სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამტკიცებს, რომ „ებრაელმა ჯარისკაცმა 6 წლის პალესტინელი გოგონა წააქცია და ბავშვს გულზე ფეხით შედგა“. პოსტს თან ახლავს ფოტო. რეალურად, ფოტო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად 2011 წლიდან ვრცელდება და ქუჩის წარმოდგენის მიმდინარეობისას არის გადაღებული. გავრცელებული ფოტო ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომთან არანაირ კავშირში არ არის.
პოსტში გავრცელებული ფოტოს TinEye.com-ის მეშვეობით მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ის პირველად ინტერნეტსივრცეში 2011 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ სხვადასხვა აღწერილობით ყოველწლიურად ვრცელდება.
აღნიშნული ფოტოს ვირუსულ გავრცელებას X პლატფორმაზე (ყოფილი Twitter) BBC Verify-ის ჟურნალისტი შაიან სარდარიზადეც გამოეხმაურა. ჟურნალისტი ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, თემის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ პოსტებს ამოწმებს. მან გამოქვეყნებულ ინფორმაციას ფოტოს სრული ვერსიაც დაურთო და აღნიშნა, რომ კადრი ძველია და სავარაუდოდ, ბაჰრეინში გამართულ ქუჩის „პერფორმანსს“ ასახავს.
როგორც ჩანს, 2021 წელს სოციალურ ქსელებში ფოტო, მათ შორის, იტალიურ ენაზეც გავრცელდა. აღნიშნულ ფოტოს თან ახლდა მტკიცება, რომ ისრაელელი ჯარისკაცი ბავშვს თავს დაესხა. ფოტოს იტალიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Open.online-ც გამოეხმაურა. მათ სტატიაში ვკითხულობთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო მოჭრილია და მასზე გამოსახულია მამაკაცი, სამხედრო ფორმით, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) არ წარმოადგენს. ამასთან, გამოცემის თანახმად, რომელიც, თავის მხრივ, Twitter-მომხმარებლების განცხადებებს (1, 2) ეყრდნობა, ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმულ პირს, სავარაუდოდ, რუსული იარაღი (AK47) უჭირავს, რასაც ისრაელის არმია არ იყენებს.
სრულ ფოტოზე დაკვირვების შემდეგ კი ნათელი ხდება, რომ „ებრაელ ჯარისკაცს“ მკერდზე დიდი ზომის ისრაელის დროშა უცნაურად აქვს მიმაგრებული. რეალურად, ისრაელის თავდაცვის ძალების უნიფორმა უდაბნოსფერი კამუფლაჟისა და ბერეტისგან შედგება, რომელთა ფერებიც წოდებების შესაბამისად განსხვავდება, ხოლო მათი ინსიგნია შემდეგნაირად გამოიყურება:
ფოტოს წყარო: https://draftidf.co.il/units/uniforms/
გარდა ამისა, ფოტოზე ჩანს, რომ აღნიშნულ სცენას ესწრებიან ადამიანები, რომლებიც მშვიდად დგანან და მომხდარზე არ რეაგირებენ. აღნიშნული კი, ალჟირელი Omar Dakhane-ის მიერ საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ადასტურებს, რომ ფოტოზე ქუჩის წარმოდგენა, ე.წ. პერფორმანსია ნაჩვენები და ის, სავარაუდოდ, ბაჰრეინშია გადაღებული. ავტორის ვარაუდი მოგვიანებით თვითმხილველმაც დაადასტურა, რომელმაც წარმოდგენის ბაჰრეინში მიმდინარეობის ფოტომტკიცებულება წარადგინა.
ამგვარად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახული ექვსი წლის პალესტინელი გოგონა ებრაელმა ჯარისკაცმა წააქცია და გულზე ფეხით შედგა, ყალბია. გავრცელებული ფოტო ძველია და ისრაელ-ჰამასის 7 ოქტომბერს დაწყებულ ომს არ უკავშირდება.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.