2012 წლის შემდეგ აეროპორტებში მგზავრთნაკადი 430%-ით გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტრო: 2012 წლის შემდეგ აეროპორტებში მგზავრთნაკადი 430%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2012 წელს საქართველოში მოქმედ სამივე საერთაშორისო აეროპორტში ჯამურმა მგზავრთნაკადმა 1.4 მლნ შეადგინა, 2024 წელს 430%-ით მეტი - 7.4 მლნ. თბილისის აეროპორტში ზრდის ტემპმა 290% შეადგინა, ბათუმის აეროპორტში - 463% და ქუთაისის აეროპორტში - 13 000%-ზე მეტი.
2012 წლის სექტემბერში რეკონსტრუქციის შემდეგ ქუთაისის აეროპორტი თავიდან გაიხსნა და მასში ოპერირება ბიუჯეტურმა Wizz Air-მა დაიწყო. საბაზო პერიოდი და ბიუჯეტური ფასები სწრაფი ზრდის წინაპირობა გახდა. 2013 წლის მაისში მთავრობამ ქუთაისის აეროპორტი არამიზნობრივი ხარჯების ჩამონათვალში შეიყვანა.
განცხადებაში შედარება 2012 წელთან გაკეთდა, მაგრამ ზრდა 2013 წლიდან არ დაწყებულა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდებოდა.
რიცხობრივად სწორი მონაცემის, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ეკონომიკის სამინისტროს განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა აღწერით: „2024 წელი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო ზრდის და განვითარების წელი იყო. ქვეყნის აეროპორტები ისტორიულ მაქსიმუმს, 7.4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. სექტორის მართვის ეფექტიანი პოლიტიკის, მთავრობის სწორი სტრატეგიისა და თანმიმდევრული განვითარების შედეგად, 2012 წლიდან დღემდე მგზავრთნაკადი გაიზარდა 430%-ით“.

საქართველოში სულ სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს თბილისის აეროპორტი 4.8 მლნ-ს, ქუთაისის აეროპორტი 1.7 მლნ-ს, ხოლო ბათუმის აეროპორტი 952 ათას მგზავრს მოემსახურა.

გრაფიკი 1: მგზავრთნაკადი აეროპორტებში (ათასი მგზავრი)


წყარო: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

2012 წელთან შედარებით, სამივე აეროპორტში ჯამური ზრდა 430%-ს შეადგენს, მათ შორის თბილისის აეროპორტში - 290%-ს, ბათუმის აეროპორტში - 463%-სა და ქუთაისის აეროპორტში - 13 000%-ზე მეტს. 2012 წელს ქუთაისის აეროპორტის წილი 0.9%-ს შეადგენდა, რომელიც 2024 წელს 23%-მდე გაიზარდა. რეკონსტრუქციის შემდეგ ქუთაისის აეროპორტი 2012 წლის სექტემბერში თავიდან გაიხსნა, რომლის პოპულარობა იაფმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა გაზარდა. ქუთაისიდან რამდენიმე ათეული ევროს საფასურად ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში ჩასვლა გახდა შესაძლებელი. საბაზო პერიოდი და ხელსაყრელი საფასო პოლიტიკა ზრდის ორი მთავარი წინაპირობა გახდა. 2018 წელს ქუთაისის აეროპორტი ბათუმის აეროპორტზე მეტ მგზავრს მოემსახურა და მეორე ადგილი დაიკავა. ის დღემდე მეორე ადგილს ინარჩუნებს, გამონაკლისს მხოლოდ 2021 წელი წარმოადგენდა.

2024 წლის მდგომარეობით, 17%-იანი წილით, ავიაკომპანიებს შორის Wizz Air პირველ ადგილზეა. Wizz Air უფრო მეტ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე მეორე და მესამე ადგილზე გასული თურქეთის ავიახაზები და პეგასუსი ერთად.

აეროპორტებში მგზავრთნაკადი ზრდა 2013 წლიდან არ დაწყებულა. თბილისში TAV 2005 წლის ოქტომბრიდან, ხოლო ბათუმში 2007 წლის მაისიდან ოპერირებს. 2006-2012 წლებში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 115%-ით - 567 ათასიდან 1.2 მლნ-მდე გაიზარდა. ხოლო ბათუმის აეროპორტში 2008-2012 წლებში 109%-ით 81-დან 169 ათასამდე.

უწყების მიერ პოსტში მოყვანილი ინფორმაცია რიცხობრივად სიმართლეს შეესაბამება, თუმცა თუ შედარება წინა ხელისუფლების პერიოდთან კეთდება, უნდა აღინიშნოს, რომ მგზავრთნაკადი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც იზრდებოდა. გარდა ამისა, ჯამურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ქუთაისის აეროპორტმა შეასრულა, რომელიც 2013 წლის მაისში არამიზნობრივ ხარჯად შეფასდა. რიცხობრივად სწორი მონაცემის, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ეკონომიკის სამინისტროს განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.