სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ნიუ-იორკში აღმოჩენილ საიდუმლო გვირაბთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ (1,2,3). პოსტების ავტორების მტკიცებით, გვირაბს ბავშვების ტრეფიკინგისთვის იყენებდნენ: „საიდუმლო გვირაბში აღმოაჩინეს ბინძური სისხლიანი მატრასები და ბავშვის ჭოჭინები!.. სავარაუდოდ, მათი დანიშულება იყო მცირეწლოვანი ბავშვებით ვაჭრობა, მათზე ზალადობა, თალმუდისტურ-სატანისტური მსხვერპლშეწირვები და რიტუალები!“. ასევე, ვრცელდება მტკიცება, რომ აღნიშნული გვირაბი მახლობლად მდებარე საბავშვო მუზეუმს უკავშირდება. რეალურად, გვირაბთან დაკავშირებით ინფორმაცია მტკიცებულების გარეშე ვრცელდება. ამავდროულად, მტკიცება, რომ გვირაბი საბავშვო მუზეუმს უკავშირდება, ყალბია.

2024 წლის 8 იანვარს ბრუკლინში პოლიციამ სინაგოგასთან დაკავშირებული გვირაბი აღმოაჩინა. პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც თავად ებრაული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აცნობეს. მათი აზრით, გვირაბების გამო შენობას საფრთხე ემუქრებოდა. სამართალდამცავებს ებრაული ჯგუფის ნაწილი დაუპირისპირდა. შედეგად, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

770 Eastern Parkway-ზე მდებარე შენობა „ხაბად ლუბავიჩის“ მოძრაობის ლიდერის, რაბი მენაჰემ მენდელ შნეერსონის სახლი იყო, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს იზიდავს. რაბინ მენახემ მენდელ შნეერსონი "ხაბად-ლუბავიჩის" მოძრაობას 1994 წლამდე, 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. გვირაბის მშენებლობის ბევრი მხარდამჭერის მესიანური რწმენით შნეერსონი ჯერ კიდევ ცოცხალია.

მოტი სელიგსონმა, ხაბადის სპიკერმა, განაცხადა, რომ „ექსტრემისტ სტუდენტთა ჯგუფმა“ ფარულად გაარღვია შტაბის უკან არსებული ცარიელი შენობის კედლები, შექმნა მიწისქვეშა გადასასვლელი საოფისე შენობების და სალექციო დარბაზების ქვეშ, რომელიც საბოლოოდ სინაგოგას დაუკავშირდა. მათ, ვინც გვირაბის არსებობას უჭერს მხარს, განაცხადეს, რომ ახორციელებენ „გაფართოების“ გეგმას, რომელსაც შნეერსონი დიდი ხნის განმავლობაში ითვალისწინებდა.

რაც შეეხება უშუალოდ ტრეფიკინგის თემას, აღნიშნულ თემაზე, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა AP News-ს 9 დაკავებული პირის ბრალდებების სია გაუგზავნა. გამოცემის ცნობით, დაკავებულებს ბრალი წაუყენეს პოლიციასთან დაპირისპირების, მიყენებული ზიანის, გაუფრთხილებლობის გამო. ჩამონათვალში არ გვხვდება ტრეფიკინგთან და სექსუალურ დანაშაულთან დაკავშირებული ბრალდებები.

ასევე, ტრეფიკინგის კონტექსტში, სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომ გვირაბით ჩაბადის შტაბ-ბინა საბავშვო მუზეუმს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო მუზეუმიხაბადის შტაბ-ბინის აღმოსავლეთით, კინგსტონის გამზირზე, 792 Eastern Parkway-ზე მდებარეობს. ხოლო საიდუმლო გვირაბი, არსებული ინფორმაციის ჩაბადის ოფისსა და სინაგოგას შორის იყო გაყვანილი.

ჯერჯერობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. გაურკვეველია, გვირაბის მშენებლობა რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ასევე, იმ ადამიანების ზუსტი ვინაობა, ვინც მის მშენებლობაზე იყო პასუხისმგებელი. თუმცა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცებები, რომლებიც როგორც ჩანს, ანტისემიტურ კონსპირაციებს ავითარებს, არ დასტურდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.