სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ფოტოს ავრცელებს, რომელიც, მისი მტკიცებით, ებრაულ-თალმუდისტურ კერძს, „ემბრიონის სუპს“ ასახავს. რეალურად, ფოტო 2000 წელს არის გადაღებული და ის ჩინელი არტისტის წარმოდგენის ნაწილი იყო. კერძი „ემბრიონის სუპი“ არ არსებობს და შესაბამისად, მას ებრაულ-თალმუდისტურ კულტურასთან საერთო არაფერი აქვს.
პოსტში გავრცელებული ფოტოების TinEye.com-ის მეშვეობით მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ინტერნეტსივრცეში 2008 წლიდან განსხვავებული აღწერილობით ყოველწლიურად ვრცელდება. აღნიშნულ ფოტოებს სხვადასხვა დროს მსოფლიოში მიმდინარე ამა თუ იმ მოვლენას მცდარად უკავშირებდნენ.
ყველაზე ხშირად ფოტოები ვრცელდება მტკიცებასთან ერთად, რომ ჩინელები კანიბალიზმის მიმდევრები არიან და „ბავშვის სუპი“ ჩინური კერძია. 2019-2020 წლებში აღნიშნული ფოტოები კორონავირუსის კონტექსტშიც გავრცელდა. ქვეყნდებოდა Facebook-პოსტები მტკიცებით, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინელი ხალხის მიერ ბავშვების ჭამამ გამოიწვია. აღნიშნული დეზინფორმაციის ვირუსულ გავრცელებას ჯერ კიდევ 2020 წელს გამოეხმაურნენ ისეთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები, როგორებიცაა PolitiFact, Rappler, Verafiles.
რეალურად, ფოტოები 2000 წელს არის გადაღებული და ჩინელი ხელოვანის ჟუ იუს წარმოდგენას, ე.წ. „პერფორმანსს“ ასახავს. აღნიშნული ფოტოები ხშირად ვრცელდებოდა სურათებთან ერთად, რომლებზეც თავად ჟუ იუ არის ასახული და თითქოს ბავშვის ხორცს ჭამს. კადრები მტკიცებასთან ერთად ვრცელდებოდა, რომ მასზე „ყველაზე ცხელი ტაივანური კერძი“ იყო ნაჩვენები. ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის Snopes-ის თანახმად, საკითხით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ, FBI და Scotland Yard. მათი მიზანი იყო, განესაზღვრათ ფოტოების გადაღების დრო და ადგილი და მასზე ასახული ადამიანის იდენტიფიცირება მოეხდინათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ფოტოებზე გამოსახული მამაკაცი ჩინელი პერფორმანს-არტისტი ჟუ იუა, რომელმაც შანხაის ხელოვნების ფესტივალზე 2000 წელს დადგა პერფორმანსი სახელწოდებით „ადამიანების ჭამა“. ფოტოებმა აჟიოტაჟის ტალღა 2003 წელს კიდევ ერთხელ გამოიწვია, როცა ერთ-ერთმა ბრიტანულმა ტელევიზიამ კადრები ტელევიზიით აჩვენა. პერფორმანსის ავტორის კომენტარის მიხედვით, იგი საყვედურებს მართლაც იმსახურებდა, თუმცა მისი, როგორც ხელოვანის „პასუხისმგებლობა“ იყო, ხელოვნებისა და მორალის შესახებ გაეჩაღებინა დებატები.
რაც არ უნდა ყოფილიყო ჟუ იუს მიზანი, ცხადია, რომ არ არსებობს ებრაული, ჩინური თუ ტაივანური კერძი, რომელსაც ემბრიონისგან ან ჩვილებისგან ამზადებენ.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.