აღნიშნულ სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ესწრება. სამიტის ფარგლებში, 17 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“, მიიღო მონაწილეობა

გავრცელებული კადრები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 16 იანვრის შეხვედრის მონაკვეთიდან არის ამოჭრილი. პირი, რომელმაც გახსნა ფორუმი WEF-ის პრეზიდენტი, ნორვეგიელი პოლიტიკოსი ბორგე ბრენდეა. ის გამოსვლისას მიესალმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელ კლაუს შვაბსა და შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამერდს.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო სატირაა და დამონტაჟებულია, მსგავსი შემთხვევა WEF-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე არ მომხდარა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.